სამი ვარდი
გვადი ბიგვავა გარდა იმისა, რომ შესახედავად მშვენიერი ყმაწვილი იყო, მას ვაჟკაცობითაც ვერავინ სჯობდა
ის რომ ჩონგურს აიღებდა ხელში და ზედ ტკბილად დააღიღინებდა, მისი ფაცხის ირგვლივ ბუნებაც კი გაიტრუნებოდა და სმენად გადაიქცეოდა ხოლმე. იმის გარდა, რომ მელოდია მომხიბლავი იყო, მისი შეთხზული სიმღერები შინაარსითაც გულის სიღრმემდე სწვდებოდა ადამიანს.
ერთ ღამეს, როდესაც გვადი თავის ფაცხაში იჯდა და ტკბილად მღეროდა, მოეჩვენა, თითქოს ვიღაც ნაზი ხმით მოძახილს ეუბნებოდა.
გვადი ადგა, გამოვიდა გარეთ და თვალიც მოავლო იქაურობას, მაგრამ ვერავინ დაინახა.
მეორე ღამესაც იგივე განმეორდა. გვადი კვლავ გამოვიდა ფაცხიდან, ყველგან გულდასმით დაძებნა, მაგრამ ვერავის და ვერაფერს ვერ მიაგნო.
გულის ფანცქალით მოელოდა მესამე ღამეს გვადი. როდესაც მან თავის ფაცხაში მომხიბლავად ააჟღერა ჩონგური და ზედ ტკბილად დააღიღინა, კვლავ მოესმა ნაცნობი, ტკბილი, გულში ჩამწვდომი ხმა.
გვადიმ უცებ მოიხედა კარისკენ და ზღურბლზე იშვიათი სილამაზის არსება დაინახა.
გოგონამ სცადა მიმალულიყო, მაგრამ გვადიმ მიაძახა:
- გაჩერდი, ცირა! მითხარი ვინ ხარ და საიდან იცი ჩემი სიმღერებიო?
გოგონამ უპასუხა:
- შენს ფაცხასთან რომ სამი ვარდია, ერთი მათგანი მე ვარო. როდესაც აისი აღმოსავლეთს პირველ შუქს სტყორცნის, მე ისევ ვარდად ვიქცევი. გამიშვი ახლა, ხომ ხედავ, უკვე დასდო ცვარი - აისის წინამორბედიო.
- მე მინდა დღისითაც მოვისმინო შენი გრძნეული ხმაო, - შეევედრა გვადი.
- თუ დილით სამ ვარდში გამომიცნობ, მომაჯადოებელი თილისმა განმეცლება და კვლავ ცირად ვიქცევი. მხოლოდ იცოდე, არ შეცდე, თორემ სამუდამოდ ყვავილი დავრჩებიო...
ეს თქვა და გაუჩინარდა.
როდესაც მზემ ამოანათა, გვადი მივიდა ვარდის ბუჩქთან, რომელთა ფოთლებზე ღამის ცვრის გამჭვირვალე წვეთები ციმციმებდა. სამი სავსებით ერთმანეთის მსგავსი ვარდი უმზერდა მას.
- ნეტავ რომელია ამათში? - ფიქრობდა გრძნობამორეული გვადი.
ის დიდხანს უმზერდა ვარდებს, ეშინოდა, არ შემცდარიყო, უცებ მისი სახე გაბრწყინდა ნათელი ღიმილით
- ეს შენ ხარ, თქვა გვადიმ და მიათითა ერთ-ერთ ვარდზე. ვარდს წითელი ფოთლები დასცვივდა და გვადის წინ გაჩნდა უმშვენიერესი ასული.
ვინ მიხვდება, როგორ გამოიცნო გვადიმ მოჯადოებული ვარდი?
This post has been edited by <casablanca> on 30 Mar 2019, 19:23