Pepper_Crowley
Imagine

      
ჯგუფი: Members
წერილები: 10385
წევრი No.: 261303
რეგისტრ.: 24-February 21
|
#58231920 · 10 Aug 2021, 15:53 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
3Dmaster
საშუალო ბუხჰალტერ-ინტელიგენტი გაიოზ ჯაში, წელიწადი-თერთმეტი თვე საქართველოს დედაქალაქ თბილისში ცხოვრობდა, ხოლო შვებულებას ატარებდა სოფლად.
აი, ხომ თითქოს ჩვეულებრივად უნდა მიდენილიყო მისი ცხოვრება - ზომიერი სმაჭამა, ძილი, გაღვიძება, ავტობუსი, ანგარიში, ოჯახი, დაძინება, რამე, მაგრამ გაიოზ ჯაშს ერთი უცნაური რამ ფრინველი სჭირდა. არავინ იცოდა იმა ფრთოსნის ასავალ-დასავალი, როდის რა მოეგუნებებოდა, ამისა ვერავინ უწყოდა რა. დაუბარებლად გამოგიცხადდებოდა: აი, ზის, ვთქვათ, მთელი დღის ანგარიშით თვალებაჭრელებული გაიოზ ჯაში ტელევიზორთან და სასარგებლო გადაცემას უყურებს; ან, ვთქვათ, არანაკლებ სასარგებლო გაზეთს კითხულობს, არა? - უეცრად, დააფრინდებოდა ზედ ქეჩოზე ის წყეული, აღარც კითხვას ანებებედა, აღარც ცქერას, თავიდან ნელი-ნელ, ჩუმჩუმელურად ჰკორტნიდა აღარ და აღარ მოეშვებოდა, ხან ტაშიტუშს დასძახოდა, ხანაც ვაიმე-ვუიმეს, თავის ოთახში შეიპარებოდა გაიოზ ჯაში, მორცხვად ლუღლუღებდა დამეხსენ, დამეხსენ, ქაღალდის მადლმა, აბა რომელი ჩემი საქმე შენა ხარო, იხვეწებოდა. აბაა... გაგიგონია?.. ხვეწნა კი არა, ხმლით და მუგუზლით ვერ მოიშორებდი - უხილავი და აბეზარი იყო. თანაც, თვალთმაქციჩასჩიჩინებდა: აი, აი დამიჯერე და აი ნახავ, თუ არ მოიგებ, მიჯექ, მიჯექ მაგ მაგიდასთან, ეგრე, მიდი-მიდი მოიმარჯვე ეგ ბატის ფრთა, ჩააწე, ბიჭო, სამელნეში, რა გეშინია, კი არ გიკბენს, მიდი ჰა, ეგრე, და აი ნახავ, თუ არ მოიგებ, და თუ არ მოიგებ, მაინც ხომ არას წააგებო... ვაჰ, წაგება არ იყო განა ის მიგდებული გაზეთი? ანდა, წაგება არ იყო, სხვებს რომ ტახტრევანზე არხეინად უნდა ეკოტრიალნათ, გაიოზ ჯაში მაგიდასთან უნდა მჯდარიყო და სულ გიჟმაჟური სიტყვები ეძებნა.. წაგება იყო, მა რა ჯანდაბა, სხვები რომ დომინოს ატყაპუნებდნენ და კარტაობდნენ, იმას იმ ანც-მანც სიტყვების ძებნაში სულ თავ-პირი უნდა ემტვრია... ისე, ეს, ცოტათი თვითონაც უნდოდა.. შემოიჩვია, რაღა.
ლექსი იყო, ჰო. - :
ქორს შეუყვარდა ქოროლი, უთხრა, ჩემი ხარ, ტოროლი...
აი, ხო ვითომ ვერაფერია, არა? აი, ხომ ვითომ დიდი ვერაფერიშვილია, არა? ვნახოთ. ერთხელაც, აბა;
ქორს შეუყვარდა ქოროლი, უთხრა, ჩემი ხარ, ტოროლი...
აი, ხო ისევ ვერაფერია, არა? რაღაცა მაინც არი. რა და, ცოტათი შორიდან მოვუაროთ, კარგი დედ-მამის შვილებო:
აგერ, ქვეყანა ხომ დიდია ქვეყანაზედ კი ადამიანები დადიან - ერთი, ორი, ერთი, ორი, ჰაიდააა, მიდიი... მაგრამ ვის საით გაუწევია, ან რას აპირებს, ერთიმეორისა ნაკლებად უწყიან. მით უმეტეს რომ, ზოგმა თავადაც არ იცის, საით მიჩინდრიკობს. მაგრამ სუყველას რაღაცა გვინდა... აი, ზოგ-ზოგებს რომ რაღაცეები გვინდა, აის ცუდია, ზოგიერთებს რომ გვსურს - ის კიდე, კარგი. მაგრამ რა რაა და ვინ როგორი, მიდი, გაიგე... ლამის ძნელია. რაღაცრაღაცებს რადგან ძლიერ ესწრაფვიან, კარგი ჰგონიათ და შიგადაშიგ ისე არიან ფუჰკუდიანის ხელით დაქოქილ-გაფაციცებულნი, ქვეყნის საცქერელად, დრო აღარ რჩებათ, მააშ. ქვეყანა კი სავსეა, კარგი. სულ შენთვინა დგას, სხვები არას გიშლიან, ყველამ უცქირეთ რამდენიც გინდათ, ვერ აიტანს თუ რა.
აბა, საქმეა - უშენოდ თენდება, უშენოდ ბინდდება, არაფერ შუაში ხარ; სულაც არ იცი და მამალი ჰყივის, წვიმა სველია, სხვა არაფერი, აეს, საქმეა? ზოგნი არიან, არც დაიჯერებთ, სხვისა კარგი ჰშურთ და, სულ იმისი დარდი არ ექნებათ, როგორ ამოდის მარიხ-ვარსკვლავი? ან, მე რომ ვქაქანებ, განა მე ვიცი... ეგეთები ვაართ. ისე კი, გვეკუთვნის თუ არა, მაინც რო სუ ხვავი და ბარაქა გვინდა? ვნატრობთ და ვისურვილებთ კიდეც: ჭირი იქა, ლხინი აქა, ქატო იქა - ნეტავი სად იქა - ფქვილი აქა, მთას ურემი ავაგორე, წამოვიდა გორებითა, აქ სიცოცხლით გამოძეხით, საიქიოს - ცხონებითა, ვიშ! ტაშიი!! ფანდური!!! რამე... მერედა, ამას რით ვიმსახურებთ - წავიდა, მოვიდა, მოიტანა-თი? მაშინ მეც წავალ, მოვალ და მეც მოვიტან, თხა თხაზე ნაკლები რა ვთქვი, ის თუ წავიდა, მობრუნდა და მოიტანა, მე ვეღარ წავალ და ვერ მოვიტან? მაგრამ რას... აეგ ხანდახან არ ვიცით ხოლმე.
ჰოდა, მივდივართ, და სად მივდივართ, მოგვაქვს, მაგრამ რა, გვინდა, გვაქვს კიდეც და აბა სად არი; ერთი თაგვი იყო, ბევრი ოქრო ჰქონდა, ძლიერ მალავდა, ათასში ერთხელ ჩუმ-ჩუმად თუ ამოამზეურებდა, ბრჭყვიალზედ შიშიანა სტკბებოდა, მიწაში ღრმად, შიგნიშიგან დამალავდა ისევ, ბოლოს სხვასავით მოკვდა და ოხრად დარჩა, მე თუკი მკითხავთ, სიცოცხლეში სულ ტყუილ-უბრალოდ ღელავდა ისა, ვწვალობთ, ვჯახირობთ, ნეტა, სწორნი ვართ? ეგებ თავს სულ მეტ-მეტობით ვიტკიებთ და, არ დაგვაღონოს ამდენმა ფიქრმა;
გამოსავალი? - საბრალო დედაბრისასაც კი, დიპლიპიტო. ადგილობრივები ვაართა. სხვა რაღა უნდა გვინდოდეს ნეტავი, ჰა?: თრახ! - ირგვლივ კედლები, ჭიშკარზედ შიგნიდან მსუყე ბოქლომი, მოხერხებულ თავზედ ჭერი, მუცელზედ ღიპი და თრახ! - ჯიბეზედ თანხა, კაცოუ, კაცოვ, ეს მაინც რამდენს გადავახტით ნაკლულ თავზე, მაგრამ ერთი ეჭვი მაინც, მაინცა გვაქვს - რაგინდ გავდიდდეთ, გავიბეროთ და გავიბღინძოთ, ეგებ ზემოდან ცოტათი უფრო პატარები მოვჩანვართ, ჰაა? რა იცი, აბა, ქვეყნად რაები აღარა ხდება...
მაგრამ ხანდახან ისეთი სუსხი შეგვიპყრობს ხოლმე, განსაკუთრებით, სხვების მიმართ - რას დაჩალიჩობთ, აბა რას მიედ-მოედებით, ანდა რაში ჰფლანგავთ სულ სხვა რამისთვის ბოძებულ გონებასა და დროს, ღირებულს რასმეს - სულაც არ უფრთხილდებით, სისულელეებს - დაჰკანკალებთ, არც სიზმრისა გწამთ და არც ცხადის, და რაგინდ არ უნდა ელოლიაოთ და გამოიკვებოთ ამტანმუცლიანი სხეული, ბოლოს, იცოდეთ, მაინც გვიმტყუნებს, რადგან ვცვეთთ და ვცვეთთ... ვთქვი მეც ახალი რამე, რაღა... მაგრამ რა ვუყოთ, ეს შეხსენება ყველას გვჭირდება და, ბარაქალა შენ არცთუ ძალიან იშვიათო, მაგრამ მაინც გამონაკლისო, გაიოზ ჯაშო!
აგიხსნი, რატომც ბარაქალა შენ.-
გაიოზ ჯაშო,
სხვა რომ ოხრობას ჩაიფიქრებს და იყინება, შენ იმ დროს უცნაური შუქით გითბება კუმშვადი გული, თქვენ ლექსებსა ჰსწერთ. თანაც მალვით,
პატივცემულო გაიოზ,
ვგონებ, არა აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა იმას, თქვენი ლექსები ძლიერ კარგია, ნამეტურ სუსტი თუ მეტისმეტად საშუალო. მთავარი მაინც ისაა, ადამიანი სამელნეს რომ შეავსებს, ახლოს მიიჩოჩებს და მოძიებულ ბატის ფრთასაც წამოავლებს ოდნავ, ცოტათი ათრთოლებულ ხელს, უკვე კარგია. რაღაცა ხდება! არცთუ ისე ჩვეულებრივი,
გაიოზ ბატონო,
ეგ არაფერი, ბატის ფრთებით ჯუჯა დიდკაცებს ათასნაირ დადგენილება-ოხრულწესდებაზედ რომ მოუწერნიათ რეგვენი ხელი, ეგ თქვენი საქმე და ბატის ფრთა ძალიან სხვაა, თქვენ სხვანაირი ფრთოსანი გიწიწკნით ლტოლვით შეძრულ სულს,
დიდად პატივცემულო გაიოზ,
თქვენივე სული გაჯანჯღარებთ და არ გასვენებთ, თქვენ სულის ქლიბით იცრეცთ და ებრძვით გისოსურ ნაღველს, საშველს დაეძებთ. ლექსის კაცი ხართ, მაგრამ ეგებ სულაც არ იცით, თავისუფლება რომ ძლიერ გიყვართ, მაგრამ სადაა ასეთი ლექსი, თქვენ კიკოლივით ღამე-ბნელში დაბოდიალობთ, და ცადაწვდილი კოცონის ნაცვლად მისუსტებულ ციცინათელას თუ წააწყდებით სადმე, ხომ მაინც კარგი,
ღრმად პატივსაცემო გაიოზ.
იმ ძიებაში თქვენი სულიდან ვიღაცა თითქოს ხის კოვზით ხაპავს ყოველნაირ უწმინდურებას, ნათლით ივსებით; კაცი რომ ლექსებს წერს: რაღაცა უყვარს, ანდა ვიღაცა, ორთავ-კარგია,
ბატონო გაიოზ,
თქვენ სხვებსეეფ ეშმაკისაკენ ვერ გაგექცევათ შეყვარებული თვალი, რადგან კეთილი ტარტაროზი დაგუფლებიათ, იმ თქვენს საქმეში ტარტაროზიც კი შეიძლება კეთილი იყოს, ლექსების წერისას რაღა არ ხდება, და, სიყვარულის გამოისობით, თავად ბრძანდებით -
მცირე უფალი გაიოზ,
რა მოხდა მერე, სუსტ ლექსებს რომ წერთ, მთავარი მაინც ისაა, უცხო ნაკვერჩხლები რომ გიღვივით გულში, სულშთასაბერი; ისიც არაფერი, ხანდახან ჩუმად თავი რომ მოგაქვთ, დიდი ამბავი, ცოტ-ცოტას ყველანი ვიპრანჭებით, ეს პოეზიის და-ქალია - შიგადაშიგა არტისტიზმი, სამაგიეროდ ეჭვებიც ხომ გღრღნით, ეჭვებზე - შემდგომ, საქართველოში ძალზედ ძნელია ლექსების წერა, და მაინც, მაგრამ, რა უჭირს მერე, ხანდისხანობით,
ქორს შეუყვარდა ქოროლი, უთხრა, ჩემი ხარ ტოროლი...-ს.
გაიოზ ჯაში ფარულ ლექსებს ქურდულად წერდა.
|