ორიოდე დღე დარჩა ახალ სოლარამდე და რეზიუმირების განწყობაზე დავდექი. ))
ემოციებით დატვირთული წელი იყო, ბევრი კარგი მოხდა, ბევრიც ცუდი და ერთი ძალიან ცუდი, მაგრამ მაინც მადლიერი ვარ, ძალიან გავიზარდე და მგონი სწორად ავითვისე წლის მასალა.
ემოციური ზამთარი, მოულოდნელი გაზაფხული და უმძიმესი ზაფხული გამოვიარე, როცა ცხოვრებაში პირველად, ოპტიმიზმი დამემშვიდობა და გაურკვეველი ვადით დამტოვა და მეგონა აღარც დაბრუნდებოდა, მაგრამ საბედნიეროდ შევცდი, შემოდგომის ბოლო და ჩემმა ყველაზე საყვარელმა თვემ დამარწმუნა ამაში.
მადლიერი ვარ გასული წლის, რადგან გულისტკივილთან ერთად რამდენიმე ახალი ადამიანი მომიყვანა, ზოგი მასწავლებლად, ზოგიც მძიმე დღეების შესამსუბუქებლად და გასაფერადებლად. სრულიად უცხო ადამიანმა შორიდან გამიწოდა დახმარების ხელი და გადამატანინა ყველაზე მძიმე დღეები, არ მომცა საშუალება საბოლოოდ დამეკარგა საკუთარი თავის რწმენა და სიყვარული, მაჩუქა სითბო უანგაროდ.

საკუთარი თავი გავიცანი თავიდან, მივხვდი რომ ზღვარი იქ არ გადის, სადაც მეგონა და მგონი საერთოდ არ არსებობს არანაირი საზღვრები და მხოლოდ დრო და გამოცდილება დაადგენს საბოლოოდ, ვინ არის და რას წარმოადგენს ადამიანი.
ვგრძნობ და ვიცი კიდეც, რომ ჩემს ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი 2 წელი მელის წინ, როცა ძალიან ბევრი რამ შეიცვლება, არ ვიცი ჯერ, უკეთესობისკენ თუ უარესობისკენ, მაგრამ ვიცი რომ ახალი ციკლი იწყება და რამდენიმე დღეში შევაბიჯებ ახალ რეალობაში, სადაც მელიან ახალი ადამიანები და თავგადასავლები და ერთადერთი რაც მჭირდება, ჩემი უსასრულო ოპტიმიზმი და თავგადასავლების სიყვარული, თან მიმაქვს იმ ახალ რეალობაში.
რაც არ უნდა მოხდეს, რაც არ უნდა მელოდეს წინ, ვისურვებ რომ შედეგად გავხდე იმაზე უკეთესი ვიდრე ვიყავი, მეტი სითბო და სიყვარული გავცე, ვიდრე გავეცი, მეტიც მივიღო და ნაკლებად ვატკინო გული გარშემომყოფებს, აღარ გავიმეორო უკვე დაშვებული შეცდომები. ახლებს მაინც ვერ ავცდები ალბათ, სწავლის პროცესის განუყოფელი ნაწილია. ))