სეირნობა ყოველთვის კარგია.
შენობაში ქარი წუოდა, მეთქი დაანგრევს. გამოვედი, კარგად გამოვიხურე კარები და ფოთლების კორიანტელში მოვყევი. ერთი თან მომყვებოდა, ხელზე ჩამაფრინდა. ჯიბეში ჩასმა რომ მოვუნდომე - გადაიფიქრა, გაფრინდა.
მოვდივარ და თვალი დამრჩა ალვის ხეებზე. გადაკრეჭილებს ნორჩი ტოტები ამოუტანიათ. შრიალებენ გაზაფხულივით. უნდა იდგე და უყურო.
ავტობუსში არ ავედი. ისე ცხელა, გარდერობს თუ მოაწყობენ ასასვლელში ქურთუკების, საწვიმრების, მთელი წლით კარადაში ნადები მანტო, პალტოების დასაკიდად, მაშინ შეიძლება გაყვე.
გზაში ხან რა დავკარგე, ხან რა

ბოლოს, მეც არ დავიკარგო ამასობაში-მეთქი, შემხვედრ გაჩერებაზე უგარდერობო ავტობუსში მოვკალათდი.
მალე გზიდან გადაუხვია, სხვა მიმართულებით წავიდა... მე კიდე ცაში გადებულ კიბეზე მომიწია ასვლა. სიმაღლის ფობია დამემართა ასვლაზე, გადასვლაზე და ჩამოსვლაზე. პირდაპირი მნიშვნელობით ჭადრების კენწეროებზე გადავიარე.
და რა შემოქმედებითი ხალხი ვართ. იქაც კი, რკინის კონსტუქციის დაუგმანავ ღრიჭოებში ცარიელი ლუდის ქილები, ქაღალდები და თაგვების სანატრელი ავლადიდება დამხვდა შეჩურთული.
რატომ ააშენეს ამსიმაღლე ხიდი?
კიბეები, კიბეები.
მიწაზე ჩამოსულსაც კიბეები მხვდება პარკში ჩასასვლელი.
გამოყოლილ შიშს ვძლევ.
რამდენი მიმზიდველი გზაა. რომელ ერთს აირჩევ?
ცოტა ხანს წამოვწექი.
ვთქვათ...
ვითომ...
რომ არ მეჩქარებოდეს.
გამოღვიძებულზე დაბრუნდა ხმები, მანქანების ხმაური.
ექიმაა, როგორ დადიხარ ფეხზეო.
ჰოდა, მეთქი რა ვი... რატომ?.. და რომ დავფიქრდი - უბრალოდ შევეჩვიე.
განა დავდივარ, დავფრინავ.