ახალი პროექტი დავიწყეთ.
კონტრაქტორმა ერთი გოგო გადმოგვიგზავნა, მასთან ერთად უნდა ვიმუშავოთ.
მესამე დღეა ამ გოგოსთან ერთად ვმუშაობ და რაც დრო გადის, სულ უფრო და უფრო მაკვირვებს.
შევთანხმდებით რაღაც დროზე, ერთი საათის დაგვიანებით მოდის.
მერე მოსვლიდან 15-20 წუთში ვიღაც ურეკავს და იმას ესაუბრება ნახევარი საათი.
როდესაც ზარების სესია წყდება, უი, წავიმუშავოთ, წავიმუშავოთო.
ნახევარი საათი ვმუშაობთ და ბოლოს, შტერდება. რაღაცას რომ ვეუბნები აღარ ესმის.
აი, სახეზე აწერია, რომ ვერ იაზრებს. თან ამბობს: მშია, მწყურია, მოდი, დავისვენოთ...
როგორი დამღლელი სამუშაო გვაქვს. რა რთული ქეისია. დავიღალე.
მერე ერთი საათი ან საათნახევარი- ,,ფეისბუკზე" ისვენებს.
ამის მიუხედავად, ვცდილობ გავაგრძელო ჩემი საქმე, რადგან ფრილანსერული ტიპის სამუშაო მაქვს:
მალე დავასრულებ საქმეს, მალე წავალ სახლში და დავისვენებ.
მაგრამ ამ შუა სამუშაოში, აი, დაძაბული, რომ ვზივარ, ბაზაში რაღაცას ვეძებ ან ვასწორებ, მესმის:
,,გაიგეთ, ჩოხებში დაიწერეს ჯვარი. არა, გეების წინააღმდეგი კი არ ვარ, მაგრამ ეს ჩოხები გამაღიზიანებელია. თქვენ რას ფიქრობთ?".
,,ლიბერთმა ბანკმა ქართუ შეისყიდა. თქვენ რას ფიქრობთ? აუ, რამდენი კომენტარია, ამდენს რა წაიკითხავს"
,,ახალ ზელანდიას რა საყვარელი პრემიერ მინისტრი ჰყავს. თქვენ რას ფიქრობთ?" თან ფოტოს გვაჩვენებს
რაც კი ნიუსს ან სტატუსს ნახავს სოც. ქსელში ყველაფერს გვამცნობს და აზრს გვეკითხება
ამ დროს, ღრმად ჩავისუნთქავ ხოლმე და ვცდილობ ხმამაღლა არ ვთქვა, ყველაფერი რისი თქმაც მინდა.
მერე, სადღაც 5საათისთვის ახსენდება, რომ სამუშაოდ არის მოსული და მეკითხება რა ეტაპზე ვართ.
იმის გათვალისწინებით, რომ ყოველ 5 წუთში ერთხელ გვაცდენდა, მაინცდამაინც, კარგ ეტაპზე არ ვართ და გვიწევს საღამოს 8 საათამდე დარჩენა.
ჰოდა, მიკვირს ასეთი ბანოვანი, ასეთ კარგ პოზიციაზე როგორ მოხვდა.