fork
Carved & Stainless

      
ჯგუფი: Members
წერილები: 16175
წევრი No.: 202766
რეგისტრ.: 22-May 15
|
#60568811 · 20 Jul 2023, 22:36 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ჩემი მე:
გაზაფხულის ხალისიანი დღეა, ალბათ მარტის, რადგან ხალხს ჯერაც თბილი ქურქები აცვია და მიუხედავად მზიანი ამინდისა, მაინც იგრძნობა სუსხი ჰაერში. თუმცა სკვერებსა და პატარ-პატარა ეზოებში ბალახი ამოწვერილა და სასიამოვნო სიხასხასე თვალს ახარებს. ხეებსაც კვირტები დაბურთვიათ, ფოთლებს აქა-იქ წამოუხედავთ კიდეც. პატარა სკვერში ვზივარ, ვარ 10-11 წლის ჩალისფერთმიანი, თაფლისფერთვალება ბიჭუნა. დიდი, რუხი ბათინკები მაცვია, წაბლისფერი თბილი ქურთუკი და მუქი ლურჯი ჯინსის შარვალი. სკოლა ეს-ესაა დამიმთავრდა და შინ წასვლამდე აქ შემოვეხეტე. ჩემი ზორბა ზურგჩანთა, რომელსაც ოპტიმუს და სენტინელ პრაიმები ახატია გვერდით მიდევს, ხის გრძელ სკამზე. სკვერს შიგადაშიგ მოკირწყლული ბილიკები სერავს, ერთიც შედარებით ფართე მოასფალტებული გზა, რომლის აქეთ-იქითაც ასეთივე ხის დასასვენებელი სკამები დგას. ირგვლივ ახალგაზრდა და ნორჩი ხეებია ალაგ-ალაგ დარგული და ყველა ვარდისფერი კვირტებითაა დამშვენებული, აშკარად ალუბლები არიან. იქვე თუჯის მოჩუქუთმებული საათი დგას, სვეტზე, როგორც აქა-იქ გაფანტული ფარნები. სკამზე ჩამომჯდარი ფეხებს ვაქანავებ და მზესუმზირას ვაკნატუნებ. მოწესრიგებული ბავშვი ვარ-ჩენჩს მუჭში ვიგროვებ და სკამის გვერდით მდგარ ნაგვის ურნაში ვყრი. ის ისაა წამოდგომას და შინ წასვლას ვაპირებ, რომ ვხედავ მოპირდაპირე სკამზე ახალგაზრდა ქალი ჩამოჯდება, მუქი ვარდისფერი დუტის ქურთუკი აცვია და თან პატარა გოგონა ყავს. გოგონას ხავსისფერი ქვედაბოლო და სალათისფერი დუტის ქურთუკი მოსავს, ნაქსოვი, ასევე მწვანე ქუდიდან პაწია, აკვანწული წაბლისფერი ნაწნავები მოუჩანს. პატარა ტყის ელფივითაა-ერთიანად მწვანე ტანისამოსით, ერთადერთი ხელთათმანები არ აქვს მწვანე-სასიამოვნო მუქი იასამნისფერი და არა დათბილული, არამედ ხავერდის ან ნატის, მაჯებთან იისფერი წყვილი კუნწულით. ჩემი სკამის მოპირდაპირედ სხდებიან, დედა მობილურს იღებს, ნომერს კრეფს და რამდენიმე წამში საუბარში ეფლობა. გოგონა ზის, ინტერესით მიყურებს და შიგადაშიგ ბავშვური, ლამაზი ღიმილით მიღიმის. თვალებიც მწვანე ჰქონია, ისე მოჩანს თითქოს მის წამწამებს მიღმა ორი ხასხასა ფოთოლი ამოღერილა. საუცხოო სანახავია. დედა საუბარსში გაერთო, ცოტა ანერვიულდა კიდეც, ადგა და ბოლთის ცემით აგრძელებს საუბარს. წამოვხტი, ხელში შერჩენილი მზესუმზირაც და ჩენჩოც ურნაში ჩავუძახე, მივედი და გოგონას მივუჯექი. -გამარჯობა. -გაგიმარჯოს. მიღიმის, საოცრად უშუალოა. ცოტა ხანში გატაცებით ვესაუბრებით ერთმანეთს, ორი პატარა უბიწო ჩიტუნია. ხელთათმანები გაიხადა და სკამის ზურგზე დააწყო, ფრთხილად. ლამის ერთი საათი მაინც გავიდა ჩვენს გულუბრყვილო ბაასში, უცებ დედამისი მოდის, ერთს წყრომით შემომხედავს, უსიტყვოდ კიდებს გოგონას მაჯაში ხელს და მიყავს. ბავშვი ცრემლიანი თვალებით მიყურებს და უხმოდ მიჰყვება. გაბრაზებული ვზივარ უფროსის უტაქტობით შეურაცხყოფილი, უცებ თვალს ვასწრებ რომ გოგონას ხელთათმანები დარჩენია. ხელს ვტაცებ და მინდა გავეკიდო, მაგრამ აღარ მოჩანან. ერთხანს ხელებში დავყურებ პატარა იასამნისფერ ხავერდოვან ხელთათმანებს, შემდეგ კი ისევ სკამზე ვდებ-ეგებ გაახსენდეთ და მობრუნდნენ წასაღებად? ვიღებ ზუგჩანთას, ვიკიდებ და შინ მივდივარ, მძიმედ, თითქოს რაღაც ნაწილს იმ სკვერში, იმ სკამზე ვტოვებ. გადის თითქმის 50-55 წელი, ისევ ვხვდები იმ სკვერში, იგივე სკამთან... სადაც გოგონას ველაპარაკებოდი, ზუსტად იმ სკამის უკან ხე დგას, ოქტომბერი ან ნოემბერია, საკმაოდ ცივა და შავი მანტო მაცვია, მუხლამდე. თმა ოდნავ მაქვს შეთხელებული და ნახევარზე მეტი ვერცხლისფრად ბზინავს. სკამის ირგვლივ მზესუმზირის ჩენჩოთია მოფენილი გზატკეცილი, შიგადაშიგ ალუბლის გამოფიტული კურკებიც მოჩანს. ხეს შევყურებ და უცებ გაოცებისგან ვშეშდები-დაახლოებით ჩემი მკერდის გასწვრივ მერქანს ბზარივით მოუჩანს დეფექტი და შიგ ფერგაცრეცილი, იასამნისფერი ნაჭრის ნაგლეჭებია ჩაწნული. თითებს ვიწვდენ და ნაჭერს ვახებ. დაუჯერებელია მაგრამ ისაა-ხელთათმანები, უკვე გაქუცული და ფერწაშლილი, მაგრამ ისინი. გული მიმძიმდება. უცებ ვგრძნობ რომ ჩემს უკან ვიღაც დგას. -ხემ შემინახა! ვბრუნდები, ჩემს წინ სამოც წლამდე, თმაშეფერფლილი, სანდომიანი ქალი დგას. მაშინვე თვალებისკენ გამირბის მზერა-სევდიანი და ჩამუქებული, მაგრამ საოცრად მწვანე... და ვხვდები როგორ ვბრუნდები წლებით უკან, როდესაც ამავე ადგილას გატაცებით ვესაუბრებოდი მას. -მეგონა დაბრუნდებოდით და არ წამიღია. -იმ დღეს ჩემი დაბადების დღე იყო, ხუთი წლის გავხდი და ის ხელთათმანები მამამ მაჩუქა. მინდოდა დაბრუნება, მაგრამ დედა გაბრაზებული იყო და არ გამომიშვა. მთელი საღამო ვტიროდი, ღამითაც. იმის მერე მამა აღარ მინახავს. დედა იმიტომ იყო გაბრაზებული რომ მამამ მიატოვა... გული ტკივილით მეკუმშება, მინდა მივიდე და თმაზე მოვეფერო, მაგრამ ვერ ვბედავ. ისევ ხისკენ ვბრუნდები, უცებ ვგრძნობ რომ მეხება. თვითონ მოდის და თავს მადებს მხარზე. -სულ მახსოვდი. თვალებს ვხუჭავ და ვიძაბები, მეშინია ცრემლი არ წამსკდეს. და ვითავისებ რომ მეც სულ მახსოვდა, ყოველ დღე და სწორედ ამიტომ აღარ შევდიოდი ამ სკვერში, მის გვერდით ჩავლისას კი სევდით ვივსებოდი. ერთი ორჯერ მომიწია შიგნით შესვლა, მაგრამ ამ ადგილს თავს ვარიდებდი. ღმერთო, ნუთუ ამ ხნის მანძილზე ეს ხელთათმანები ვერავინ ნახა? -მე ვნახე, დაახლოებით თხუთმეტი წლის შემდეგ იმ დღიდან. აქეთ მოვხვდი მეგობრებთან ერთად და შემოვედი, მახსოვდა რომ იმ სკამთან სადაც შენ გაგიცანი დიდი საათი იდგა. მოვედი და განცვიფრებული ვუყურებდი ალუბლის ნერგს, რომლის მერქანშიც ჩემი ხელთათმანები გაბლანდულიყო. ხელი არ მომიკიდია, უკვე ისე ჰქონდა მითვისებული ხეს, ორივეს დავაზიანებდი მისი გამოგლეჯით. არ ვიცი რა ვთქვა, მადლობელი ვარ ამ ხის რომელმაც ჩვენი პატარა მოგონება ამდენი ხნით შეინახა. -ლამაზი დღე იყო. -ნამდვილად. -იმედი მაქვს იმის შემდეგ ბევრი ლამაზი დღე გქონდათ... სევდიანად მიღიმის და თავს ხრის. -დაოჯახებული ხართ? ცოტა უტაქტოდ გამომივიდა, მაგრამ ისევ მის ღიმილს ვხედავ და გულზე მეშვება. თავი გადაიქნია და სანამ ამას გააკეთებდა, გულმა მიგრძნო. -არც მე,-ყრუდ მომესმის ჩემი ხმა. -ალბათ ბედისწერამ ინება ასე. -რომ მცოდნოდა ასეთი იქნებოდა ბედისწერა... -ვერ გვეცოდინებოდა. -ჰო, პატარები ვიყავით... ბავშვები. თავს იღებს ჩემი მხრიდან და საათისკენ იქნევს, მზერას საათს ვაპყრობ. ისევ ისეთია, მუქი, უჟანგავი და გაუბზარავი. -ჩვენ ისევ ბავშვები ვართ, იქ სადაც დროა. სიტყვები არ მაქვს. დრომ იცის თავისი უპირატესობა. დრომ იცის რომ მას აქვს დრო!
This post has been edited by fork on 20 Jul 2023, 22:38
|