დიდხანს ვიარეთ, ნელ-ნელა, შესვენებებით. ყოველი ამოსუნთქვა და ჩასუნთქვა თითო სიცოცხლეს მმატებდა. არაჩვეულებრივი ხედი ქალაქზე
- იქ, სადღაც გადაკარგულიდან,
- იქ, სადაც მეტი სუფთა ჰაერია და ფილტვებისთვის ნამდვილი ზეიმია,
- იქ, სადაც მეტი ჟანგბადია და ტვინიც უკეთ მუშაობს,
- იქ, სადაც სიცოცხლეს ერთი-ორად მძაფრად შეიგრძნობ და
- იქ, სადაც ყოველი ფეხის ნაბიჯზე სასწაულს აწყდები,
- იქ, სადაც წყდები ქალაქის აჩქარებულ რიტმს, გიხარია სიმშვიდე და წყდები შენს ყოველდღიური საზრუნავს,
- იქ, სადაც ბუნების მრავალი ფერია მრავალფეროვნებაში შერწყმული
- იქ, სადაც მარტო რჩები საკუთარ თავთან და ფიქრთან
- იქ, სადაც ხვდები რომ ამაოა ეს ყველაფერი და ყველაფერი წარმავალია, თვით დარდიც კი, და თუ შეგიძლია რამის გადაწყვეტა, უნდა გადაწყვიტო და ვერ შეგიძლია, არც უნდა იდარდო
- იქ, სადაც ცხოვრებას ხელახლა უფიქრდები: ვინ ხარ, რისთვის მოხვედი და საით მიდიხარ, ვისი გორისა ხარ
- იქ, სადაც ხვდები, რომ ყოველი განვლილი წამი შენია და ეს წამი უკვე წარსულია და უაზრობაა წარსულზე დარდი
- იქ, სადაც ყოველი შეგრძნება მძაფრდება
- იქ, სადაც იხსენებ მათ, ვინც აღარ გახსოვდა ბარში, მაგრამ გაგახსენა მთის ამბებმა და მთაში ერთად სიარულმა წვიმასა და თოვლში, გაჭირვებასა და პაპანაქებაში, ვის გვერდითაც გივლია და არ გინანია, ვისთან ერთადაც გიპოვნია თავისუფლება მთაში
- იქ, სადაც შინ გრძნობ თავს და გინდა მთელი ხმით დაიყვირო და მოითხოვო დროის, წუთის, წამის საუკუნოდ ქცევა.
- იქ, სადაც კოპალა და იახსარი დევებს ეჭიდებიან, მთის კამკამა ყინულივით ცივი ტბები გიხმობენ და სხეულიც დაღლილობისგან თავისუფლდება მშვიდი ცურვით, სადაც ყოველ კენჭს დაითვლი გამჭვირვალე წყალში და მდინარის კალაპოტს ზემოთ მთებისკენ აუყვები უკანმოუხედავად
- იქ, სადაც გაგიწვიმდება და ბედნიერი ღიმილით წინ იკვალავ გზას დიდი ჩანჩქერებისკენ,
- იქ, სადაც ჭინჭრებში ვარდები და დასუსხულ-აწითლებულ-აჭრელებული შენ უკან მომავალი მეგობრისკენ გიჭირავს თვალი
- იქ, სადაც მთის რთულ ბილიკებზე შენ დასახმარებლად გამოწვდილი მეგობრის ხელი ყველაზე ნაღდია და უერთგულესი
- იქ, სადაც მეგობრობა იბადება და ზუსტად იცი, რომ მთის მეგობრის მეგობრობას ბარი ვერას დააკლებს
- იქ, სადაც კაცი გამბედაობასა და ადამიანობაში გამოიცდების
- იქ, სადაც ყველგან შენი სამშობლოა და ეს ყველაფერი შენია, ჩვენია, ყველასი ჩვენია
- იქ, სადაც ბილიკებია, მე მოვდივარ ხვალაც, ზეგაც და ვივლი ყველგან, სანამ მქვია ცოცხალი და შემწევს ძალა და მხნეობა, ვიარო, შევიგრძნო, განვიცადო ჩემი ქვეყანა და ჩემი მთა-ბარი.
უკვე მერამდენე წელია, შაბათ-კვირას ტრადიციად ქცეული ყველაზე თბილი, ნაღდი და უჯიგრესი სალაშქრო მესიჯი მომივა: ,,რაზმო, მზად ხართ დიდი ლაშქრობისთვის?" და ყოველი ჩვენგანი საბრძოლო და დადებითი განწყობით ვწერთ ერთსადაიმავე პასუხს: ,,მზად ვართ!" და აქედან იწყება დაუვიწყარი თავგადასავლები.
მადლობა უფალს, განგებას, ყოველ ჩემს მოლაშქრე-მეგობარს იმისთვის, რომ მყავხართ, თქვენით ვარ ძლიერი ! ! !
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)