მარტოობა
მილანის პატარა ჰოსტელი, ვია პალესტრინა, 70 წლის ჯუზეპე ქეშდესქთან არასოდეს ზის, იქვე გვერდით ოთახში რამოდენიმე მაგიდა უდგას და სტუმრებს გაუთავებელი ლაპარაკით აბრუებს.
"ჩაო პაბლო" მომაძახებს ხოლმე გასვლის წინ, ამჯერად ხუმრობაც მოაყოლა,
"დღესაც არ დაბრუნდები? შენი ოთახი ხომ არ გამექირავებინა? ჩანთას ფოიეშიც შეგინახავ."
ვუღიმი,
" ჩაო ჯუზეპე, ალბათ დღესაც არ მოვალ, შეგიძლიათ გამასახლოთ."
"ესპრესო, ესპრესოო" არ მეშვება, ყურადღებას არ ვაქცევ და გავდივარ.
ყავის დალევას ჩენტრალეს გვერდით პატარა კაფეტერიაში დავეჩვიე, მარია საუკეთესოდ ამზადებდა და თან უნა კაფეს რომ ვეტყოდი თურქულის მაგვარი მოჰქონდა და არა ის პატარა გულის შეტევა, პირველ ჯერზე რომ მომიტანა. წამოსვლის დღემდე გაზეთი მოჰქონდა წასაკითხად, სულ მეღიმებოდა ამაზე, ისიც მიღიმოდა, უცნაური იყო ერთმანეთს ვუღიმოდით ყოველ დილით, მიზეზი კი სხვა და სხვა გვქონდა, მე იტალიურად კითხვა არ ვიცოდი და ის ალბათ იმიტომ, რომ რაც არ უნდა ეთქვა, ყველაფერზე სის ან ბენეს ვპასუხობდი, და დამიჯერეთ ლაპარაკი ნამდვილად არ ეზარებოდა, მეც მოჯადოვებულივით ვუსმენდი, მგონი მაშინ შემიყვარდა იტალიური ენა.
კომოდან დაღლილი დავბრუნდი და მილანის პარკიდან გამომავალმა მუსიკის ჰანგებმა შემიტყუეს, სულ ცოტა ხანში, ბალახზე წამოგორებული კლასიკური მუსიკის კონცერტს ვუსმენდი. ტოსკანური ღვინისა და კომოში ნაყიდი ცოტაოდენი მარიხუანის ფონზე საუკეთესო კონცერტი იყო რაც კი ოდესმე მომისმენია.
არავინ მჭირდებოდა იმ მომენტში, უბრალოდ კმაყოფილი ვიყავი რომ ვარსებობდი.
სრული თავისუფლების და სიმშვიდის შეგრძნება, როდესაც საკუთარი თავი გყოფნის და მარტოობა სამყაროთი ტკბობას ამძაფრებს.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
This post has been edited by El_Chapo on 18 Sep 2017, 16:06