რა ხანია რაც გზას ვადგავართ
მგზავრობაში კიდეც გავზრდილვართ
კიდეც ვჭამეთ დაღლილობა
სინანულიც ვჭამეთ მუჭებით
ჩვენ მივდივართ მომავლისკენ
და სადაცაა მივადგეთ უნდა.
აქ გზა იცვლება
ხან მწვანდება, ხან ხრიოკდება
სეონურად წვიმდენა და თოვლიანდება
ჩვენ ვეჭვობთ, იქნებ წრეზე დავდივართ
აქ წუხანდელ ხეებს შეხვდები
თვეების წინ გადაფრენილ ჩიტებს თვალს მოკრავ,
როგორც ძველ სურათს
თითქოს ცას ამოუტივტივდა მეხსიერებიდან
აქ შარშანდელ სახლებს ჩაუვლი
რომლებიც ფიქრობენ მომავალზე
როგორც ჩიტები, როგორც ცა, როგორც ჩვენი ეჭვი
რომელიც მძაფრდება ყოველნაბიჯზე.
ჩვენ მივდივართ მომავლისკენ
და გზადაგზა
წარსულის ძველ ექსპონატებს ვათვალიერებთ
რომლებიც ფიქრობენ მომავალზე
რომლებიც გვამჩნევენ
გზას გვითმობენ
და გვატარებენ.
ჩვენ მივდივართ
და რაც უფრო ვუახლოვდებით
უფრო ვბერდებით
ნაბიჯს ვუჩქარებთ, იქნებ მივასწროთ...
მაგრამ ეჭვი იზრდება სწრაფად
და სარეველა ბალახივით გვეხვევა ტანზე
ჩვენ ვჩერდებით
ვტრიალდებით
და ვხედავთ უკან სიცარიელეს
ყველაფერი, რაც მოვიტოვეთ
წინ არის ისევ.
და ჩვნს ირგვლივ ყველაფერი იწყებს სიარულს
თვეების წინ გადაფრენილი ჩიტები ცაზე,
წუხანდელი ხეები და
შარშანდელი სახლებიც კი...
მიწა, ფეხებქვეშ
და ჩვენ ისევ.. ისევ ვართ გზაში
მაგრამ არ ვინძრევით.
ვდგავართ წუხანდელი ხეებივით
თვეების წინ გადაფრენილი ჩიტებივით ვტივტივებთ ცის ქვედაპირზე
და შარშანდელი სახლებივით
ვდგავართ, და ვფიქრობთ მომავალზე
რომელიც იმდენად ახლოს არის, როგორც მუდამ
და სადაცაა უნდა მივადგეთ....