Sappho
Immigration Consultantions

    
ჯგუფი: Registered
წერილები: 1144
წევრი No.: 84383
რეგისტრ.: 11-February 09
|
#34302836 · 13 Dec 2012, 06:34 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ყველაზე ძალიან მენატრება ბავშვობა წარსული და ჩემი თავი..
და მერე ის ./// მე მასში.. თავისუფლება
ქალი ასეთია ჩემი მონატრება ----------------- ვიცი, რომ სიკვდილი შენი თვალებით შემომხედავს, როცა მოვა, და შენი მორიდებული, ლამის დარცხვენილი სახით გამიღიმებს და მეც ისე გავყვები, როგორც შენ მოგყვებოდი და არც მაინტერესებდა, საით წამიძღვებოდი: შენთან ერთად გადადგმული ყოველი ნაბიჯი ახალი, უცნობი სივრცეების გაკვალვა იყო. მაგრამ იმ დღეს, შენი პასუხი როცა მივიღე, მაშინ სიკვდილზე არ მიფიქრია. პირიქით, მე სიცოცხლეზე ვფიქრობდი. ვფიქრობდი, რომ ცოცხალი ვარ, გამომწყვდეული საკუთარ სიცოცხლეში, საიდანაც ვერსად ვერ გავიქცევი. ყოველი დღე ისე უნდა მოვიხადო, როგორც პატიმარმა, რომლმაც იცის, რომ მისი სასჯელი შეწყალებას არ ექვემდებარება, ამნისტია მასზე არ ვრცელდება.
ერთადერთი, რაც მაშინ გამახსენდა, რაც მაშინ მომინდა, არყოფნა იყო. მე არ მინდოდა, რომ ვყოფილიყავი - არც ცოცხალი, არც მკვდარი - მხოლოდ არყოფნა, არდაბადებულობა, არარად ყოფნა იყო, რასაც ვნატრობდი. რომ არ ვარსებულიყავი, მაშინ ხომ არც შენ მეტყოდი, რომ არაფერი ჩემთვის სათქმელი არა გაქვს, რომ მე და შენ... შენ ჩემს დაბადებამდე გაჩნდი, დამხვდი, როგორც ტკივილი, რომელიც მე უნდა განმეცადა. მე დავიბადე, რათა მასში განვსხეულებულიყავი.
მე დავიბადე, მაგრამ სხეული არ მქონდა, უფორმო მასა ვიყავი, გარსის გარეშე, სანამ შენ არ შეგხვდებოდი. შენ ჩამაცვი ჩემი საკუთარი სხეული და ტკივილიც თან ჩააყოლე და როცა მტკივა, ვიცი, რომ ტკივილი შენი თითების ანაბეჭდია, რომელიც მუდამ ჩემი სხეულით უნდა ვატარო. მე მხოლოდ სიტყვებად ვარსებობდი და შენ ერთი ნახვით განმასხეულე.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
სიტყვა ხორცად უნდა ქცეულიყო, მაგრამ არ აცალეს და დაბადებამდე მოიცილეს. აბორტი არნასურვებობის ტკივილია, რომელიც უსიცოცხლოდ გბადებს და მთელი ცხოვრების მანძილზე თან დაგყვება, შენი გაცოცხლება რომ არ დაუშვას.
ნუთუ მართლა გჯერა, რომ ვიღაცის განაყოფიერებული უჯრედი ხარ, რომელსაც ქრომოსომების გადაზიდვა ევალება?! იქნებ ფოტოსინთეზით გავჩნდით, როდესაც ჩვენმა ერთმანეთთან შეხებამ ატომის გარსი გაარღვია და ორ სხეულად გაიყო, რომ ყოველთვის, ყველაზე მეტად უკაცრიელ მარტოობაშიც, უერთმანეთოდ ყოფნა არასდროს გვეგრძნო. და ვეღარც სიკვდილს მარტოდმარტო ვეღარ შევძლებდით, რადგან რომ მოვკვდე, მე შენს სხეულში გავაგრძელებ ჩემს არსებობას და სანამ ერთ-ერთი ჩვენ ორთაგან მიწაზე ივლის, მის ნაფეხურებს მეორეს კვალიც დაემატება.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ჯოჯოხეთი აქაა, - მას მკვდრებთან საერთო არაფერი აქვს - იქ მოხვედრა მხოლოდ ცოცხლებს შეუძლიათ. ის არც ადგილია, სადაც მოგათავსებდნენ, არც ჩადენილი დანაშაულის საზღაურია. ჯოჯოხეთი ყველას საკუთარი აქვს და მისი გაცნობა ჩემთვის წიგნის კითხვით დაიწყო:
„მეფე მუდამ მარტოა და სიყვარულის გარეშე და უცებ დაიჯერა, რომ ვიღაც იპოვა და სწორედ ის ატყუებს..." მეფე მოატყუეს და ის ტირის! მისი მრისხანება გოდებამ შეცვალა: „მას არასდროს არ ვყვარებივარ! არა, მისი გული ჩაკეტილია, - სიყვარულს არ გრძნობს ჩემთვის..."
მეფე, რომლის ძალაუფლებაც სამყაროს აზანზარებს, უძლურია და ტირის:
Ella giammai m'amò! No, quel cor chiuso è a me, amor per me non ha!
მაგრამ მეფის ტირილის ხმა ჯოჯოხეთში არ ისმის. ძალაუფლება უძლურების ნაკვალევს შლის, ტკივილს არ კურნავს, მაგრამ სხვების გმინვისა და კვნესის ხმა საკუთარ ქვითინს გადაფარავს და მარტოობას გავიწყებინებს. ძალაუფლების ერთადერთი აზრი სხვებზე ძალადობაა. მოძალადეთათვის ჯოჯოხეთის კარი დაკეტილია, მათ ჯოჯოხეთში ჩახედვისათვის გამბედაობა არ გააჩნიათ.
ქრისტიანებმა ჯოჯოხეთი საიქიოში გადაიტანეს და ის შურისძიებისა და ანგარიშსწორების დაწესებულებად დახატეს. და თუმცა ამ ჯვარმოღერებულთა მუტაციას სხვა უფრო მეტი საზრუნავი არაფერი ჰქონია, გარდა იმისა, რომ ჯოჯოხეთი მიწაზე ეშენებინა, მათი ფანტაზიები განკითხვის ჟამზე მაინც ძილის წინ მოსაყოლი ზღაპრებია. ჯოჯოხეთი მაშინ იწყება, როცა ყელიდან ხმა არ ამოდის, რომ იტირო, თვალებს ძალა გამოცლიათ, რომ ცრემლები წამოუვიდეთ და საკუთარი თავიც კი აღარა გყავს, რომ დაგიტიროს.
მაგრამ რაც უფრო ღრმად ჩადიხარ, მით უფრო მეტ საიდუმლოს გამოსტყუებ ქვესკნელს, როდესაც წყვდიადს შეაჩვევ თვალებს და შენი ხედვა არც მზის და არც ელექტრო ლამპების შუქზე მიბმული აღარ იქნება. სამყარო თავის შიშველ სხეულს ქვემოდან გაჩვენებს. იქ ერთადერთი შენი მეგზური ტკივილია, რომელიც ყოველ გადადგმულ ნაბიჯთან ერთად გიძლიერდება და გაშინებს და უკან დაბრუნებისაკენ გექაჩება.
ყოველი უკან გადადგმული ნაბიჯი შენი სიკვდილია. უნდა გაუძლო ტკივილს, როდესაც დაბმული ხარ და შენს დასანახად შენს შეყვარებულს აუპატიურებენ. და როცა იმისი ძალაც აღარ შეგწევს, რომ აწითლებული თვალები ცრემლით დაისველო, თუ ტკივილის ადგილს შენი ერექცია დაიკავებს, მაშინღა მიხვდები, რომ სიყვარული შეგძლებია და შენი გრძნობა გულის სარქველის ათრთოლების დადგმული ფარსი არა ყოფილა.
ჯოჯოხეთი დაკარგვა არაა, - არც განშორებაა, არც ღალატი. ის მაშინ იწყება, როდესაც პოულობ და ვერ იპოვებ, როდესაც ხედავ და ვერ ეხები, როდესაც იცნობ და ვერ გცნობს. როდესაც ყოველი დღე მისი თვალთვალით იწყება და დაძინების წინაც მის სურათს მიაშტერდები, რომ მისი სახე გაგყვეს სიზმარში.
როცა შენ გძინავს, მე შენი სიზმრების შესასვლელთან ვდგავარ და შენს ძილს ვდარაჯობ. სიზმარი, რომელშიც ყოველდღე გხედავ, შენი სიზმარია. მე კიდევ მეგონა, რომ მე მესიზმრებოდი, მაგრამ როცა გაღვიძება გადავწყვიტე და ვცადე თვალები გამეხილა, ვერ გავიღვიძე და მაშინღა მივხვდი, რომ მე შენს სიზმარში ვიმყოფები და იქაც შენ მესიზმრები.
იქნებ არც შენი სიზმარია? - ვერც შენ გაახელ თვალებს და შვებით ამოისუნთქავ, რომ ყველაფერი სიზმარივით დამთავრდა. იქნებ ჩვენ რომ სიზმარი გვეგონა, სწორედ ესაა ცხადი და გაგვიკვირდა, გვეუცნაურა ერთმანეთის დანახვა, როდესაც თვალები გავახილეთ?
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ჩემი სიტყვები შენი დუმილის ექო იყო. შენ ჩუმად იჯექი და საკუთარი სახის ანარეკლს უყურებდი, რომელიც მე გამომყვა, რომელსაც მე ავირეკლავდი და ჩემი სხეულით დავატარებდი, რადგანაც ჩემი სხეული შენთან შეხებამ შექმნა და მან შენი იერი მიიღო, სარკედ იქცა, რომელშიც შენ საკუთარ სახეს ხედავ და გინდა მას ეამბორო.
შენი სახე, ჩემს თვალებში გამოსახული და ჩაბეჭდილი, მუდამ თან დამაქვს და ისიც ყველა საგანს შენი სახის კონტურებიდან მაჩვენებს, ყველაფერი, რასაც ჩემი მზერა წვდება, შენ გამოგსახავს.
მე ვიყავი შენი დუმილის ექო, იმ ყრუ ბგერების, რომელსაც შენ ამბობდი, მაგრამ არ წარმოთქვამდი. მე ვახმოვანებდი მათ და გიბრუნებდი შენსავე ართქმულ სიტყვებად. შენ მითხარი, რომ ჩემთან ერთად ქვესკნელში გგონია თავი. მე ჰადესი ვიყავი და ქვესკნელი შენთან უნდა გამეყო. ქვესკნელში შენ პერსეფონე ხარ, საიქიოს მბრძანებელი; მიწაზე - კორე, მარადიული ასული. არ ვგრძნობ თავს მზად ქვესკნელში რომ ვიმბრძანებლოო, - უთხრა ჰადესს პერსეფონემ და მიწაზე ყოფნა არჩია, როდესაც დედამისმა - მიწიერების ქალღმერთმა დემეტრამ ჩააკითხა წამოსაყვანად. პერსეფონეც დაბრუნდა და ისევ კორედ იქცა, რომლის სილაღესაც შეჰხაროდნენ ნაკადულები მინდორ-ველებზე, საიდანაც ჰადესმა მოიტაცა, რომ მისთვის თავზე მინდვრის ყვავილების წნულის ნაცვლად, ქვესკნელის მბრძანებლის გვირგვინი დაედგა. მაგრამ პერსეფონემ იუკადრისა საიქიოს დედოფლობა და დედასთან დაბრუნება ამჯობინა.
განშორების წინ ჰადესმა პერსეფონეს ბროწეულის ოთხი მარცვალი მიაწოდა. პერსეფონემ იგემა ჰადესის ბროწეულის ოთხი მარცვალი და მიწაზე დაბრუნდა. პერსეფონე მიწაზე დაბრუნდა და ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდა. ის კვლავ კორე იყო და კვლავინდებურად აგროვებდა კენჭებს ნაკადულების პირას, კვლავინდებურად ეთამაშებოდა ტრიალ მინდორზე მეგობარ ნიმფებს და მათთან ერთად დასცინოდა ჰადესს, თითქოს რცხვენოდა, რომ ის ჭაღარაგამორეულ ქვესკნელის ხელმწიფეს შეყვარებოდა, თითქოს სიცილითა და ცეკვით სურდა საიქიოს დავიწყება, რომლის ხსენებაზეც პერსეფონეს ლოყები უწითლდებოდა და ენა ებმებოდა.
მხოლოდ ბროწეულის ოთხი მარცვლის გემო, რომელიც ჰადესის ბაღიდან გამოჰყვა, ვერ ამოეშალა ხსოვნიდან. არსად მიწაზე ბროწეულის ხე არ დარჩა, რომლის ნაყოფიც პერსეფონეს არ გაესინჯა, მაგრამ ყოველი მათგანი კიდევ უფრო უძლიერებდა იმ ერთადერთის მონატრებას, უფრო მეტად ანდომებდა იმას, რაც მხოლოდ ქვესკნელში იზრდებოდა. პერსეფონეს თვალები უსევდიანდებოდა და რომ არავის შეემჩნია, ხან გუბურის პირას ჩამოჯდებოდა და საკუთარ ანარეკლს დაჰყურებდა საათობით, ხან ოთახში გამოიკეტებოდა და ხატვას იწყებდა, თითქოს იმ გემოს გამოსახვა სურდა, რომელიც ჰადესის ბროწეულმა ენის ქვეშ დაუტოვა.
პერსეფონე მიწაზე იყო, ცოცხალთა შორის და ერთადერთი, რაც სიცოცხლეს ახსენებდა, ჰადესის ბროწეულის მომჟაო გემო იყო.
ვინც ერთხელ გასინჯა ჰადესის ბროწეულის მარცვლები, მისთვის მიწა პატარა და მოსაწყენი გახდა. ქვესკნელი უფრო დიდია, ვიდრე ცა და მიწა.
ჰადესის ამოპირქვავებული გულიდან ლეთე გადმოედინება. ბროწეულის ხე მის გულზე ამოზრდილი სისხლ-ძარღვებია. პერსეფონე ქვესკნელის კარიბჭესთან დგას.
This post has been edited by Sappho on 13 Dec 2012, 06:35
--------------------
любовь выше пола бог не суди ты не был женщиной на земле!
|