nutsiko
Super Crazy Member

     
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 6067
წევრი No.: 7747
რეგისტრ.: 11-December 04
|
#43764506 · 15 Feb 2015, 00:38 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
თავდაპირველად სადღაც ინტერნეტში გადავაწყდი ამ წიგნს, შემდეგ ბევრი ვიკითხე წიგნის შესახებ, იყო სხვადასხვა მიმოხილვა და კრიტიკული შეფასება. დავინტერესდი. თვითონ წიგნი ვერსად ვიშოვნე, სანამ აქ ,,სანტა ესპერანსას” წიგნის მაღაზიაში არ ვიპოვნე. ყიდვა დავაპირე, თუმცა გადავიფიქრე. ეს მხოლოდ პირველი ნაწილი იყო, კიდევ ელოდებოდნენ უვადოდ, არ იცოდნენ როდის. მეც გავჩერდი. შემდეგ ფილმს ველოდებოდი დიდხანს, ჯერ თრეილერი ვნახე. მოვიხიბლე, დამაინტერესა და ძალიან მინდოდა, მალე ყოფილიყო მსოფლიო პრემიერა. ვიცოდი, რომ თუნდაც მარტო, მაგრამ აუცილებლად ვნახავდი დიდ ცისფერ ეკრანზე… და აი, ისიც, იქმნა ნათელი, დადგა დღე და მეც წავედი კინო – თეატრში…
——–
საოცრად მომწონდა მისი კლასიკური სტილი, თავიდან ბოლომდე მომწონდა ის, მისი მანერები, მისი გამოხედვა, მისი დიქტატორულ-დომინანტური ხასიათი, მისი ეს ,,მე” გამოვლინება… მოხიბლული ვიყავი მისით და, ამავდროულად, შინაგანად, აუხსნელი მიზეზის გამო საოცრად მეშინოდა მისი, მასთან ყოფნის და გარკვეულწილად, დაძაბული ვიყავი. თან საოცრად მიზიდავდა, სულ მასთან მინდოდა ყოფნა და ვერ ვშორდებოდი.
მომწონდა მისი ჯანსაღი ცხოვრების სტილი, მიდგომა მოვლენებისა და საგნების მიმართ, მომწონდა მისი მოწესრიგებულობა, პედანტიზმი, შეიძლება ითქვას, და აზროვნება. მომწონდა ისიც, რომ ასეთი წარმატებული იყო მის საქმეში, განათლებული, ნაკითხი და მთლიანობაში, ძალიან ძალიან მიზიდავდა. მომწონდა ის, რომ მას არც ცოლი ჰყავდა, არც შვილი, იყო საოცრად დამოუკიდებელი. ყოველთვის ყველაფერი მქონდა მის გვერდით, სურპრიზებით განებივრებული ვიყავი, მეგონა, ვუყვარდი…. მეგონა…
ერთადერთი მამაკაცი იყო, ვისი ნახვაც ყოველთვის მიხაროდა და ველოდებოდი, როდის შემეხმიანებოდა, როდის ისურვებდა ჩემს ნახვას, მეც მუდამ ვნახულობდი. არასოდეს გამჩენია სურვილი, ვინმესთან ყოფნის და ის ერთადერთი იყო, ვის მიმართაც ვიგრძენი, რომ ეს მოწონებაზე მეტი იყო. მე ის მიყვარდა. მიყვარდა ადამიანი: რომელსაც უამრავი ქალი ჰყავდა; რომელსაც სიამოვნებას ანიჭებდა, როცა მაწვალებდა და ვტიროდი, რომელიც ძალიან ხალისობდა, როგორ მაყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ხელებს მიგრეხავდა, თმას მაწიწკნიდა, დალურჯებულ-ფრხილებდამტვრეული-დალილავებული დავდიოდი. მეც თითქოს ვერ ვეშვებოდი და მის სადისტურ თამაშებს ვყვებოდი ან უბრალოდ იმდენად მიყვარდა, რომ სტოკჰოლმის სინდრომით შეპყრობილივით ვიქცეოდი. მსხვერპლს ჩემი მჩაგვრელი მიზიდავდა და მიყვარდა. არ მქონდა უფლება, მისი ნებართვის გარეშე მისი პირადი სივრცე დამერღვია, შევხებოდი, სითბო გამომეხატა, მოვფერებოდი, სიყვარული გამომეხატა და მეთქვა, რომ მიყვარდა, რომელიც მხოლოდ ღიმილს გვრიდა. მას, უბრალოდ, არავინ უყვარდა საკუთარი თავის გარდა. საკუთარი თავის სიყვარულით იწვოდა და მეც მისი მორიგი სათამაშო ვიყავი, რომლითაც ერთობოდა. თავიდანვე ვიცოდით, რომ სერიოზულ ურთიერთობაზე არც უნდა გვეფიქრა. ეს მან გამორიცხა დასაწყისიდან. ის ერთობოდა, როცა ინებებდა, მანებივრებდა, მე კი მიყვარდა უიმედოდ…
———–
– … შენ გინდა, ასე ცრემლიანს მხედავდე? ასეთ მდგომარეობაში გინდა მნახო, ეს განიჭებს შენ სიამოვნებას? შენ მე არ გჭირდები, შენ სათამაშო გჭირდება… მე წავალ, – თვალები დახარა და ოთახიდან გავიდა ანასთეიშა სტილი.
კრისტიანმა სცადა მისი დაბრუნება, მაგრამ … მისივე თამაშის წესებიდან ანას წარმოთქმულმა სიტყვამ ,,წითელი”, რომელიც შეჩერებას ნიშნავდა, გააშეშა ადგილზე. ის ისევ მის თამაშში იყო, მისივე როლში.
ლიფტის კარიც დაიხურა….
————-
– აუ, რა უაზროდ დამთავრდა, – გააპროტესტა ჩემ გვერდით მჯდომმა.
ჩემთვის გამეღიმა. ეს მხოლოდ ახლა და ამ ადგილას დასრულდა. ,,გრეის 50 ელფერის” შემდეგი ნაწილი კიდევ უნდა გამოვიდეს. ამით არ სრულდება ეს ამბავი…
კინო – დარბაზში შუქი აინთო, ყველა ახმაურდა და …
მეც მივხვდი, რომ ანა ვიყავი, რომელსაც თავისი კრისტიან გრეი უყვარდა, მიუხედავად ყველაფრისა, ვიყავი ანა, რომელმაც ერთხელ ვთქვი: ,,წითელი” და წამოვედი, მაგრამ ორმოცდაათი ელფერი ხომ ამით არ სრულდება. შემდეგი წიგნი ჯერ არ გამოსულა … შესაბამისად, არ ვიცი, იქ რა მოხდება ისევე, როგორც მე არ ვიცი, რა მოხდება ხვალ, ზეგ, რამდენიმე დღის შემდეგ ჩემს კრისტიან გრეისთან ჩემი ისტორიის ,,ორმოცდაათ ელფერში”.
|