
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
„რამდენს სვამ, იოჰან“.
დაწერა ერთი ფრაზა და გადაშალა მაშინვე. ან კი რა აზრი ჰქონდა იმაზე საუბარს, რაც მანაც კარგად იცოდა და ორივესთვისაც არ ყოფილა უცხო. დიახ, შედეგი მაინც არ შეიცვლებოდა ამ ერთად წაწყობილი სამი სიტყვით.
თვალებზე გადაისვა თითები და შეეცადა წელში გასწორებულიყო. დაღლა ხერხემალს ჩაყოლოდა მთელ სიგრძეზე.
ცადა გაეხსენებინა პირველად როდის ნახა, თუმცა პირველი შეხვედრის კადრები იმდენად არაზუსტი გახლდათ, რომ თარიღისა და წარმომავლობის დადგენას ძირშივე გამორიცხავდა.
ანდაც, რა მნიშვნელობა ჰქონდა, დროთა დინება მაინც წალეკდა ადრე თუ გვიან ორივეს.
რამხელა პესიმიზმია, - შეუძახა თავის თავს და ძველებური სავარძლიდან წამოდგა.
დალევდა რამეს, ჰო, რამეს უფრო მაგარს. გაეღიმა, ის გადახაზული სამი სიტყვა გაახსენდა და საკუთარი განცდების იოჰანზე პროექციამ ერთგვარად გაახალისა კიდეც.
ადამიანი ღრმად აბსტრაქტული და ამასთანავე მექანიზებული სტრუქტურაა. რამდენად საათივით არის აწყობილი მისი ორგანიზმი და რაოდენ ქაოტურია მისი გონი (სული/სამშვინველი? მოდით, ამის განხილვას შევეშვათ, ყველა კითხვას როდი აქვს პასუხი და ყველა პასუხი როდი საჭიროებს კითხვას).
დიახ, შესაძლოა ასე იჯდე შენთვის, ბებიისგან დატოვებულ სავარძელში, საკუთარი ნაკლოვანებები სხვებზე გადაგქონდეს და მათ ამის გამო აკრიტიკებდე.
არადა, ასეც არ ყოფილა. უბრალოდ არ მოსწონს მამაკაცი, რომელიც ალკოჰოლის სუნით ყარს. ასე ჰგონია, მსგავსი სუნის იქნება ფორმალინში ჩადებული გვამიც.
რა გარყვნილებაა, სიცოცხლე სიკვდილს შეურწყა. ცოტა მკრეხელობაც რომ გამოვურიოთ, რა შეიძლება გაუჩნდეს სიკვდილსა და სიცოცხლეს? ალბათ ცხოვრება.