ამ თემის დანახვაზე ისევ დავფიქრდი...
ჩემს ბავშვობის მეგობართან ერთად რა აღარ გამომივლია და 20 წელზე მეტია ვძმაკაცობთ. არც არასოდეს შევწყვეტ მის სიყვარულს. მაგრამ ერთხელ თვითონ ისეთი ბზარი გაავლო: თან რომ ვერ ვეუბნები, და თან ვერც სხვას ვუყვები და როცა მას ვეკონტაქტები, აუტანელიც რომ არის ამის დამალვა, მაგრამ გამორიცხულიც არის რომ გამოვუტყდე...
ერთხელ ვიყავით ასულები საერთო მეგობართან დაბადების დღეზე და ბევრი ჩვენი თანატოლი გავიცანი იქ. და ერთ-ერთი ვინც იქ გავიცანი და შევატყვე რომ რაღაცნაირად მიყურებდა, მისულა იუბილართან მოგვიანებით და ჩემზე უთხრა: ეს ბიჭი გეი არისო... ამ იუბილარმა გაიკვირვა: არა, რას ამბობ, შანსი არ არისო. მაგრამ ადგა თვითონ და ამ ჩემს ძმაკაცთან, რომელიც მისი კლასელია და ერთმანეთს ყველაფერს უყვებიან როგორც ასევე ბავშვობის ძმაკაცები, და მოუყვა რაც თქვეს ჩემზე...
და მხოლოდ ამის შემდეგ მოვიდა ამბავი ჩემამდე, რომ ეგრე უსაუბრიათ.

დამიჯდა ეს ჩემი ძმაკაცი და მშვიდად მაჯახა სხვათა შორის: "შენზე ეგრე თქვესო"... საქმე ის არის, რომ ბისექსუალი ვარ, არ მეტყობა არაფერი ქცევებში და კატეგორიულად არ მინდა საახლობლოში, მით უმეტეს ვინმე ძმაკაცმა იცოდეს ეს. თვალებში მიყურებდა თან ეგ რომ თქვა. თვითფლობა მაქვს საკმაოდ კარგი და დამაჯერებლობაც, ნერვი არ გამიტოკდა გარეგნულად, მაგრამ ძალიან ავღელდი. კედელთან მიყენებულად ვიგრძენი თავი. ვიუარე: საიდან მოიტანა მეთქი, მშვიდად ვიკითხე... კატასტროფა იყო კიდევ ის, რომ თურმე იმ ჩვენს საერთო "მეგობარს" (რომლის გაგონებაც აღარ მინდა) მთლად ამ ჩემი ძმაკაცის დედის თანდასწრებით მოუყოლია ეგ ამბავი. და კიდევ უფრო გავბრაზდი როცა ჩემს მეგობარს ვეუბნები: კი მაგრამ შენთან რომ მოყვა ეგეთი ჭორი, ჯერ იქნებ ჩემთან ეკითხა, ჩემზე რომ მიდის ლაპარაკი, ან დედაშენის თანდასწრებით ამის მოყოლა რა საქციელია-მეთქი. ამანაც ის გაამართლა: მერე რა მოხდა, ძმაკაცურად მითხრა რაც გაიგოო... და მე რომ ვარ მაგ ამბავში მთავარი ადამიანი და ჩემზე ჭორაობენ შენთან, უხერხულობა არ იგრძენი მეთქი?

არა, რატომ ქმნი პრობლემას, ხომ არ ხარ რაც თქვეს და რატომ გაბრაზდიო
თან მერე მოაყოლა: ნუ ახლა ჩემი ბავშვობის ძმაკაცი რომ ეგეთი აღმოჩნდეს, ხომ არ დავშორდები მაგის გამოო. (ისე თქვა, თითქოს მადლობელი უნდა ვიყო ამის გამო)

გამეცინა და გავიფიქრე: და რომ არ ვიყო ბავშვობის ძმაკაცი, მაშინ მომისვრიან ტექნიკურად-მეთქი?

"მაგრამ ავადმყოფები არიან ეგენი და სამკურნალოებიო". ბოლოს დააგვირგვინა ზიზღნარევი ტონით... ღიმილით ვუყურებდი, კარგი ეგრე იყოს-მეთქი.
სახლში რომ დავბრუნდი ისე საშინლად მარტოდ და დამცირებულად ვიგრძენი თავი. გამზიარებელი აღარავინ მყავდა რომ ეს მომეყოლა. ჩემი ცხოვრების უსაყვარლესი ადამიანი დამცინავი და ზიზღის ტონით ირიბად რომ "ავადმყოფს და სამკურნალოს" მეძახის. და რაც მძულს: როცა სამეგობროში ჯერ გაგარჩევენ პირად თემაში და მხოლოდ მაგის მერე მოგდის ამბავი რაც ულაპარაკიათ. და როცა ორ მეგობარს შორის მესამე, თუნდაც ასევე ახლო მეგობარი შემოდის და დგება შუაში, როგორ ცვლის ურთიერთობას...
ამიტომ ვურჩევდი თუკი ვინმეს სამეგობრო წრე ჰყავს, რომ თუნდაც სამნი რომ მეგობრობდნენ, არის საკითხები, რაც მხოლოდ ორმა იცის და მესამე არასოდეს უნდა ჩაერიოს რაიმე ფორმით ორი კაცის ურთიერთობაში... საბოლოოდ შემზიზღდა სამეგობრო წრეები. მხოლოდ ერთი ერთზე მეგობრობის მჯერა გულწრფელად...
აღარაფერს ვამბობ განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის გამო ირიბ დამცირებას რომ ვისმენ მათგანაც ისე, რომ აზრზე არ არიან რომ მეც მამცირებენ. ჩვენნაირებისთვის ხომ საბოლოოდ ასეთი ჩუმი მარტოობაა გამზადებული ცხოვრებაში...