#62303100 · 7 Oct 2025, 02:47 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ბავშვობის დაქალი შემხვდა, მიუხედავად იმისა რომ ქუჩაში ხალხს სახეზე არ ვუყურებ, რაღაცამ მიმიზიდა. ჩემდაუნებურად მივაშტერდი რა ნაცნობი სახეათქო და იმანაც შემომხედა. მიცნო, ვიცანი. 11 წელია არ მინახავს, მაგრამ ისევ ისეთი იყო, როგორც 23 წლის წინ როცა უბანში ახალი გადმოსული ვიყავი, არავის ვიცნობდი და ის ფანჯრიდან დავლანდე. ხუჭუჭთმიანი გოგო, რომლის გარშემო სხვა ბავშვები იკრიბებოდნენ, რომელიც ყოველთვის ბევრს ლაპარაკობდა და რომელსაც ყურადღების ცენტრში ყოფნა უყვარდა. მახსოვს გავიფიქრე, რომ ამ გოგოსთან მეგობრობა მინდოდა. მერე სექტემბერი მოვიდა სკოლა დაიწყო, მის კლასში მოვხვდი და 7წელი ერთად ვისხედით, ყოველთვის უკანა მერხზე. ერთი შეხედვა და ნახევარმა თინეიჯერობამ გამიელვა თვალწინ. რამდენს ვსაუბრობდით ლიტერატურაზე, კინოზე, ცხოვრებაზე და საკითხებზე, რომლის აზრზე არ ვიყავით, მაგრამ გვაინტერესებდა. მახსოვს, მეცხრე კლასში თამო რომ გავაცანი, მალევე მითხრა, კარგი გოგოა მაგრამ ჩვენ სხვა კავშირი გვაქვს, სხვა აურა, არ ღირს ჩვენს წრეში ახალი ხალხის დამატება, აირჩიე ან მე ან ისო. გამეცინა და საბოლოოდ თამო ჩვენი მეგობარი მაინც გახდა. თამოს ანი და თათია მოჰყვნენ. თუმცა ჩვენ სამნი ყოველთვის უფრო ახლოს ვიყავით. ეჰ, თამუნია, თამუნია რამდენი გვიბოდიალია ერთად. რამდენჯერ წამოვსულვართ რუსთაველიდან სახლამდე, ფეხით. რამდენი ისტორია გვაკავშირებდა ერთმანეთთან. ორი მეგობარი მყავდა, რომელიც მიყვარდა, 5გოგოიანი სადაქალოდან და ერთ დღესაც ყველა მივატოვე. ბევრჯერ მიფიქრია, რომ ზედმეტი მომივიდა. ალბათ არ ღირდა, ყურებამდე შეყვარებული მეგობრისთვის იმის თქმა, რომ 22 წლის ასაკში გათხოვება სისულელეა. ალბათ, არ უნდა მწყენოდა, ჩემ გარდა ყველა მეჯვარედ რომ დაიყენა. შენ ხომ მაინც არ გჯერა რელიგიის, ოჯახის ინსტიტუტის და ბავშვების ყოლის საჭიროებისო კი დააყოლა. ..მახსოვს ერთ დღესაც გავიღვიძე და მივხვდი, რომ ჩემს ბავშვობის მეგობრებთან არაფერი მაქვს საერთო, მოგონებების გარდა. ,,ჩვენი გზები გაიყო" მოკლე მესიჯით დავასრულე ორივესთან ურთიერთობა. 11 წელი გასულა ამ დღიდან უკვე. ერთი მოკითხვა და ძველებური გამოლაპარაკება კი იქნებოდა საკმარისი ურთიერთობის აღსადგენად. თუმცა ფბ დავსქროლე და არცერთი სიტყვა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე, ისევ ვარდისფერ ბაბლში არიან, ისევ კონფორმიზმს ირჩევენ და ჩემს ,,არ შეიძლება ასე ცხოვრება, შეგუება" ისევ იმ პასუხს გასცემენ, რაც ძველად. სწორი გადაწყვეტილება იყო, სენტიმენტების მიუხედავად.
|