ტკბილად იძინე
წინ სიკვდილია, რომელიც არ გაგიჭირდება
და მანმადე იძინე ტბილად
გასაღვიძებლად მოვა არავინ
და გახსოვდეს, რომ
ის ლიფსიტა ხარ, რომლმაც ცურვა ვერ ისწავლა
და იხრჩობა
მუხლამდე წყალში.
რომ ძალიან ჰგავს აკვარიუმი სახლის ფანჯარას.
და რა ხანია აღარ იღება.
ისიც გახსოვდეს-
კილო მარილი, გყოფნის სამი თვე,
შაქარი კი ჰა, ჰა ერთ კვირას -
უფრო მეტად სიტკბო გჭირდება.
და
იძინე ტბილად
გასაღვიზებლად არავინ მოვა
ამ ცივ ზამთარში,
რომელიც ჰგავს მომაკვდავ დედას, და რომელიც კვდება და ვეღარც
და ბოლო დროს ეჭვი აიღო
რომ დაიღალე მოვლით და უკვე მის სიკვდილს ნატრობ.
და რა თქმა უნდა იძინე ტკბილად
ჩაიმატე სიზმარში ორი კოვზი შაქარი
დაიტკბე ძილი,
გაიშალე თმასავით ღამე
და სხეულით გადაეხვიე
ვინმემ რომ მოგსვას არ იფიქროს რომ მიწა გღლიდა
რომ მზე გწვავდა და წვიმები გიხშობდნენ სუნთქვას
რომ ქმრის მოვლამდე თითქოს ფიქრი გაგექცა სხვასთან
და წვნიანი გადაგიმლაშდა
რომ წყალი ასხი და გაწყალდა ოჯახიც ასე, როგორც ის კერძი
სიზმარ სიზმარ რომ გიმლაშდება დღემდე და დარდობ.
გადაიტანე ეს სამყარო,
გადაიტანე სხვა ადგილას
და თვალები გადაატარე საკუთარ სხეულს
და თუკი სახეს ვეღარ იცნობ,
ან მკლავები გესხვანაირა,
ჩამოჯექი ბავშვივით სკამზე
და ხელები წაიღე უკან.
და აკი ვამბობ,
იძინე ტკბილად
ვინაიდან შენ სიფხიზლით ვერაფერს შეცვლი
და მეეზოვე
უკანასკნელ შემოდგომასაც ცოცხით გახვეტავს
ხოლო თოვლი, რომელიც მოვა
ახალ ახალ ნაფეხურებს ამოიტვიფრავს
შენი სახლის კარებთან ახლოს,
და ასე რომ
იძინე ტკბილად, და თან გახსოვდეს
ეს ცხოვრება რომ გაგეწელა
როგორც დედის ავადმყოფობა,
და როგორ ნატრობ
რომ ზამთარი ამოიწუროს, ან მომაკვდავი დედა მოკვდეს, და გაგეღვიძოს.
და რა თქმა უნდა იძინე და იძინე ტკბილად,
უსათუოდ იძინე ტკბილად
მე შენს ზურგს უკან ვიწყებ ხეტიალს
გასაღვიძებლად მოვა არავინ,
გასაღვიძებლად არავინ მოვა
შენც საკუთარ თავს ნუ გააღვიძებ
იძინოს ტკბილად....

...