რთული სამუშაო დღის შემდეგ თავს უფლებას ვაძლევთ მეგობრები, რომ სადმე წავიდეთ ანუ ეს ნიშნავს, რომ კარგ მუსიკას მოვუსმინოთ, ზოგიერთები დალევენ, ზოგიერთები უბრალოდ იმღერებენ ან იცეკვებენ და მოვიკითხავთ ერთმანეთის ამბებს. ყველანი ლამაზები ვართ და გავემართეთ გასართობად. მოვიარეთ კლუბები, რომ ცოტა მაინც შეგვძლებოდა განტვირთვა და ცეკვა ამ ისედაც სტრესულ ქალაქსა და პირობებში.
კლუბის შესასვლელში დაცვის ახმახი თანამშრომლები დგანან, შეგვათვალიერეს პენტაგონის თანამშრომლებივით ან თითქოს გუანტანამოდან გამოქცეულები ვყოფილიყავით, თავი დაგვიქნიეს და შეგვიშვეს. ერთ-ერთმა თვალიც კი გამოგვაყოლა და მზერითვე ბოლომდე მიგვაცილა, სანამ თვალს არ მივეფარეთ და კლუბში გამეფებულ მუქ ფერებში არ ჩავიკარგეთ. მუსიკა ისე ხმამაღლა ისმის, რომ ერთმანეთის არ გვესმის. შევედი ნამდვილი სტაფილოს გამომეტყველებით, ამაზონის ჯუნგლის ტომის ბელადივით ვიყურები ველურის გამომეტყველებით, ჩემთვის ძალიან უცხო და ახალია ეს კლუბური ცხოვრება. თუმცა მალევე შევძელი ადაპტირება. ვაცნობიერებ რა, რომ კლუბში ვარ გასართობად და არა ვინმე ,,ჯიგრების” გასაცნობად, დავდექი ჩემთვის და ,,ბეტო პერეს, შენ დაგეცა … სიყვარული და გახარება”, შევუბერე ჩემი ზუმბა ფიტნესი ამ დატვირთული სამუშაო დღის შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყველა ,,მდგომარეობაშია” (როგორც ჩემი ყოფილი ლექტორი იტყოდა) ანუ ალკოჰოლური თრობის ან ,,განგრეულ კაიფშია” და მაინც და მაინც არც არავის ადარდებს შენი ,,გველისთვის დამახასიათებელი გასაოცარი პლასტიკა” და მოქნილობა, მაინც ,,მოვახერხე” ვიღაცეების წამოკიდება. ენას ძლივს რომ ატრიალებდა ,,იმნაირი” ჯეელი მომიახლოვდა და საძმაკაცოს ძლივს შეგროვებული ფულით დეპოზიტიან მაგიდასთან (ეს მერე გავარკვიე, რას ნიშნავდა ,,დეპოზიტი მაგიდაზე”) მიმიპატიჟა, სადაც მასსავით ტვინში ტესტოსტერონმოწოლილი ,,ჯიგრები” ისხდნენ, ,,ერთი ღამის პეპლის აგდების” მოლოდინში (ეს (ჰ)ამბები მერე გავარკვიე, თურმე რა ხდება). მე ჩემს ჩვეულ ზრდილობას მოვუხმე და ზრდილობიანადვე უარი განვუცხადე ,,სანდომიანი” სახის ახალგაზრდას. რასაც ,,ქართული გადაპატიჟება-დაძალება” მოჰყვა, მაგრამ ნურას უკაცრავად, ნამეტანი ,,კერკეტი კაკალი” აღმოვჩნდი მათთვის. დამანებეს თავი ,,ჯიგრებმა”. მეც გავაგრძელე ჩემი ზუმბა ფიტნესი, სამაგიეროდ… ერთი ძალიან ახტუცუნებული მდედრის ყურადღება მივიქციე, რომელიც მომიახლოვდა და ძალიან ვნებიანად მკითხა: ,,ჰეტერო ხარ თუ ლესბი?”… ეუფ, ვიფიქრე ჩემთვის, არა, გენც, მე მხოლოდ ვცეკვავ და ჯექსონის ნაბიჯებით გავსრიალდი სცენისკენ, საიდანაც ხალხის ტალღამ როგორღაც დინამიკებთან გამიტაცა და აღმოვაჩინე, რომ დაყრუებამდე არაფერი მაკლდა. თან დინამიკებს უკვე ეცეკვებოდა ერთი ,,დაბოლილი” ჯეელი, რომელიც, ასევე, ვიღაც თითქმის შიშველ გოგოსთან ერთად უცნაურ მოძრაობებს აკეთებდა (ეს მაშინ მეუცნაურა, თორემ მერე კი მივხვდი, რაც იყო ეს ,,უცნაურობა”).
ერთი სიტყვით, გული რომ ვიჯერე ჩემი აერობიკა ვარჯიშებით (არადა, მართლა კარგად ვივარჯიშე), შემდეგ მედიტაცია გადავწყვიტე ამ ,,გაიდაგუგუში” და მოვკალათდი ლოტოსის პოზაში და ვიმედიტირე (მართლა, სერიოზულად). კარგა ხანს ვიჯექი ასე მშვიდად, როცა გვერდიდან მომესმა ორი ,,ჯიგრის” საუბარი და შეკითხვა (ჩემთან დაკავშირებით): ,,აუ, ამან რა მოწია???” გულიანად გადავიხარხარე, რასაც ამ თემასთან დაკავშირებით დიალოგი მოჰყვა ჩვენ შორის. ღმერთია მოწმე (ვფიქრობ ჩემთვის), არც ვსვამ, არც ვეწევი (არაფერს), მხოლოდ ჯანსაღი ცხოვრებით ვცხოვრობ: ვარჯიში, სირბილი, არა სიგარეტი, არა ალკოჰოლი, ჯანსაღი კვება. თუმცა მივხვდი, რომ შეუძლებელია იყო თეთრი ყვავი ამდენ შავ ყვავს შორის. რთულია, ფხიზელმა ამ ყველაფერს უყურო

))))
ერთი სიტყვით, კოპლებიან და ალუბლისფერ ,,პომადიან” გოგონას არ მომეწონა ეს კლუბური ამბები.
მივხვდი, რომ ეს არაა ჩემი ადგილი და ამას ნამდვილად მერჩივნა თუნდაც სადმე ზღვის პირას ჯდომა და ტალღების შრიალის მოსმენა ან თუნდაც სავარჯიშო დარბაზში დიდხანს ვარჯიში…
დაღლილს და მთვლემარეს გამომეღვიძა, როდესაც სახლთან მიმიყვანა ტაქსმა და შევლასლადი ეზოში, თავგასიებული და ყურებდაგუბებული, მთელი სხეული მტკიოდა და ძალიან მეძინებოდა.