ბოლო რამდენიმე წელია ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს სხვა ადამიანის ცხოვრებით ვცხოვრობ.
დღეს ესემესი მომივიდა, სიჩქარის გადაჭარბების გამო დაჯარიმდითო, შევშფოთდი და დავიძაბე.
მერე მიკროსაფინანსოდან დამირეკეს, იმდენად დავიღალე მათი ზარებით, არ ვუპასუხე.
ცოტა მოგვიანებით ლიბერთი ბანკმა მომწერა, ანგარიშზე ნაშთის არარსებობის გამო ჯეოსელის აქციაში აღარ მონაწილეობთო.
თუმცა მერე საქართველოს ბანკმა მანუგეშა ესემესით, სესხის ლიმიტი გაგეზარდაო.
საღამოსკენ, ევროპაბეთმა გამახარა შენი ნიკით შემოდი და 5ლარს გაჩუქებთო. მალე კროკობეთმაც დაამატა, ჩემთანაც შემოდი და ჩარიცხული თანხის 10% საჩუქრადო.
ახლა, ისევ სესხების ამოღების ბიუროდან დამირეკეს, ბატონო ლევან თქვენ ხართო,
ხმა კი შეცვლილი მაქვს, გაციების გამო, მაგრამ მთლად ბატონ ლევანის ხმასაც არ მიმიგავს.
ჰოდა, მომიწია იმის მტკიცება, რომ ბატონ ლევანს არ ვიცნობ, უფრო მეტიც საახლობლოში ნაცნობიც კი არ მყავს ამ სახელით.
მესამე წელია ეს ნომერი ვიყიდე და მაგრად დავიღალე ლევანის ცხოვრებით.
არც მანქანა მყავს, ჯარიმა რომ მომივიდეს. არც ლიბერთი ბანკის ანგარიში მაქვს და არც საქართველოს ბანკში სესხი. მიკროსაფინანსოებს საერთოდ არ ვეკარები.
პოკერს კიდევ ფულზე არასდროს ვთამაშობ.
ისე შევეჩვიე ამ ბატონი ლევანის ესემესებს, ზოგჯერ თავი მართლა ლევანი მგონია.
დილის ჯარიმის არ იყოს, სულ ფეხით რომ არ დავდიოდე, დავიჯერებდი რომ ჩემი ჯარიმაა.
ცალკე ვაიბერში ვიღაც რუსი ნაშა მწერს: ,,Лев, Мой Лев, как ты?"-ო.
რომ მწერს, თავს ძლიერ მამაკაცად ვგრძნობ და მინდა მივწერო, ,,А ты как мой катеночек?"
მოკლედ, რა წყალში ჩავარდე, აღარ ვიცი.
ან თავად რატომ არ წუხდება ეს ლევანი, ნომერი რომ გამოცვალა და საკონტაქტოდ ძველი ნომერი რომ აქვს მითითებული.
ან ამ რუს გოგოს მაინც მიწეროს ვაიბერში, თავისი ახალი ნომრით, რომ ნამდვილი ლევანი ისაა და არა მე.