littlebee
Super Member

   
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 428
წევრი No.: 253250
რეგისტრ.: 16-October 19
|
#55666564 · 3 Jan 2020, 22:43 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
როგორ თუ ნამდვილად, - გაიკვირვა შალვამ, - აბა ტყუილად ვიკითხე იმოდენა დამხმარე ლიტერატურა? სუყველაფერი წარმომიდგა და, მოდით, აბა თქვენც, შეძლებისამებრ დაიძაბეთ და მეთერთმეტე საუკუნის იტალია წარმოიდგინეთ... ცხოვრება მხოლოდ ახლა კი არა, მაშინაც დუღდა, ხოლო ქალაქის ფერადი გული მთავარ მოედანზე ღონივრად ფეთქავდა, ფეთქდა, რადგან სწორედ იქ ტარდებოდა დიდი ბაზრობა, და იქავ იყო ათასნაირი ქარვასლა-სახელოსნო, საიდანაც რომ კაკუნის, ქლიბვა-ხერხვისა და შრიალის ხმა მრავალფეროვნად გამოდიოდა, იდგა ზანზალაკების ერთი წკარუნი, დიდი ზარებიც - ჟღერდნენ, მაღალშადრევნიანი აუზის ირგვლივ დაიარებოდნენ მოქალაქენი, სოფლელები და სასულიერო პირნი, გლეხები თავიანთ ჩარდახიან ურმებთან იდგნენ და ცინცხალ ჭირნახულს სთავაზობდნენ გამვლელ-გამომვლელთ, ჯერჯერობით სხვის, ჯერაც გაუყიდავ პირუტყვს-მოჩვენებითი გულგრილობით უტრიალებდნენ მამაკაცები, ქალებიცა და ქალწულებიც ერთნაირად სახეანთებულნი ჭვრეტდნენ ზღვისიქითიდან ჩამოზიდულ სამკაულსა და ტანსაცმელს, კოხტა, მსუბუქი თასები პირთამდე ივსებოდა და მძიმდებოდა ყოვლად უშაქრო ღვინით, სატკაცუნებლები იქაურობას იკლებდნენ, სახეს ცივი წყლით იამებდა გალახული დამწყები ჯიბგირი, ვერ იყო კარგ გუნებაზე, დიდგვაროვანის მორიგ მითითებას სულ ტყუილ-უბრალოდ გაჰყვიროდა გულგრილად აღგზნებული ხელფასიანი მაცნე, აჰ, რია-რია და ორომტრიალი იდგა ისეთი, გადასარევი, მაგრამ ერთგან სადმე ჩრდილიანში, ყველაზე მეტი ხალხი ქუჩდებოდა, და სწორედ იქიდან მოისმოდა გულიანი სიცილი და ბედნიერი შეძახილები, იქ, მოყვარული ხალხის წინაშე, თავისუფალი მაწანწალა - თვით ჯამბაზი, გამოდიოდა. შემაღლებულზე უყვარდა დგომა... ჯერ ეს ერთი რომ, უკეთ მოჩანდა, დაა, მეორეც, ხელოვანთაგან გულის სიღრმეში ალბათ ყველამ იცის ღირსია ამაღლებისა თუ არა, ჩვენი ჯამბაზიც კასრს, ან ცარიელა ყუთს რასმე შეირჩევდა და, კოხტად შედგებოდა ზედ; ხალხის წინაშე ლაღი სიტყვისა და ქცევის კაცი - შვებად მოარული ჯამბაზი იდგა, მოხდენილ სხეულზე მჭიდროდ შემოტმასნოდა ჭყეტელა სამოსი, ქუდში უცხო ფრინველთა მბზინავი ფრთები გაერჭო, ზურგზე გიტარა ირიბად ჩამოეკიდნა, მხარზედ კი პაწია მაიმუნი ეჯდა, რომელიც დიდის მონდომებით ემანჭებოდა ხალხს. ჭეშმარიტ ჯამბაზს რთული მალაყებისადა ხტუნვა-თამაშის გარდა, სიმღერა, ცეკვა და დაკვრაც აუცილებლად უნდა სცოდნოდა - მაშინ ჯერ კიდევ სრულიად მარტოკინა იყო - და, რაც მთავარია - სიტყვა-პასუხი. იდგა იქ, კასრზე და ყოველნაირ მოულოდნელობას სხარტად, მახვილგონივრულად პასუხობდა, გაუჭირდებოდა თუ რა - თავისით ნიჭიერი იყო. სევდაც იცოდა: ბოლოს გიტარას გადმოიღებდა, მაიმუნს ფეხზე მიიბამდა - მხარზე რაღა ემაიმუნებოდა, რადგან გიტარის თანხლებით დამწუხრებული მღეროდა, თუ როგორ მოკვდა გმირი ჰექტორი. - ვიინ? ჰექტორი?! - ძლიერ გამოცოცხლდა ვასიკო. - აბა?! დამხმარე ლიტერატურაში წავიკითხე, რომ ერთი ჯამბაზი სიმღერით როგორც კი მიადგებოდა იმ ადგილს, სადაც ჰექტორი იმქუსლიანმა უნდა მოჰკლას, თურმე ერთი ვენეციელი თითო ოქროს უხდიდა ჯამბაზს მხოლოდ იმისთვის, რომ შეეწყვიტა სიმღერა. - ეს ვითომ, რატომ? - რატომ და, გრიშა, ერთი დღით კიდევ რომ გაეხანგრძლივებინა ჰექტორის სიცოცხლე... აი, ასე მძაფრად სჯეროდათ ჯამბაზის მონათხრობისა. - შენ ხედავ, კაცო? მერე... - მერედა, იქამდე იხადა თურმე ფული, სანამ მთლად ჯიბეგამოფხეკილი არ დარჩა. აბაა, ჩემო ვასიკო...
პოეზიაა,
შენ რა გითხარი პანტალონე, ამის საკითხავად მცალია?!.
|