კი, ნამდვილად საინტერესოა.

იცი, ჯენტლ, თვითონ ეს სიტყვა, პროფესია, არ მიყვარს. ვფიქრობ, იგი რწმენას მოკლებულია. ჩემთვის არსებობს მოწოდება, ერთი დანიშნულება, რომელსაც ღმერთის ნებით უნდა ვუერთგულო მთელი ცხოვრება, ისევე უნდა ვუერთგულო, როგორც მეუღლეს (ოჯახს რომ შევქმნი).
მემძიმება შენს კითხვაზე პასუხის გაცემა.
ქალს რომ ვეტყვი "მიყვარხარ", დიდ პასუხისმგებლობას ვიღებ საკუთარ თავზე, დიდი მსხვერპლის გაღებისთვისაც მზად ვარ, თუ არა და ვიტყუები.
არ ვიცი... ვფიქრობ, საკუთარ თავს ორ დარგში გამოვხატავ საუკეთესოდ - მწერლობასა და რეჟისურაში. მე ჩემი თავი ხშირად უკანასკნელი ადამიანი მგონია, მაგრამ როდესაც კალამს (კლავიატურა) ხელს მოვკიდებ და მოთხრობის ანდა სცენარის წერას დავიწყებ, უცებ აღმოვაჩენ ხოლმე, რომ სრულიად თავისუფალი ვარ და ამქვეყნად ვერავინ დამიმონებს!
თუ რაღაცა მაწამებს შინაგანად, იმასაც ფურცელზე გადავიტან და არცერთი ტანჯვა - რომლის ფურცელზე გადატანას, სიტყვად ქცევას შევძლებ - ჩემთვის აღარ იარსებებს.
მაქვს ერთი განსაკუთრებული ოცნებაც, რომლის გულისთვის უფრო გავხდი რეჟისორი, ვიდრე სხვა დანარჩენის გამო.
აი, მე და გრეტა რომ ვსაუბრობდით ნიანგი გენას სიმღერაზე

და რომ ვთქვი, უზარმაზარ, მაგრამ სასიხარულო სევდას მაგრძნობინებს-მეთქი ხანდახან ეს სიმღერა... სევდას, გამოწვეულს არა წარსულის გახსენებით, არამედ მეოთხე განზომილების არსებობის გამო გაჩენილ ნაღველს.
თუ გინდა, დიდ ამპარტავნებაში ჩამომართვი, მაგრამ როცა რამე წიგნს ვკითხულობ ან ფილმს ვუყურებ, რაც არ უნდა კარგი იყოს, ყოველთვის მრჩება ხოლმე უკმარისობის გრძნობა, თითქოს ყველაფერი ძალიან ნამდვილია, სამ განზომილებაში მოქცეული და შეიძლებოდა, მეოთხე, სევდიანი განზომილების ასახვა და იმედი მიჩნდება, იქნებ მე თვითონ ავსახო-მეთქი...
მხოლოდ ზოგიერთი მუსიკალური ნაწარმოები (ან იქნებ ლირიკული ლექსიც) წარმოაჩენს ხოლმე ამ სამყაროს მთელი სისავსით. განა იმის თქმა მინდა, რომ ლიტერატურა ან კინო მუსიკაზე ნაკლებია. სულაც არა! მე, მაგალითად, ბევრ ფილმზე მიტირია (არ მრცხვენია ამის თქმისა), მუსიკალურ ნაწარმოებზე კი - თითქმის არასდროს. მაგრამ ფილმი ძალიან ნამდვილია, "საყოფაცხოვრებო", მუსიკა კი ხშირად - სიზმრისეული.
ჩემი უდიდესი ოცნებაა ის მეოთხე განზომილება გადმოვცე დიდი სიზუსტით და ღმერთსაც ამას ვთხოვ.
რეჟისურა იმიტომ ავირჩიე, რომ იგი, ხშირად, ლიტერატურაზე მეტ იარაღს გაძლევს ხელში. ესენია: სიტყვა, ჩვეულებრივი ხმა, მუსიკა და, რა თქმა უნდა, გამოსახულება. ლიტერატურა მხოლოდ სიტყვაა.
ხშირად მგონია, რომ თავს ვიტყუებ მხოლოდ და არავითარი ახალი განზომილებისთვის არ მიმიგნია. თუ მართლა ასეა და ან ჩვეულებრივი პატივმოყვარე ვარ, ან უარესი - გიჟი, სულიერად ავადმყოფი, მაშინ აღარ ვიცი, რისთვის ვიცხოვრო და რას ვუერთგულო, ყველა პროფესია აზრს კარგავს ჩემთვის...
This post has been edited by varisvincvar on 12 Jun 2014, 19:17