medhelp
Super Member

   
ჯგუფი: Registered
წერილები: 285
წევრი No.: 94197
რეგისტრ.: 22-June 09
|
#28211268 · 7 Nov 2011, 22:52 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ერთი ძალიან უცნაური ფენომენი შევნიშნე, რომელიც ასევე ძალიან საინტერესოა ფსიქოლოგიური კუთხით და ჩემთვის მარტივად გასაგებიც. ეს ფენომენი გამოიხატება შემდეგში - ადამიანებისთვის ავტორიტეტულად არ მიიჩნევა ინფორმაცია, რომელიც უფასოდ მიიღეს და პირიქით, მაშინვე სწამთ იმის, რაშიც ფული გადაიხადეს ან უფრო ძვირი ღირდა, თუნდაც უფასო ინფორმაცია ბევრად ზუსტი და სწორი იყოს, ვიდრე ფასიანი. ყოველ შემთხვევაში ამ თემაში ამის ნიშნები არსებობს რეალურად და რომელიმე კონკრეტული შემთხვევა არ მაქვს მხედველობაში. ამ თემის დაწყების დღიდან დღემდე ბევრი თქვენგანი ძალიან სკეპტიკურად უყურებს იმას რასაც მე გთავაზობთ და ბევრად უფრო ეყრდნობა იმას, რაც ფსიქოლოგისაგან ან ნევროპათოლოგისაგან მიიღეს, მითუმეტეს თუ ამაში თანხა გადაიხადეს.
ქართული ინფორმაციული სივრცე შფოთვით აშლილობებთან დაკავშირებით საკმაოდ ტენდენციური და შეზღუდულია. არ ვიცი რას დავაბრალო, საბჭოთა კავშირის თუ დამოუკიდებელი (?) საქართველოს განათლების სისტემას თუ არაპროფესიონალურ მიდგომას. ერთი რამ ცხადია, რომ უმრავლესობა აწვება წამლებს.
აი როგორ გამოიყურება ქართული რეალობა: ერთ მშვენიერ დღეს, როდესაც არც კი მოელოდები რაიმე ცუდს, შეიგრძნობ რაღაც ისეთს, რაც მიგაჩნია, რომ კატასტროფულია, გგონია სასიკვდილო გჭირს რაღაც, ეს შეგრძნება აღწევს პიკს უახლოეს წამებში ან წუთებში და დარწმუნებული ხარ რომ კვდები ან გიჟდები. მაგრამ ეპიზოდი რჩება და იმის ნაცვლად რომ დაწყნარდეთ იწყებთ ეჭვების კასკადს, როდესაც თავში გიტრიალებთ უამრავი შესაძლებლობა თუ რომელი კატასტროფული დაავადება შეიძლება გჭირდეთ. ასეთი დაბნეულობით მიდიხართ ექიმთან, რომელიც (თუ გაგიმართლათ) რიგი ტესტების ჩატარების შემდეგ გეუბნებათ, რომ ყველაფერი ნერვების ბრალია და გინიშნავთ დამამშვიდებლებს, სავარაუდოდ ბენზოდიაზეპინების ჯგუფიდან - ქსანაქსს ან ვალიუმს (ნუ აქ ბევრის ჩამოთვლა შეიძლება, უბრალოდ ეს ორი ყველაზე პოპულარულია). ექიმი ასევე გეუბნებათ, რომ "თავი ხელში უნდა აიყვანო", რადგან არაფერი ორგანული არ გჭირს. თუ ეს ექიმი ნევროპათოლოგია, მაშინ იგი შედარებით "ბევრად" ინფორმატიულია და გეუბნებათ, რომ თქვენ თავის ტვინში გაქვთ რაღაც თქვენთვის მანამდე გაუგონარი ნივთიერების დისბალანსი და რომ მის გამოსასწორებლად დამამშვიდებლებთან ერთად გჭირდებათ დამატებით კიდევ ანტიდეპრესანტიც - სავარაუდოდ ესენია ზოლოფტი, პაქსილი, პროზაკი და ა.შ. ხო და კიდევ... ნევროპათოლოგიც არ იშურებს და ისიც გეუბნებათ, რომ "თავი ხელში უნდა აიყვანოთ". ეს რომ ასე უნდა მოიქცეს სადმე კი არ წერია, უბრალოდ რომ კითხოთ რატომ იქცევი ასეო, გიპასუხებს "ჩვენ სულ ასე ვაკეთებთო". სასაცილო იქნებოდა სატირალი რომ არ იყოს, თორემ წარმოდგენა არ აქვთ რატომ უნდა დაგინიშნონ წამალი და ვერც ექნებათ ამის წარმოდგენა, რადგან ჯერ-ჯერობით არავის აღმოუჩენია ყველაფერ ამის ზუსტი ქიმიური მიზეზი ან წამლების ზუსტი მოქმედების მექანიზმი. უბრალოდ რადგან გაიდლაინი ეუბნება მას, რომ ასე უნდა მოიქცეს, ამიტომაც იქცევა ასე. გაიდლაინის იქით მას ეს არ აინტერესებს და მე ეს კარგად მესმის რატომაც - ა) ეს პრობლემა მას არ აწუხებს; და ბ) კონკურენცია დაბალია მათ შორის და პაციენტების სიმცირეს არ უჩივის ჯერ-ჯერობით იმიტომ, რომ უმრავლესობა სწორედ მისნაირად ან უფრო არაადეკვატურად იქცევა.
ვინ უნდა მოგვაწოდოს ინფორმაცია ამის შესახებ? პირველ რიგში, ისევ ქართული რეალობის ნაკლოვანებას შევეხები - ყველა ყველაფერს საკუთარ თავზე იღებს, უმრავლესობა ე.წ. "ვსეზნაიკაა". არ არის ეს ექიმის საქმე, მათ შორის ნევროპათოლოგის. შფოთვითი აშლილობის დროს ჩვენ რაიმე ფიზიკურთან საქმე არ გვაქვს. ამდენად, ინფორმაცია უნდა მოგვაწოდოს ფსიქოლოგმა. მაგრამ ფსიქოლოგობა არ ნიშნავს ჰუმანიტარულ დახმარებას, არამედ უმრავლესობისთვის ის შემოსავლის წყაროა. ანუ მოდით შევთანხმდეთ, რომ ფსიქოლოგი მოქმედებს არა იმიტომ, რომ ეცოდება ადამიანი, არამედ იმიტომ, რომ მიიღოს ამით საარსებო წყარო. ამაში არის მცირე ინტერესთა კონფლიქტი, რის გამოც ფსიქოლოგი არ არის დაინტერესებული რომ გაგიხსნას მთელი კარტები ერთ სეანსში და გაგარკვიოს ყველაფერში, პირიქით, მის ინტერესში შედის, რომ რაც შეიძლება ბევრჯერ მოგიწიოს მასთან მისვლა, შესაბამისად არცერთი პროფესიონალი არ გადაგიშლის გულს პირველივე შესაძლებლობისას, რადგან ამაში დევს დიდი მატერიალური ინტერესები. თუმცა გარდა ამ ფაქტორისა უფრო მეტად აღსანიშნავია მეორე ფაქტორიც - რეალური არცოდნა. თუნდაც რომ ძალიან გულკეთილ ფსიქოლოგს შეხვდეთ საქართველოში, რომელსაც მოუნდებოდა რომ პირველივე სეანზე ყველაფერში გაერკვიეთ, ძალიან დიდია იმის ალბათობა, რომ იგი ამას ვერ მოახერხებდა, რადგან მან უბრალოდ არ იცის მოკლე გზა. უმრავლესობა ფსიქოლოგებისა აწვება მოძველებულ ფსიქოანალიზს, რომელსაც პაციენტთან წლების მუშაობა სჭირდება, თუმცა შედეგი ნაკლებად მოაქვს. დასაბრალებელი კი ბევრი აქვს ფსიქოლოგს - "რაღაცას არ ასრულებ ზუსტად" ან "ბოლომდე არ იხსნები" ან რაიმე ამგვარი ზოგადი ფრაზა.
ყველაფერ ამის ფონზე გაიდლაინში წერია უამრავი სისულელე, რაც გადმოწერილია აშშ-ს ფსიქიატრთა და ფსიქოლოგთა ასოციაციის მიერ შემუშავებული წესებიდან, რომელიც აშკარად წამლის მწარმოებელი კომპანიების ზემოქმედების ქვეშ არის. სად არის ინფორმაცია?
ინფორმაცია რეალურად არსებობს. მთავარია მონდომება. თუნდაც გუგლში რომ აკრიფოთ ქართულად "პანიკური აშლილობა", განახებთ ამ თემას, ასევე კიდევ რამდენიმე საიტს, სადაც ჩემი ყოველგვარი ნებართვის გარეშე ზუსტადაა კოპირებული ჩემი პირველი პოსტი ამ თემაში, თანაც ისე, რომ ავტორობა სხვა ადამიანს აქვს მითვისებული. მე არ მაქვს არანაირი პრობლემა, ვისაც სურს შეუძლია საერთოდ შეკრიბოს ჩემს მიერ გამოყენებული მასალა და წიგნი გამოუშვას. რაც მეტი ინფორმაცია იქნება და მეტი მატარებელი, მით უფრო კარგია ყველასთვის. მე არაერთხელ ვთქვი და ეხლაც ვიტყვი, რომ ჩემთვის ეს სფერო ბიზნესი არ არის და ყველაფერი რაც მე ვიცოდი ამის გარშემო დავწერე ჩემს პოსტებში. ბევრი რამ წაკითხული მაქვს სწორედ ინგლისურად, უფრო ზუსტად, უმრავლესობა ჩემი განათლებისა ამ სფეროში ინგლისურენოვანია. მე გადაკითხული მაქვს უამრავი მეთოდი, მათ შორის ყველაზე პოპულარულები. ასევე წაკითხული მაქვს უამრავი ადამიანის პირადი გამოცდილება ინგლისურენოვან ფორუმებზე. სწორედ ესაა ინფორმაციის შეუფასებელი წყარო. ყველაზე ძვირფას ინფორმაციას სწორედ აქედან მიიღებ - ხალხისაგან, ვინც ეს გაიარა რეალურად. თავდაპირველად აღმოვაჩინე, რომ ყველა კლინიკური კვლევა და სტატისტიკური ანალიზი მიუთითებდა იმას, რომ კოგნიტურ-ქცევითი თერაპია ყველაზე ეფექტური იყო შფოთვის წინააღმდეგ. შემდეგ გადავიკითხე კოგნიტურ-ქცევით თეორიაში ნაშრომები, რომელთაგან აღსანიშნავია ბექისა, ბარლოუს და ელისის აზრები. ყველაფერი თავის ადგილა დადგა, მაშინვე გავაანალიზე, თუ რა ხდებოდა ჩემს თავს. ეს იყო ყველაზე სწორი და რაციონალური ახსნა იმისა, თუ რატომ გვემართება ის, რაც გვემართება. მინდოდა ეს ყველაფერი მაშინვე ვინმესთვის გამეზიარებინა, სწორედ ამიტომ გავხსენი ამ თემის პირველი ნაწილი და დავიწყე წერა. ძალიან დიდი სიამაყის შეგრძნება იყო, როდესაც პირველ ადამიანს დავეხმარე და რეალურად მიაღწია სიმშვიდეს.
ვიცი რა ძნელია დაიჯერო, რომ ამ ყველაფერს ასეთი მარტივი ახსნა აქვს, ვიცი რასაც ფიქრობთ და შეიგრძნობთ, ეჭვები სწორედ რომ შფოთვის სიმპტომებია, მაგრამ რაც უფრო ადრე დაიწყებთ იმის გაანალიზებას და დაჯერებას, რაც მე დავწერე, მით უფრო მალე მოიპოვებთ შვებას. ინფორმაცია, რაც კი არსებობდა, ყველაფერი შევკრიბე, ვთარგმნე და ამ თემის ორივე ნაწილში დავწერე. ეს ინფორმაცია სრულიად საკმარისია, რომ გადალახო ეს მდგომარეობა. მეტი სხვა გამოსავალი არ არსებობს. ვერანაირი წამალი ვერ დაგაძლევინებს შიშის, არამედ მხოლოდ შიშის თვალებში ჩახედვით და არგაქცევითაა შესაძლებელი იმის სწავლა, რომ საშიში არაფერია.
მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი და მნიშვნელოვანი ინფორმაცია დავდე, რომელიც ყველაფერს ზუსტად ხსნის, აქ ხშირად მაინც ისეთ კითხვებს სვამენ, რაც მაფიქრებინებს იმას, რომ არ კითხულობენ ჩემს ნაწერს. ზოგმა ალბათ არც იცის, რომ ამ თემას გააჩნია პირველი ნაწილიც, სადაც ჩემი ინფორმაციული პოსტების დიდი ნაწილია განთავსებული. მოიძიეთ და წაიკითხეთ. ვფიქრობ ბევრი შეკითხვა არ უნდა გაგიჩნდეთ. აქ, ამ თემაში უკვე ბევრმა ადამიანმა "შეირგო" ეს ინფორმაცია. ბევრი ჯერ კიდევ სკეპტიკურად უყურებს, ალბათ იმიტომ, რომ უფასოა, თუ იმიტომ რომ თეთრწვერიანი და სათვალიანი ფსიქიატრი არ ვარ? ჩემი გამოგონება აქ არაფერია, მე მხოლოდ მსოფლიოში გავრცელებული ინფორმაცია შევაგროვე, შევაჯამე, ვთარგმნე და დავდე. არამგონია ვინმე გამოვიდეს ხვალ ტელევიზორში და დაწვრილებით ახსნას ეს ყველაფერი. ამიტომაც, ინფორმაცია რეალურად აქ არსებობს, მთავარია მისი გამოყენება.
|