რატომ უნდა გინდოდეს სიცოცხლე...
დავუშვათ არ გინდა სიცოცხლე, რჩება არსიცოცხლე, ესე იგი სიკვდილი.
რადგან შენი მდგომარეობა საკვანძოდ შეიცვალა ამ დამტვრევის შედეგად, გავყოთ ორ ნაწილად შენი სიცოცხლე და რამდენიმე კითხვით დავაზუსტებ გულში რა გედო, როცა ამის დაწერა მოინდომე და გადაწყვიტე. (ბოლომდე ამას ვერ ჩავწვდებით, მაგრამ რაც მეტს დაგვანახებ, მიზანს ნაკლებად ავცდებით)
აქ ზოგმა გამოჯანმრთელების შესაძლებლობა ახსენა, ზოგმა ხელობის (პროფესიის, ანუ) დაუფლება, ზოგმა აზროვნების განვითარებისკენ მიგითითა (შემეცნებით, წერით, ინფორმაციის მოგროვებით), ზოგმაც თრიაქის შთაბეჭდილებების გამოხატვა.
ამ კუთხით, მთავარია, შენ რა გინდა, რას მიიჩნევ მნიშვნელოვნად და რას - ნაკლებ მნიშვნელოვნად.
შენი სიცოცხლის საწყისი ნაწილი, როცა არ ფიქრობდი, რომ შენი შესაძლებლობები (ფიზიკური) შეიზღუდებოდა, რას აკეთებდი ისეთს, რაც მნიშვნელოვნად მიგაჩნდა, რას ფიქრობდი, რომ ჯერ მზად არ იყავი და იმის გასაკეთებლად (შესაძლებად) რაღაც ახალი, რაღაც მეტი გჭირდებოდა (ძალა, რწმენა, საშუალებები, სხვა რამე).
შენი სიცოცხლის მეორე ნაწილი, როცა (ფიზიკური) შესაძლებლობების ნაწილი დაკარგე (აღდგენის რა იმედი არსებობს, ეგ არავინ იცის, მით უმეტეს, შენზეა დამოკიდებული, შენი რწმენით, შენი გონებით რასაც შეძლებ, ვერავინ იმდენს ვერ შეგაძლებინებს შენი რწმენისა და გონების გარეშე) რით შეიცვალა, გარდა იმისა, რომ ცხოვრება შენს თვალწინ გაუფერულდა და მისგან სიამოვნების მიღების გზა გაცილებით ნაკლები დარჩა (სიამოვნებას ყველა თავისებურად იღებს). ცვლილებაში რა იყო მთავარი შენთვის?
და საერთოდ, რა არის მთავარი?
პასუხი: პასუხი არ არსებობს, პასუხი ყველამ თავისით უნდა იპოვოს და ამ პასუხში აუცილებლად რწმენა ურევია, რადგან თუ არ დავიჯერებთ, ყველაფერი დაუჯერებლად მოგვეჩვენება და მომავალი, მასთან ერთად სიკვდილიც და მის შემდეგ რაც შესაძლოა იყოს, რწმენის საკითხია, დანამდვილებით ამას აქ (დედამიწაზე ვერავინ გეტყვის).
ჩემი აზრით ადამიანმა თავი უნდა შეიცნოს, ეცადოს მაინც. ინფორმაციის გადამუშავება შეგიძლია, რაკი საუბრობ, წერ, კითხვები გიჩნდება, ზოგ შემობრუნებულ კითხვას პასუხობ, ამიტომ მგონია, რომ შენს გონს არაფერი დაკლებია (არსებითი, ყოველშემთხვევაში).
ადამიანი ბევრი შესაძლებლობით როცა ვერაფერს აკეთებს სახეიროს ის უფრო ცუდად ჩანს, ვიდრე ვისაც "ბევრი კი არ შეუძლია", მაგრამ მონდომებით აღწევს საწადელს. ეს რაოდენობრივი შეფასების მხრივ სწორია. შესაძლებლობების ფარდობა მის გამოყენებულ ნაწილთან დიდია და გაფლანგული ცოტა რჩება და დასანანი, რომ ცოტაა ეს კარგია.
შენს შემთხვევაში, შენ რას ვერ აკეთებ ისეთს (მე ამ კითხვას იმიტომ არ ვსვამ, რომ ერთი "მაგალითი" მოიყვანო, არამედ იპოვო შენთვის უფრო მნიშვნელოვანი ან უკეთეს შემთხვევაში, მთავარი რა არის), რასაც გააკეთებდი, რომ აღგიდგეს შესაძლებლობები? რა მნიშვნელობას ანიჭებ შენ იმ შესაძლებლობების გამო ჩახერგილ გზებს?
ცხოვრება სიამოვნების და ტანჯვის სასწორია? ცხოვრება გამოცდაა? ცხოვრება შემთხვევით გვეღირსა თუ მისია გვაქვს ადამიანებს?
რას ფიქრობ, რა არის ცხოვრება, რა არის არ ცხოვრება შენთვის? სიკეთე უნდა თესო, სახელი უნდა მოიხვეჭო, უნდა იომო, ჩუმად იჯდე შენთვის, გამოქვებულში ილოცო განდეგილმა, ივაჭრო და დაიგროვო ქონება, იკითხო და დაიგროვო ცოდნა, იქადაგო და სხვებს ასწავლო? კითხვები დასვა ოხრად (ჩემსავით

) თუ პასუხები ეძებო? ჟლიტო თუ შეაკვდე? მოელაპარაკო თუ ლეწო? ელოდო თუ ალოდინო?
ერთი რაც მეტ-ნაკლებად ვიცით, რომ ასე ხდება ხოლმე, ჯერ ცოცხლობ, მერე კვდები. რომ არ კვდებოდე, ისევე არ იცოცხლებდი როგორც ახლა ცოცხლობ. სიცოცხლეში მოსწრების შეგრძნება რომ არ ქონდეს ადამიანს, ნაკლებს იმოქმედებდა. შეიძლება არსებობენ ადამიანები, ვინც პირიქით მოიქცეოდა, ალბათ ისეთები, ვისაც პირზე აკერია "მაინც ვერ მოვასწრებ და რა აზრი აქვს", "ვაი მე ეგ არ შემიძლია" და მსგავსნი...
დააფასე ის, რაც ახლაც შეგიძლია და გამოიყენე. მტკივნეულობას, სიბრალულს და მსგავს რამეებს შეგნებულად არ შევეხე, თორემ მანდ კიდევ ბევრი კითხვა დაიყრებოდა, ვინ უფრო ცოდოა, რით ვაფასებთ და რას ვაფასებთ, რომ ვაფასებთ...
შენ დააფასე რაც ახლა შეგიძლია. შეიძლება სასწორზე დასადებად არ გამოდგეს, მაგრამ შენი დანაკარგის ერთი სამაგიერო, დადებითი მხარე არის ის, რომ ახლა შენს განკარგულებაში მყოფ მთავარ შესაძლებლობაზე მეტად შეძლებ ყურადღების გამახვილებას, თუ შეძლებ გაცილებით მეტს მიაღწევ, თან ამის მიზეზები ფიზიოლოგიაშიც დევს, მაგალითად გამოდგება ბრმა მუსიკოსები, ვისაც უკეთესი შეგრძნება აქვს მუსიკის ტვინის უფრო მეტი ნაწილის გამოყენების დახმარებით (არ ვამბობ, რომ მარტო ეს განაპირობებს, ვამბობ, რომ ხელს უწყობს).
ერთიცაა, ადამიანს თავისი სიძნელე სხვანაირად სტკივა და სხვისი ნათქვამი და შეფასებული ყოველთვის მრუდეა, ყველაფრის გათვალისწინება შეუგრძნებლად და განუცდელად შეუძლებელია (და მათითაც არაა ადვილი), ამიტომ შენ რაც გულზე მოგხვდა შეკითხვაც და პასუხიც გადახარშე და შენ თავს დაუსვი შეკითხვები და გაეცი პასუხები (აქ დაწერ თუ არა ცალკე საკითხია, მეტად თუ ნაკლებად მნიშვნელოვანი შენთვის ეგ არ ვიცი)
ვის რად უნდა სიცოცხლე, ეგ კითხვა ბევრს რომ დაუსვა, ვერ გიპასუხებს თითქმის ვერცერთი, ცოტა მეტად ვისაც აქვს ნაფიქრი გაჩუმდება, ვისაც მეტი აქვს ნაფიქრი შეიძლება თავისი აზრი კარგად ჩამოგიყალიბოს და ვისაც არა აქვს ნაფიქრი, იბოდიალებს რაღაცას და მორჩება ასე...
იმაზეც იფიქრე, შენი შესაძლებლობების დაბრუნებისთვის ბრძოლაში დახარჯული ან დასახარჯი ძალებით სხვა რისი გაკეთება შეიძლება და ის არის თუ არა უფრო მნიშვნელოვანი ან იქნებ მთავარიც...
"სახსალამათი" კი არა მგონი "საღსალამათი" არის სწორი და საღსალამათი უმოქმედოდ მოკვდეს (ლუარსაბივით) იმაში რა აზრს ხედავ უკეთესს, დანაკლისით რამე შეიძლო და პიდაპირი მნიშვნელობით "აგურს აგურზე თუ ვერ დადებ" ვიღაცას ასწავლო და დაანახო, როგორ შეიძლება საღსალამათმა ცოტა "დაიკლოს" და ამითი აგურიც დადოს აგურზე და იმათზე კიდევ ზემოდან არაერთი დააყოლოს...
მთავარია შენ რა გინდა!
ჭკვიანი ადამიანები არსებობდნენ (სასულიერონიც და საერონიც) და დაწერეს თავიანთი ნააზრევი, რომ სხეული როცა აღარ დარჩებოდა, ამის გამო ნააზრევი მიწად არ ქცეულიყო. ეძებე იმათ ნააზრევშიც. იმათი ნააზრევი დიდი ხნის ნაგროვები განძია.
----------------------------------------------------------------
კაცად მაშინ ხარ საქები თუ ეს წესი წესად დარგე
და ყოველდღე შენს თავს ჰკითხე, აბა მე დღეს ვის რა ვარგე.
-----------------------------------------------------------------[ ილია ]
შეგეწიოს უფალი!