მე და მამა, მა და მამიკო ^_^
სასტიკად არ ვგავართ ერთმანეთს. განსხვავებული ხასიათების ადამიანები ვართ, თუმცა ვერც დედასთან მსგავსებაზე ვერ დავდებ თავს... ორივეს ჩემზე უკეთესი ხასიათი აქვს, ორივე ჩემზე უფრო ნორმალური, დამთმობი, მსუბუქი და კეთილია.
მამას (სხვა ბევრ რაღაცასთან ერთად) აგიჟებს და არ ესმის რატომ მაქვს მობილური უხმოზე, ასჯერ უშედეგოდ თქმის შემდეგ, მიხვდა, რომ აზრი არა აქვს. ახლა, მხოლოდ ხანდახან, გაბრაზებულზე გაახსენდება ხოლმე და ბურტყუნებს, რაში ვიყენებ ამ აპარატს, საერთოდ რაში მჭირდება, მაინც არ მესმის როდის მირეკავს, მაშინ, როდესაც თვითონ იმხელა ხმაზე აქვს, რომ მკვდარსაც გააცოცხლებს
როცა მუშაობს ან ერთობა და რაღაცას ვწერ, სპეციალურად ვუგზავნი 2-4 გვერდიან მესიჯს, სადაც მთელი 2-4 გვერდი სიტყვა "მამის" ფორმებია ჩამოწერილი - მა, მა, მა, მამა, მამა, მამა, მამიკო, მამიკო, მამი, მამი, მამიკუნა, მამიკუნა და ა.შ. და ბოლოში ვაწერ რისი მიწერაც მინდა - როგორ ხარ? ან სახლში როდის იქნები ან რამის კითხვა თუ მინდა რომ მახსენდება, როგორი დალხენილი, ლაღი და სულსწრაფია, მართობს იმის წარმოდგენა ამ სამ გვერდს როგორ ჩაივლის, რომ ბოლოში მიწერილი ორი სიტყვა წაიკითხოს, თან, ვიცი, რომ აფხიზლებს და მერე უფრო შემართებით მუშაობს ან ერთობა
მე და მამა არ ვჩხუბობთ, სერიოზულად არასდროს არ გვიჩხუბია, არასდროს არ ვძაბავთ, იმიტომ, რომ არც ერთს არ გვიღირს

ამაში მისი ხასიათი გვეხმარება ძალიან... მე რომ მგავდეს, ასე მსუბუქად ვერ მოვაგვარებდით. მგონი, ის უფრო ერიდება ჩემთან სერიოზულ ჩხუბს, რადგან იცის, რომ ისევ თვითონ მოუწევს შესარიგებლად მოსვლა, თან მას მსუბუქი ხასიათიდან გამომდინარე შეუძლია გალაითება, სხვა რაღაცაზე გადატანა, მალევე დავიწყება, მე-არა! : ))) ალბათ, მე უფრო მკაცრი და მძიმე ვარ, შემიძლია პირდაპირობაც, უხეშობაც და თუ ვიწყებ, უკან დახევა არ ვიცი, ამიტომ მთელი მისი გულმავიწყობის და ოპტიმიზმის მიუხედავად, ამ ფაქტს სწორად ხარშავს და ძალიან გონივრულად იქცევა

(მას არ შეუძია დაძაბული სიტუაცია)
როგორი მამა მყავს?! - როგორი და ბავშვობიდან ყოველთვის მამა რომ მეკერა პირზე - იქ ვინ წაგიყვანა? - მამამ, ეს ვინ გიყიდა? - მამამ! მამა, მამა, მამა, სულ ყველაფერზე მამა! როგორია და ძალიან გულიანია, ძალიან კეთილია, პიროვნულად ძალიან სუფთა და გულწრფელია, ალბათ აურის დონეზეც ჩემზე გაცილებით უფრო მსუბუქი და დადებითია, მხიარულია, ლაღია, რბილი და მსუბუქი ხასიათი აქვს, გულმავიწყია, ჩემზე უფრო "მიმტევებელია", მართალია, ბევრი უარყოფითი აქვს, ისეთ ხასიათებთან ერთაც, რაც მე არ მაქვს და არ მომწონს, შეიძლება ჩემთვის ზედმეტად ლაღი და მსუბუქია, ზედმეტად დაუფიქრებელი, ზედმეტად ოპტიმისტი, მაგრამ ძალიან უყვარს შვილები და ჩემს ხასიათში რომ ჯდებოდეს, რომ შემეძლოს რაზეც არ უნდა მივიდე, რაც არ უნდა ვთხოვო, მაინც, შეუძლებელს შეძლებს და გააკეთებს... როგორ გააკეთებს, მერე რა დღეში ჩავარდება და ეს ყველაფერი საბოლოოდ ჩემი სანერვიულო რომ გახდება - ეს ცალკე თემაა,

მაგრამ წამით არ იყოყმანებს, არსდროს არ ინანებს და არასდორს არ დაგაყვედრის.
მეგობრობით დედასთან უფრო ვმეგობრობ, თუმცა მამა არ არის ის ტიპი, რომ ვერ მიხვიდე, რაღაც ვერ მოუყვე და ვერ დაელაპარაკო, პირიქით, თვითონ უფრო მონდომებულია, რომ ველაპარაკო ხოლმე და მგონი ცოტა გულნატკენიც, ერთი-ორჯერ საყვედური წაიბუტბუტა, რომ არაფერს არ ვუყვები (დედასგან განსხვავებით) ეს გულისტკენა ჯერ არ მომიგვარებია. ნადირობა და თევზაობა რომ მიყვარდეს, სიამოვნებით ივლიდა ჩემთან ერთად, არ გაუმართლა. თუმცა, შემიძლია ნამცხვარი გამოვაცხო და მას მოვართვევინო

ძალიან უყვარს ბავშვები და ორივეს გვიყვარს ცხოველები. ძალიან უხაროდა, როცა მე-8 კლასში ხაზვა დაგვეწყო და დაინახა, რომ გამომივიდა, რომ არ მიჭირდა ძმისგან განსხვავებით. თუმცა, მე ლიტერატურის და ხელოვნების მოყვარული ვარ, ამიტომ პროფესიის თვალსაზრისით დავშორდით ერთმანეთს, მაგრამ არასდროს არ ჩარეულა, არასდროს არ გამოუხატავს წყენა ან გულდაწყვეტა. შეუძლია სიამაყის და სიხარულის გამოხატვა, თავისებურად, მაგრამ ჩემთვის სრულიად გასაგებად და საკმარისად

თბილია და რბილია, წამოუვლის ხოლმე, ხანდახან იცის უაზროდ გაჭედვა, მაგრამ პერიოდულად ყველა მშობელი ჭედავს
მადლიერებას და პატივისცემას მხოლოდ იმიტომ ვერასდროს ვერ ვგრძნობ, რომ მოგვავლინეს და სიცოცხლე გვაჩუქეს, საუკუნეებია, რაც ასე მრავლდება ადამიანთა მოდგმა... ჩემთვის მთავარია ბავშვის დაბადების შემდეგ რა ხდება ... 1) თავისთავად როგორი პიროვნებაა მშობელი და 2) როგორია ის შვილისთვის. წინა თაობისგან განსხვავებით, არ მაქვს რობოტული ურთიერთობა, მშობლის სიტყვა კანონია და რადგან მშობელმა თქვა უეჭველი ჭეშმარიტებაა! არ მახასიათებს უხმო მორჩილება, თუმცა ჩემი მშობლები ასეთი შვილები იყვნენ, მაგრამ ჩემთან ისეთივე მიდგომა არ მუშაობს, ამიტომ ვერ და არ მოითხოვენ. მე ვკამათობ, ჩემებურად ვაკეთებ, ბევრს ვატარებ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პატივს არ ვცემ ან არ მიყვარს!
გოგოები მამრობით სქესთან ურთიერთობას, განსხვავებული სქესის გაცნობას მამის და ძმის სახით იწყებენ, ეს ის ორი მამაკაცია, რომელსაც საუკეთესოდ ვიცნობთ და ვიწყებთ რაღაცეების განსაზღვრას, შედარებას და საკუთარი თავისთვის დასკვნების გამოტანას. მამა ჩემთვის არ არის არც გმირი, არც ღმერთი, არც საუკეთესო და მისბაძი მაგალითი და, რაც მთავარია, მამა არ არის ჩემთვის მამაკაცის ეტალონი, არასდროს არ ვეძებ მამის მსგავს მამაკაცს, რადგან, პირიქით, რადიკალურად განსხვავებული ხასიათის მამაკაცები მომწონს, სრულიად განსხვავებული თვისებების მქონე მამაკაცია ჩემთვის სასურველი და მიმზიდველი

რატომ? იმიტომ, რომ მამაც ჩვეულებრივია, ხორციელი ადამიანია. მისი ყველა ნაკლი მესმის, ყველა შეცდომა ვიცი, ვაანალიზებ, ხანდახან ვბრაზობ მასზე, ხანდახან მკაცრად ვაფასებ, ხანდახან ნერვებს ვუშლით ერთმანეთს, თუმცა ვცდილობთ, რომ ზედმეტად არ დავღალოთ და არ შევაწუხოთ, რადგან უხმო შეთანხმება გვაქვს, რომელსაც (ალბათ) საკუთარი პიროვნებების და ხასიათების გააზრებით მივაღწიეთ. საღად ვმსჯელობ მასზე და ობიექტურად ვუყურებ, მაგრამ ვიცი რომ ძალიან ვუყვარვარ, არ ვიცი რამდენად მოვწონვარ, რამდენად კომფორტული შვილი ვარ, მაგრამ, ვიცი რომ ვუყვარხარ, მეც ძალიან მიყვარს და იმიტომ არა, რომ ჩემს დაბადებაში და გამოზრდაში წვლილი მიუძღვის, არა! მიყვარს იმიტომ, რომ მას ვუყვარვარ ასე ძალიან, იმიტომ, რომ ასეთი გულიანი მამაა და ასეთი კეთილია. პიროვნულად მიყვარს, რაც ჩემთვის გაცილებით მეტია, ვიდრე მშობლის ტრაციდიული პატივისცემა.
ყველა ურთიერთობას აქვს ნაკლი, შეცდომა და გულისტკენა, რაც უფრო ძვირფასია ადამიანი, მისგან მცირედიც და სულ უმნიშვნელოც გაასმაგებულად გტკივა და მოუშორებლად გეწებება გულზე, სადღაც რაღაც ნაწილს სულ რომ ახსოვს... საერთოდ, საყვარელი ადამიანებისგან გულისტკენა წურბელას ჰგავს, მაგრამ იმ მცირედის ამოლაგებას და საჯაროდ განხილვას არ იმსახურებს, რადგან, მაინც იმ მცირედზე უკეთესია!
" ყოველთვის მოიპოვება შირმა,რომელსაც შეიძლება ამოეფაროს ადამიანი"...
/ე.მ.რემარკი/