[SPOILER

][/SPOILER]
ქორწილს გადავიხდით მარტში,
მარტში გამომყვები, ალბათ,
ასე ჭირვეული ქალი,
მარტშიც ჭირვეული ჩანხარ...
საყდრის მოგუგუნე ზარებს
მარტი გაუძღვება ცამდე,
ცოლი გერქმევა და მარტიც
სწრაფად გაავრცელებს ამბებს...
ამბებს სიყვარულის ქნარზე,
დიდი მონდომებით ნათქვამს,
ჯერაც ემბრიონის ხელა
მარტი მონდომებით გასთქვამს...
ერთად აღმოვაჩენთ მარტის
ჭრელად მოღუღუნე ეზოს,
და შენ აღტაცებით დაჰკრეფ
დამფრთხალ ჩიტისთვალებს, ჩემო...
ერთად გვეტკინება გული,
მუხლებსისხლიანს რომ ვნახავთ,
„მალე გადაგივლის, დედი“ -
ეტყვი ჩვენს პატარა ქალას.
მარტი მოგვინათლავს შვილს და
მარტში გათხოვდება ისიც,
მარტი გაუნათებს სავალს,
მარტმა ჩვენზე უკეთ იცის.
ნუშის ყვავილისგან სათუთ
კაბას შეგიკერავს მარტი
და შენ გამომყვები ცოლად
ცოლად გამომყვები მარტში...