
ცეკვა მუდამ იყო და არის, იქნება. ეს მივატოვე და შემდეგ ცუდი საყვარელივით, მივაკითხავდი ხოლმე დასაცლელად, გულს მოვიოხებდი და ვტოვებდი.
მე უნდა შევძლო და ავცეკვდე, როგორც ოდესღაც. ამიტომ, საჭიროა სხეულის ყველა მილიმეტრის დამორჩილება. თუნდაც ერთხელ უნდა ვიცეკვო ზეადამიანურად.
ისე, როგორც ადამიანს არ შეუძლია. იმედია, ისევ შევძლებ სხვამაც ისიამოვნოს მისით, როგორც ადრე, ჩემდა უნებურად ვახდენდი.
მაშინ, არც მომწონდა და არც მაწუხებდა, როდესაც სხვებს მოსწონდათ. უფრო მეკიდა, რადგან არ მიმაჩნდა განსაკუთრებულად, ძნელად ან კარგად ჩემი ცეკვა.
ახლა, ალბათ მესიამოვნება, მადლობას გადავუხდი გულში. დიდი ხანია სხვასთან ისე არ მიცეკვია, როგორც ამას მარტო ვაკეთებ ხოლმე.
ეს პირველად არ ხდება, რომ მე ვგრძნობ ჩემი სულის გამოძახილს და ჩემს თავს ვეუბნები - კვლავ შევუდგეთ ცეკვას. თუმცა, პირველადაა, როდესაც ასეთ მომენტში მე მშვიდად და კომფორტულად ვარ მედ. ალბათ, აქ მოსვლაც იმ გზაგასაყარზე გადაწყდა, რომელზეც თავიდან დავიბადე და ამოვედი საკუთარი მზედ. ბევრი უნდა ვიშრომო, რომ გავაღვიძო და კვლავ ფრთები მივცე ჩემში ცეკვას. ეს მე არ მსურს, ეს ჩემში სურს რაღაცას. მუდამ სურდა, ეს სურვილი ძაან მაწვალებდა. ახლა კი, მის გამოსახსნელად მზად ვარ, მე ვიწვალო და ნელ-ნელა ავიდე იქ, სადაც ოდესღაც, ყოველგვარი შრომის გარეშე თავისით ვიყავი. იქ, სადაც რომ არ ვიყო, ვერ ვისვენებ და თან, არ შემიძლია საკუთარი სურვილები განვახორციელო, რადგან ჩემში რაღაც გამოხსნას ითხოვს.
რა აზრი აქვს წარსულში რა მოხდა? უბრალოდ, არამიზანმიმართულად, სუფთა შთაგონებაზე უნდა დავიწყო ცეკვა, ჩავდო საკუთარი თავი. როდესაც ადამიანი იმას აკეთებ, რაც გათრობს,
აკეთებ ამას პატიოსნად და უანგაროდ, ის მოგიტანს მადლიერებას, იქნებ შედეგსაც, ოცნებად რომ დატოვე. სხვა რა დაგრჩენია, რომ არ აკეთო ეს? თვითონ თავს არასოდეს განებებს. მუდამ, თავისით შემოდის შენში და გამეტყველებს, გამოგსახავს, სიტყვებს აქრობს, აჰყავრხარ ჯადოსნურობაში.
ამდენი დავწერე და ამ აზრების რახა-რუხში რაღაც დაიკარგა ან გაფუჭდა, სულ რომ არაფერი დამეწერა და ჩუმად ვყოფილიყავი, უკეთესი იქნებოდა,
თან, ამასობაში, იმას მივხვდი, რომ გაუმართავად დავიწყე წერა. თუ რატომ, აღარაა დაკონკრეტება საჭირო, ჩვეუელბრივი კანონზომიერებაა.
უნდა მოვიდე სამყაროსთან ჰარმონიაში, თორემ კანონზომიერებები მეფობენ და არა უნარებიო, ალბათ უთქვამს სამდე ვინმეს, თუ არა და, ეგერ მე ვამბობ.