avgustaსაძილე ზღაპარი
იყო და არა იყო რა. ღვთის უკეთესი რა იქნებოდა.
ერთ უღრან ტყეში, ბოროტი ჩანგალი ცხოვრობდა და ტყის მწერებს ერჩოდა.
ჩანგალი ტყეში გაზაფხულზე მოვიდა, რადგან იცოდა რომ მწერები თბილ ფუღუროებში იზამთრებდნენ, მაგრამ გაზაფხულის დადგომისთანავე, როდესაც ხეები იკვირტებოდნენ და ყვავილები მიწიდან თავს წამოყოფდნენ, მწერებიც გარეთ გამოდიოდნენ და ფუსფუსს იწყებდნენ.
ტყე უღრანი იყო, მაგრამ მრავალფეროვანი. რას არ ნახავდით ტყეში: მზეზე აბრჭყვიალებულ ობობას ქსელებს - შხამიან ბუზებს და სისხლისმსმელ კოღოებს რომ იჭერდნენ, მშრომელ ფუტკრებს - ყვავილიდან ყვავილამდე წერილები რომ მიჰქონდათ და გასამრჯელოდ ნექტარს იღებდნენ, ლამაზ ჭიამაიებს - მცენარეებს შორის ტყის ამბები რომ გადაჰქონდათ, ფუსფუსა ჭიანჭველებს - ტყეს ნარჩენებისგან რომ წმენდნენ და გზააბნეულებისთვის ბილიკები გაჰყავდათ, მანათობელ ციცინათელებს - ჭიანჭველების გაკვალულ ბილიკს რომ უნათებდნენ მგზავრს ...
ბოროტი ჩანგალიც, გაზაფხულის პირველ დღეს მოვიდა.
ჭიანჭველების ბილიკებს დაჰყვებოდა, მწერებს იჭერდა და კოლბაში ამწყვდევდა, რომ შემოდგომის დადგომისთანავე მათზე ცდები ჩაეტარებინა და სამუდამო ახალგაზრდობის ელექსირი დაემზადებინა, თავისი ჩანგლუნიასთვის, რომელიც ტყისგან მოშორებით, წყალსგაღმა სოფელში ცხოვრობდა.
ბოროტი ჩანგალი, ჩანგლუნიაზე იყო შეყვარებული და ეგოისტურად უნდოდა რომ ის სამუდამოდ ახალგაზრდა ყოფილიყო. ხანდახან სიყვარულის სახელით ბოროტებასაც სჩადიან, გაუთვითცნობიერებლად.
ისევე როგორც ყველა ტყეში, ჩვენს უღრან ტყეშიც სახლობდნენ ელფები, მაგრამ ტყისგან თავი შორს ეჭირათ, უნდოდათ რომ ტყე ელფებისგან დამოუკიდებლად განვითარებულიყო და შორს, მთის მწვერვალზე დაედოთ ბინა.
მაგრამ ბოროტი ჩანგალი უმწეო მწერებს გათამამებული ერჩოდა, რაᲮან წინააღმდეგობას ვერ შეხვდა და მალე მთელი კოლბები ტყიდან მოტაცებული მწერებით გაავსო.
შეწუხდნენ ტყის მწერები, ხედავდნენ მათ ძმებს და დებს თავისუფლება წართმეულებს და კოლბებში გამოკეტილებს და თავადაც წაერთვათ ტყეში ფუსფუსის სურვილი ...
ობობების ქსელები აბლაბუდად იქცა, არავის დაჰქონდა ყვავილებთან წერილები და ახალი ამბები, აღარც ბილიკები გაჰყავდათ ტყეში და არც არავინ უნათებდა გზას დაკარგულ მგზავრს. ტყემ მოიწყინა და ფოთლების შრიალი შეწყვიტა.
ეს ამბავი კი ელფების თვალებამდე და ყურებამდე მივიდა. დაღონდნენ ელფები, მიხვდნენ რაღაც უბედურება ხდებოდა ტყეში, აბჯარი აისხეს და ტყეში ჩავიდნენ. მიზეზიც მალე იპოვეს, გაუმაძღარი ბოროტი ჩანგალი უკვე გაუკვალავ ბილიკებზე დადიოდა და კვლავ მწერებს ეძებდა, დასაჭერად.
ელფები ჩანგალს ჩაუსაფრდნენ, და როდესაც იგი თავის ქოხში გაემართა, უკან გაჰყვნენ, საბრძოლო ყიჟინით შეიჭრნენ ქოხში, კოლბებს თავი მოხსნეს და ყველა მწერი გაათაᲕისუფლეს, კოლბები დაამტვრიეს, ქოხი დაწვეს, ბოროტი ჩანგალი კი წყალსგაღმა გააძევეს და მეორე ნაპირზე გადმოსვლა აუკრძალეს.
დაღონებული მიდიოდა ბოროტი ჩანგალი თავის ჩანგლუნიასთან, მარადიული ახალგაზრდობის ელექსირის გარეშე. როდესაც ტანსაცმელშემოხეულმა და ნაცემმა შეაღო უჯრის კარი, ჩანგლუნია გახევდა, შემდეგ ჩანგლისკენ გაექანა, და სავარძელში ჩაჯდომაში დაეხმარა.
თვალცრემლიანი უყვებოდა ბოროტი ჩანგალი ჩანგლუნიას მისი მარცხის ამბავს, ეგონა რახან მიზანს ვერ მიაღწია, ჩანგლუნია აღარ შეიყვარებდა და განმარტოებით ცივ კუთხეში, მოუწევდა მარტოს ცხოვრება. ჩანგლუნია მშვიდად უსმენდა, როდესაც ჩანგალმა თხრობა დაამთავრა, ცრემლი მოწმინდა და მოეხვია.
მას შემდეგ ცხოვრობდნენ ერთად უჯრაში, ტკბილად და ბედნიერად და წლეეების შემდეგ, სიბერეში, ხშირად იგონებდა ჩანგალი (უკვე არ იყო ბოროტი) ამ ამბავს და ხვდებოდა, რომ მთავარი მარადიული ახალგაზრდობა სულაც არ არის, და ახალგაზრდობაც, თუნდაც მცირეხნიანი უფრო ტკბილია, როცა ცხრა მთას იქით არ ხარ გადახვეწილი სულელური მიზნებია მისაღწევად და დროს შენს ჩანგლუნიასთან ერთად ატარებ, უჯრაში მყუდროდ, თბილ ბუხართან ახლოს.
ჭირი იქა, ლხინი აქა,
ქატო იქა, ფქვილი აქა.
* * *
ჯარჯი ეს ის არ არის რაც ,,ქალი და მამაკაცის" განყოფილისებურად იფიქრე.
avgustaმშვიდი ძილი.
This post has been edited by Pepper_Crowley on 3 May 2021, 22:50