nutsiko
Super Crazy Member

     
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 6067
წევრი No.: 7747
რეგისტრ.: 11-December 04
|
#41132556 · 1 Jun 2014, 03:20 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
თუ გინდა სძლიო შიშს, თვალებში უნდა ჩახედო მას...
... საქართველოს მთიან რეგიონებში მოგზაურობისას, განსაკუთრებით, ხევსურულ ციხე-კოშკებზე ფორთხვისას, რაღაც მომენტში მივხვდი, რომ სიმაღლის მეშინოდა. მეშინოდა სარისკო ადგილებში გავლის, სადაც საცალფეხო ბილიკები იყო, იქეთ ხევი, აქეთ კლდის პირას სიარული, ბევრი საფრთხილო და გადასავარდნი ადგილის გავლა მიწევდა მსუბუქი თავბრუსხვევით და გულის ფანცქალით, ზოგან დაოთხილი, ზოგან მთლიანად მიწაზე გართხმული, რადგან წამოდგომის ალაგ-ალაგ მეშინოდა. საკუთარი თავი გამოვიჭირე, რომ მეშინოდა და მაშინ გადავწყვიტე, რომ შიში ჩემს პიროვნებაზე ძლიერი ვერ იქნებოდა. ამისთვის, ბარში დაბრუნებულმა გადავწყვიტე კლდეზე ცოცვა მესწავლა და სპეციალურ კურსზეც კი ვიარე მთელი თვე, სადაც ალპინისტებთან ერთად ვვარჯიშობდი ერთადერთი გოგო და ვითვისებდი სხვადასხვა სირთულის ბილიკებზე სიარულს, რამდენიმე მეტრ სიმაღლეზე ასული თოკით ვეშვებოდი ნამდვილი დესანტივით. საოცარ მხარდაჭერას ვგრძნობდი ჩემი ტრენერისგან, რომელიც მუდამ მამხნევებდა ქვემოდან შეძახილებით, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ყველაზე რთული (ჩემთვის ასე იყო) მონაკვეთის, გადმოკიდებული კლდის ფრაგმენტის, გავლა მიწევდა და მთელ ჩემს ძალისხმევას მოითხოვდა. იჭიმებოდა ხელის კუნთები, ფრჩილები აღარაფრად მივარგოდა, დროდადრო წელზე შემოხვეულ და უკან გადმოკიდებულ ცარცში ვყოფდი ხელებს, რომ მოჭიდება მეტი ყოფილიყო. მიუხედავად ჩემი ზოგადად კარგი ფიზიკური მომზადებისა და ჯანმრთელობისა, საკმაოდ მიჭირდა ამ ბილიკების დალაშქვრა. აი, ნამდვილი სამხედროსავით რამდენიმე მეტრი სიმაღლიდან თოკით და გარკვეული სისწრაფით დაშვება ნამდვილი დღესასწაული იყო ჩემთვის, როდესაც საკუთარ თავს ვუმტკიცებდი, რომ შევძელი სიმაღლეზე ასვლა, ხელის ჭერზე დარტყმა და ამით მინიშნება ჩემი ,,დამზღვევისთვის”, რომელიც თოკში მყავდა ჩაბმული, რომ მზად ვიყავი მიწაზე დასაშვებად. ბიჭებიც მამხნევებდნენ და მასწავლიდნენ, როგორ მემოქმედა სხვადასხვა სიტუაციაში, მეც მთელი ინტერესითა და გულისყურით ვისმენდი და ვიმახსოვრებდი. აბდუშაჰილივით მიმიღეს თავიანთ რიგებში და მეც ბედნიერი ვიყავი ამით.
თუმცა ამით არ დასრულებულა ,,ჩემი ბრძოლა” სიმაღლის შიშის წინააღმდეგ. გადავწყვიტე პარაპლანით მეფრინა და როგორც ამ საქმეში გამოუცდელი და ასე ვთქვათ, ,,პირველკლასელი” თუ ,,ბაღის ბავშვი” გაბედულად გავემართე თბილისის ზღვასთან ახლოს შემაღლებულ გორაკზე. არასოდეს დამავიწყდება ის სიხარულისა და შიშის მომენტები, რასაც იმ დროს იმ მომენტში განვიცდიდი, როდესაც ჩაფხუტი დამახურეს თავზე, აღმჭურვეს, მომამზადეს გასაფრენად და სულ ბოლოს, როდესაც ჩვენი ფერადი, ზუსტად ის ფრთა, რომლითაც მინდოდა ფრენა”, მოემზადა გასაფრენად. სულ ბოლო მომენტში ვიფიქრე, იქნებ არ ღირდეს, იქნებ ძალიან ვრისკავ-მეთქი. ასი მეტრი სიმაღლიდან ფრენა სახუმარო აღარ იყო . თუმცა გამბედაობა მოვიკრიბე და ... გავფრინდი. საოცრებაა ეს წამი, როდესაც ვეღარაფერს ცვლი, მიფრინავ, იღიმები თუ ვიტყოდი სიმწრისა და ბედნიერებისგან იკრიჭები, რადგან იცი, რომ აბსოლუტურად ვეღარაფერს ცვლი. მე გავფრინდი, რამდენიმე წუთი ნამდვილი ჩიტივით ვიფრინე და მივხვდი, ეს ამად ღირდა, ეს რისკი ნამდვილად ღირდა. მე ბედნიერი ვიყავი იმით, რომ შევძელი ეს და შიშზე ძლიერი აღმოვჩნდი. მე ეს შევძელი...
მას შემდეგ, საკუთარ თავში რწმენაც მომემატა და თავდაჯერებულობაც. ვიცი, თუ მოვინდომებ, ყველაფერს შევძლებ. როდესაც საკმარისად გინდა, ეძებ შესაძლებლობებს, წინააღმდეგ შემთხვევაში - ეძებ მიზეზს მათ გასამართლებლად. მას შემდეგ, რაც შევიძინე ახალი უნარები და ახალი გამოწვევების წინაშე დავდექი, უფრო გავძლიერდი და ბევრი რამ შევძელი. შიშიც სადღაც გაქრა ისე, თითქოს არასოდეს ყოფილა აქამდე.
როგორც ჩემთვის საყვარელი დიდი მეცნიერი, მკვლევარი და არაერთი სამეცნიერო ექსპედიციის ხელმძღვანელი ნორვეგიელი თორ ჰეიერდალი იტყოდა: ,,მე არ ვიცი, რას ნიშნავს შეზღუდვები, ისინი არსებობენ მხოლოდ ცალკეული ადამიანების ფიქრებში”.
|