დე, ანიდან ჰოემდე თუკი რამ სიკეთე და სიხარულია, ყველაფერი შენ მყავხარ, დე,
ცხრა თვე თითქოს ცხრა წელს გამეწელა, ისე გელოდებოდი,
აქამდე არ მიცხოვრია და თურმე ახლა ვიბადები, შენ რომ გიყურებ, დე,
საქართველოს ყველა კუთხეს ნაბიჯ-ნაბიჯ, ბაჯბაჯით შემოვივლით მე და შენ, დე,
შენს ღიმილს და სიხარულს დავიჭერ, ჩავიხუტებ და აღარსად გავუშვებ, დე,
შენთან ერთად ხელახლა გავცოცხლდები, დე,
შენთან ერთად გავივლი ბავშვობას, ახალგაზრდობას,
შენთან ერთად მთიულეთის ცის ქვეშ ვიოცნებებ, დე,
შენთან ერთად რიჟრაჟს ცვრიან ბალახზე ფეხშიშველა შევხვდები, დე,
შენთან ერთად ქართველ გმირებს, კოპალას და იახსარს გავაცოცხლებ და დევებს დავეჭიდებით, დე,
შენს წამწამზე შემოვჯდები ჩემს ფიქრებში და შენს გონებაში შემოვძვრები, დე,
შენთან ერთად მთაწმინდაზე დიდხანს დავყოფ და პოეტებს ლექსებს წავუკითხავთ, დე,
შენთან ერთად ვიკისკისებ და ვიფრენთ, დე,
შენ რომ მყავხარ, ამითი ვარ ბედნიერი,
შენ მაცოცხლებ და სულს შთამბერავ,
მეამაყები და მიყვარხარ, დე,
მინდვრის ყვავილებისგან მოწნულ გვირგვინს თავს დაგადგამ, დე,
შენს თავს ყველა სალოცავს შევავედრებ,
შენი ყოველი ამოსუნთქვა და ჩასუნთქვა ჩემია, დე,
შენ რომ გძინავს მე ჩუმად შენს სუნთქვას ვისმენ,
შენ ჩემი სიცოცხლის გაგრძელება ხარ,
ჩემი საქმეების, ჩემი იდეების, ჩემი მისწრაფებების,
ჩემი გულის ფეთქვა, ჩემი სულ მთლად ყველაფერი,
ჩემი, ჩემი, ჩემი ხარ, დე,
ჩემი პაწაწუნა და ჩემი უდიდესი,
დიდი სულის პატრონი, ჩემი საუკეთესო ხარ, დე,
სიტყვები უძლურია, გრძნობა ყველაფერი,
სიყვარულით სავსე ბედნიერების ცრემლებით დანამული თვალები
ხსნიან ამ ყველაფერს, დე,
მოდი, ჩემო ცქრიალა, კიდევ ერთი ნაბიჯიც, დე,
შენს დედიკოს უყვარხარ, ჩემო ბუსუნა სიხარულო,
მყავხარ და მენატრები,
წერას ვეღარ ვაგრძელებ,
თვალები ცრემლებით დამებინდა,
გელოდები, ჩემო ყველავ, ჩემო, ჩემო...
გკოცნის შენი დე