გაუშლელი ფლირტი
ყოველ საღამოს და ყოველ ნიავს
მოჰყვება სევდა შენი სიშორის,
შენ აუხდენი ოცნება გქვია,
როგორც ამ ვარსკვლავს ჩემს და ცას შორის.
ეს რამოდენა სულში დამღაა,
შენი თვალები დამრჩა თვალებში,
და ნაცრისფერმა თოვამ დამღალა
განაწვალები და განალეში.
შენ ხარ სურვილი მზით რომ ცხარდება,
სურვილი, რასაც ვერსად გავამხელ
და სიზმარი ხარ, რის აცხადებაც
ძილში ჩემივე ხელით დავამხე.
მე სიყვარული ვინ გამიმართლოს!
სილაღე ჩემი გულში დაჭრილა
და ახლა შენი არყოფნა მართობს
და თოვა, ზეცა რომ ააჭრელა.
მარტოს მადნება ფიფქი ბაგეზე
და ვერანაირს გთავაზობ თამაშს,
რადგან შენა ხარ ისე ფაქიზი,
რომ ბოროტებას დაარქმევ ამას.
და მაინც მინდა მოგექცე მკაცრად
და აჭრელებულ ცად წაგყვე მინდა,
რადგან ისეთი სურვილი მკაწრავს,
რომ მადენინებს სისხლს ძარღვებიდან.
და ჩემს სულს შენში ნამოგზაურევს
თუ გარიყავენ შენი მშვილდები,
დაგწვავ, ჩემს სისხლში შენს ფერფლს ავურევ,
პეშვებით შევსვამ და დავმშვიდდები!
This post has been edited by Barklai on 23 Apr 2010, 01:35