მეც მაკლია ვიღაც
დღეს იმ ქალმა გულმოკლულ ვაჟს უნებურად მოჰკრა თვალი,
გაიფიქრა: “ისიც ჩემებრ ტირის ცრემლებშეუმშრალი;
უძიროა კაცის სევდა, უძიროა კაცის გული,
რას არ ითმენს სიყვარულის ცხოველ ნათელს მოკლებული”, —
ასე ამბობს სევდიანი ქალის ცისფერ თვალთა ცქერა.
ალბათ, ვაჟსაც ამ უსიტყვო ცქერამ გული აუძგერა...
ასე იცის თანაგრძნობამ... შენ კი ისე იღიმები,
თითქოს მართლა იბმებოდეს იმათ შორის ის სიმები,
რომლის ძალით ორი გული სამუდამოდ შეერთდება...
ეჰ, არ მჯერა მე ეგ რაღაც, ქვეყნად ეგრე როდი ხდება.
როცა ფიცით აცილებენ მიცვალებულს სამარემდე,
ფიცს არ სტეხენ… ფიცს არ სტეხენ უკანასკნელ ყოფნის დღემდე.
გამიგონე, მესაფლავე, შენ არ იცი კაცის დარდი,
თორემ რაა — ჩემს თქმაზე რომ სულელივით ახარხარდი?!
რა ვუყოთ, რომ იმ ვაჟმა ქალს მოუტანა ნორჩი ვარდი
და მწუხარედ წასჩურჩულა: “შემიყვარდი, შემიყვარდი,
ჩვენ ერთი გვაქვს მწუხარება, შევაერთოთ სულთან სული...
გამომყევი, ქალო, ცოლად... ძლიერი მაქვს სიყვარული...
მართალია, ის სატრფონი არც შენ, არც მე აღარა გვყავს,
მაგრამ მათი მოგონება ვერ გაარღვევს უხმო საფლავს.
დავივიწყოთ ის წარსული, სატირალი, სავალალო,
და ახალი შევქმნათ ყოფნა... გამომყევი ცოლად, ქალო!”
დაუცადე, მესაფლავე, თუ რა პასუხს მისცემს ქალი,
შენ გგონია, რაკი ვაჟმა დაივიწყა თავის ვალი,
ქალიც ასე მოიქცევა? მე მგონია — არა, არა...
განა გუშინ არ იყო, რომ სატრფო მიწას მიაბარა?
მკვდრის აჩრდილთან ვინ იცინის, მკვდრის აჩრდილთან ვინ იხუმრებს?
აი, ნახავ — აბეზარ ვაჟს რა პასუხით გაისტუმრებს!
მაგრამ ქალი, ღმერთო ჩემო, მორცხვად თავს ხრის და ჩურჩულებს:
“თანახმა ვარ! ერთადერთი მომავალი მასულდგმულებს...