humanoidi
ერმონიული

        
ჯგუფი: Moderators
წერილები: 38078
წევრი No.: 4489
რეგისტრ.: 4-March 04
|
#6072853 · 7 Jul 2007, 03:46 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ეს ინტერვიუ "ახალ ვერსიაში" გამოვაქვეყნე 4 წლის წინ
"მთვარის კლუბი" ფიროსმანის იდეის განხორციელებაზე ოცნებობს
"შოუ-ბიზნესის" წარმომადგენლები მეწარმეები არიან და რაც უნდათ, ის აკეთონ"
"მთვარის კლუბი" თბილისში ალბათ ერთ-ერთი პირველი ჯგუფია, რომელმაც მუსიკალური კლუბი შექმნა, სადაც ძალიან ბევრი ჯგუფი გაერთიანდა. თავად "მთვარის კლუბი", "ზუმბა", "ინსაიტი", "33 ა" და "აუტსაიდერი", ალბათ ძალიან მცირე ჩამონათვალია იმ ცნობილ თუ ჯერ უცნობ ჯგუფებს შორის, რომლებიც სხვადასხვა წლებში "მთვარის კლუბმა" გააერთიანა. ყველაფერი თორმეტიოდე წლის წინ დაიწყო. მანამდე ჯგუფ "მთვარის კლუბის" დამაარსებელი ლევან ქუმსიაშვილი მისმა ძმამ გიამ გიტარის მასწავლებელ რაფაელთან მიიყვანა, ვისთანაც კლასიკურ გიტარაზე დაკვრას 5 წელი სწავლობდა. მერე სამხატვრო აკადემიაში ჩააბარა არქიტექტურის ფაკულტეტზე. სწავლისას ისევ ძმამ გააცნო პროფესიონალი კომპოზიტორი გოგიტა მაისურაძე. გოგიტა კონსერვატორიის საკომპოზიციოზე სწავლობდა ანდრია ბალანჩივაძის კლასში. სწორედ მაშინ დაწერა ლევანიმ თავისი პირველი სიმღერები: "ღამე მშვიდობისა", "ოქროს ფოთოლთა ლივლივი", "მე გაზაფხულზე გეპატიჟები" და სხვები, რომელსაც რატომღაც სუფრაზე სამღერი სიმღერების სტატუსს აძლევდა. სხვათა შორის, მაშინ ლევანი და გოგიტა "ლურჯ მონასტერში" ერთად გალობდნენ. მერე შექმნეს ჯგუფი "მთვარის კლუბი", რომელსაც სახელი გოგიტას სიზმრის მიხედვით ეწოდა. ლევანი გიტარაზე უკრავდა, გოგიტა - პიანინოზე, დრამერად კი მურმან ლომიშვილი მივიდა, რომელსაც იმდროისთვის ძალიან კარგი სარეპეტიციო აპარატურა და დარბაზი ჰქონდა. სწორედ მაშინ, გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში ჩატარდა ცოცხალი მუსიკის "გულანშაროს ფესტივალი". "მთვარის კლუბმა" ამ ფესტივალზე გაიმარჯვა. გამარჯვებაში თავიანთი წვლილი შეიტანეს გიტარისტმა ზურა მაისურაძემ და ბასისტმა დათო ტურაშვილმა (არ აგერიოთ მწერალ ტურაშვილში). ჯგუფმა საკმაოდ კარგი რეპერტუარი შექმნა. ბიჭების სარეპეტიციომ და მერე უკვე სტუდიამ ძალიან ბევრი მუსიკოსი და ჯგუფი შემოიკრიბა ირგვლივ. "მთვარის კლუბს" მხოლოდ ერთი ოფიციალური ალბომი აქვს გამოცემული, რომელსაც ჯგუფი ნელ-ნელა, მთელი ორი წლის განმავლობაში იწერდა. "მთვარის კლუბი" ამჯერად მეორე ალბომის ჩაწერის პროცესშია. მომავალი ალბომიდან ერთ სიმღერაზე ("ფრთებს") უკვე გადაიღეს კლიპი. ლევანს კლიპის გადაღებაში უანგაროდ დაეხმარნენ: გიორგი ბერიძე (კინოოპერატორი, რომელიც ამავე დროს კლიპის რეჟისორიცაა) და თამუნა მელიქიშვილი, რომელიც "ფრთების" სცენარისტი და მხატვარია. ლევანი ფიქრობს, რომ ახალი ალბომის ჩასაწერად საკმარისია დასარტყამები, ბასი და გიტარა: "ჩვენი იარაღია ემოცია. ჩვენ არ ვაგინებთ ამ ცხოვრებას, მაგრამ არც ძალიან ვდნებით "მე შენ მიყვარხარებით". სიმღერაში არის თუნდაც წამიერად გაელვებული აზრი. მე ვცდილობ, რომ რიტმს ერქვას პულსი, სიმღერას - ემოცია და მუსიკა იყოს გრძნობა". ჩვენ ვესაუბრეთ ჯგუფის ფრონტმენს, ყველა კახური დადებითი თვისებების მატარებელ ლევან ქუმსიაშვილს. -------------------------------------------------------------- - საქართველოს გარდა, სად დაგიკრავთ? - 1993 წელს, როდესაც საქართველოში დიდი არეულობა იყო, წავედით თურქეთში. იქ 5 თვე ვიცხოვრეთ ძალიან კარგ და საყვარელ ქალაქში ორდუში, სადაც ძირითადად ქართველები ცხოვრობდნენ. ვუკრავდით ბარში, რომელიც პლაჟზე იყო. იქვე კემპინგები ეწყობოდა აკაციის ტყეში. ის პერიოდი ძალიან ტკბილად მახსოვს. რაც მთავარია, გვქონდა 24-საათიანი რეპეტიციების საშუალება. - შენი აზრით, რა მგომარეობაშია თანამედროვე ქართული მუსიკა? - ჩემი აზრით, აბსოლუტურად არაფერი ხდება. რა თქმა უნდა, არსებობენ ჯგუფები და მუსიკოსები, რომლებიც არ ჩერდებიან და ბოლომდე მუშაობის ერთგულნი რჩებიან. ესენი არიან: ნინო ქათამაძე, "ზუმბა" და ნიაზ დიასამიძე. მათი მუსიკა კიდევ რაღაცას აცოცხლებს, თორემ ისე არაფერი ხდება. ძალიან ბევრი უსაქმური მუსიკოსია, მათ შორის ვართ, ალბათ, მეც და რობი კუხიანიძეც. ადრე ცოტა რაღაც გაგვიკეთებია, მაგრამ ახლა უმოძრაოდ ვართ. ჩვენ არა ვართ არც ზარმაცები და არც უსაქმურები, მაგრამ ეტყობა, სადღაც გავიჭედეთ ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო. ეს ჩვენი ნევროზის, უბედურების მიზეზიცაა. თუმცა მოდიან ძალიან მაგარი ჯგუფები, რომლებიც სამწუხაროდ, დღეს საერთოდ არ ჩანან. ძალიან დიდ პატივს ვცემ ჯგუფ "ზეს". ამ ჯგუფის ბიჭებმა მომასმენინეს ერთი უცნობი ჯგუფის სიმღერა, სადაც მღერის ნინო, რომლის გვარიც არ ვიცი, მაგრამ ეს გოგონა "ზეს" ერთ-ერთი წევრის ნათესავია. ეს იყო შეუდარებელი სიმღერა სოციალურ თემაზე. ძალიან მომწონს "აბი გლუკოზა". ამათ გარდა, კიდევ ბევრი ღირსეული ჯგუფი არსებობს, რომლებიც, სამწუხაროდ, არ ჩანან. ეს ალბათ ჩვენი ბრალიცაა. რაღაც ქარის წისქვილებს ვებრძვით, თითქოს ნაწყენები ვართ ვიღაც შოუბიზნესმენებზე. - შესაძლოა, ეს რაღაც პრინციპების ბრალიცაა, რომლებსაც არ გინდათ გადააბიჯოთ? - სწორედ ამიტომ არ ჩანან ისინი. ხშირად მეკითხებიან: რატომ არ ატრიალებ შენს ახალ კლიპს უფრო ხშირადო, მაგრამ არანაირი სურვილი არა მაქვს, ეს კლიპი იგივე სიხშირით ტრიალებდეს, რა სიხშირითაც ისეთი ადამიანის კლიპი ბრუნავს, რომელიც ამ ტრიალის ხარჯზე გახდა ცნობილი. ჩვენი მიზანი არასოდეს ყოფილა პოპულარობა. იმიტომ მინდა დაკვრა, სიმღერა, რომ ამ პროცესისას ბედნიერი ვარ და მსურს, ჩემთან ერთად ბედნიერები იყვნენ ის თანამოაზრეები, ვინც მომისმენს. მსგავსი ჯგუფები არსებობენ საქართველოში, მაგრამ არ არსებობს საშუალება, მათ სადმე მოუსმინო. სამწუხაროდ, ეს ძალიან დიდი უბედურებაა. საერთოდ არ ვწუწუნებ, რომ საქართველოში არიან ისეთი უაზრო მუსიკოსები, რომელთა გვარებსაც არ ჩამოვთვლი ეთიკის ნორმებიდან გამომდინარე. ვფიქრობ, მათ არანაირი პრეტენზია არა აქვთ ხელოვნებაზე. საერთოდ ორსიტყვიან სიტყვაში "შოუბიზნესში", საერთოდ არ ურევია სიტყვები "არტისტი", "მუსიკა" და თუნდაც "ხელოვნება". ამიტომ ისინი ჩემი მოწინააღმდეგენი არასოდეს იქნებიან. არც მათი ბაზარია ჩემი. ეს "ვარსკვლავები" არიან ჩვეულებრივი ბიზნესმენები, რომლებიც საკუთარი თავის რეკლამას აკეთებენ თავიანთი პროდუქციის გასაყიდად. ისინი მეწარმეები არიან და რაც უნდათ ის აკეთონ. უბრალოდ, საწყენია, რომ იმის შესაძლებლობა არა გვაქვს, სადმე წავიდეთ, დავსხდეთ და თუნდაც "ზუმბას" მოვუსმინოთ. რაღაც ადგილი უნდა ხომ არსებობდეს, სადაც ახალგაზრდებს ექნებათ შესაძლებლობა მოუსმინონ მუსიკას და არა ბიზნესს? არ მიყვარს სიტყვა "თინეიჯერი", მაგრამ მარტო ის ახალგაზრდები ხომ არ ცხოვრობენ ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც მარტო ამ "შოუბიზნესის" წარმომადგენლებს უსმენენ. ბევრს მუსიკა, როგორც ხელოვნება აინტერესებს და არა როგორც მხოლოდ გასართობი საშუალება. ხომ არსებობს ისეთი მუსიკა, რომელსაც შეიძლება სერიოზულად მოუსმინო? ეს ყველაფერი ჩვენს ქვეყანაში, სამწუხაროდ მხოლოდ ცალმხრივად განვითარდა (თუ ამას ყველაფერს განვითარებული შეიძლება დაერქვას). ძალიან მინდა, არსებობდეს კლუბი, სადაც მოვლენ ჩემი, შენი მეგობრები, ჩვენ ერთად დავსხდებით და მოვუსმენთ მუსიკას. ამის ნიშნები ერთი-ორი წლის უკან "მთვარის კლუბში" არსებობდა, მაგრამ ჩვენც რაღაც დავიშალეთ. - ამის მიზეზი თავად საკუთარ თავში ხომ არ უნდა ვეძიოთ? თავად მუსიკოსებს ხომ არ გაკლიათ კონსოლიდაცია? - ვინც მუსიკოსია, ის უკრავს, მუშაობს. აქ უკვე ხელოვნებაზეა საუბარი. - ფიროსმანსაც ხომ ჰქონდა მსგავსი იდეა სამოვარისა და ფინჯან ჩაის ირგვლივ ადამიანებს ხელოვნებაზე ესაუბრათ? - და ეგ ხომ ოცნებად დარჩა? მაგრამ რეალური ოცნება კი იყო. მსგავსი რამ პარიზში მონმარტზე განხორციელდა. ჩვენთან არ განხორციელდა და შესაძლოა ჩვენმა თაობამ ბოლომდე ეს ვერ მოახერხოს, მაგრამ ის ამინდი მაინც უნდა შევქმნათ, რომ მომავალმა თაობამ მაინც შეძლოს. - ხვალინდელ დღეს როგორ უყურებ? - ძალიან იმედიანად. ისეთ ახალგაზრდა ჯგუფებს მოვუსმინე, საოცარი ოპტიმიზმი დამეუფლა. საქართველოში ნიჭი არ მოკვდება, მაგრამ ვიღაც ეკონომიურად ძლიერი უნდა ჩაერთოს ამ საქმეში, რადგან ამ ბაზის გარეშე არაფერი გაკეთდება. დღეს ყველაზე მოქმედები ის ბიჭები არიან, რომლებიც ქუჩაში უკრავენ. რატომღაც დარწმუნებული ვარ, ყველაფერი ძალიან მაგრად იქნება. ალბათ კიდევ რამდენიმე წელი უნდა გავიდეს. ძალიან მსურს ჩვენი სარეპეტიციო სტუდიის განახლება მალე დავასრულოთ და ახალბედა ჯგუფებს საკუთარ თავზე მუშაობის შესაძლებლობა მივცეთ.
|