ისევე, როგორც ”75”-ის შემთხვევაში, ”ივერიას” დისკოგრაფიის შეგროვებასაც საკმაო ხანს მოვუნდი და შედეგად თითქმის მთელი დისკოგრაფია შემიგროვდა; რაც მაქვს, ახლა სიამოვნებით გაგიზიარებთ

”ივერია”, ანრი ბასიალიას ხელმძღვანელობით 1968 წელს შეიქმნა. ჯგუფმა თავისი პირველი ალბომის გამოცემა მხოლოდ 7 წლის შემდეგ, 1975 წელს მოახერხა; პირველ რიგში, ცენზურასთან ჭიდილისა და სხვა ბევრი ცნობილი მიზეზის გამო, მცირეოდენი ”მუსიკალური ანაქრონიზმი” სავსებით გასაგები და მისაღებია. ამ ფაქტორის გათვალისწინებით მივყოთ ხელი ალბომის განხილვას:
ზოგადად ალბომის ჟღერადობა და ატმოსფერო ინგლისის ფსიქოდელიური ეპოქის შუაგულს, დაახლოებით 1968-69 წლებს შეესაბამება. ტექნიკური ბაზაც, ალბათ დაახლოებით იმ პერიოდისაა. ამის მიუხედავად, ამ ქართული ფოლკლორული ელემენტებისა და ფსიქოდელიური მუსიკის ასეთი ორიგინალური და ბუნებივი სინთეზი ”ივერიას” სადებიუტო ალბომს იმხელა ეროვნულ კოლორიტს სძენს, რომ ჩემი აზრით, ეს ალბომი როგორც ქართველისთვის, ისე უცხოელისთვის სასიამოვნო მოსასმენი და გასაცნობად საინტერესო იქნება.
"სიმღერა საქართველოზე" - ალბომი თავიდანვე სიურპრიზით იწყება: გიტარის გამხსნელი რიფი და შემდეგ ვოკალზე ... თემურ წიკლაური შემოდის! მართალი გითხრათ, ამ ალბომის მოსმენამდე, ვერ კი წარმოვიდგენდი, რომ თემურ წიკლაურს, რომელსაც ჩვენი თაობისთათვის მხოლოდ დედამიწის გაჩერებასთან, ჩასვლასთან და ”არ დაიდარდოსთან” ასოცირდება, შეეძლო ფსიქ-ფოლკი ემღერა! ამ (და დანარჩენ) სიმღერებში ნათლად სჩანს, მისი, როგორც მომღერლის მაღალი კლასი. ნამდვილად შთამბეჭდავია!
შემდეგი სიმღერაა
”ფიროსმანი”, რომელიც მე და თქვენ, რადიოში, ბევრი სხვადასხვა შესრულებითა და არანჟირებით მოგვისმენია. ერთი ვერსია მახსოვს, რესტორნის მაგიდებიდან ”შენ გენაცვალეს” წამოძახილებიც ისმოდა ჩანაწერში. ასეთ დროს ძნელია პროტესტი და ანტიპათია არ გაგიჩნდეს. ”ივერიას” ეს ვერსია უარყოფითად მიკერძოებულ მსმენელთა უმრავლესობას შეაცვლევინებს ამ სიმღერაზე აზრს. ნათლად ჩანს, რომ ადეკვატური და საქმის ცოდნით გაკეთებული არანჟირების პირობებში, ერთი შეხედვით ვითომ სტაგნაციური და ჩაკეტილი ქალაქურ-პატრიოტული პათოსი შეიძლება თავისუფლად მოერგოს პოპულარულ სტილებს.
ალბომში ბევრი ფოლკლორული თემაა ინტერპრეტირებული. მრავალფეროვნება მართლაც შთამბეჭდავია - სიმღერები მეგრულ და აფხაზურ ენაზეც კი სრულდება. მეგრული ფსიქ-ფოლკი ”ივერიის” შესრულებით ისევე თავისუფლად და ლაღად ისმის, როგორც თითქმის ყველაფერი ამ ალბომში. ეს ფოლკლორული სვლები ამ ალბომს უნიკალურად აქცევს.
აქ კიდევ
”იმღერე რამე” და რამდენიმე სხვა კარგი სიმღერა სრულდება; ”იმღერე რამე”-ს ეს შესრულება ერთადერთი სრული ვერსიაა, რომელიც მაკმაყოფილებს.
არის ჩემი აზრით რამდენიმე შემოქმედებითი ძაბორძიკებაც: ეს მეტწილად უცხოური სიმღერების ქავერებს ეხება უკრაინული
Закохани სასიამოვნოა მაგრამ არაფერი მეტი.
Uriah Heep-ის სიმღერების შესრულებას კი ალბათ გაგებით უნდა მივუდგეთ. კვაშალის ვოკალი რომ ბაირონისას ვერ შეედრება, ვიცით. ტექსტიც აშკარად სმენითაა ინტერპრეტირებული და ზოგჯერ ტექსტის დამახინჯებები ღიმილს მოგგვრიან, მარგამ ვერ გაკიცხავ ჯგუფს დასავლურ კულტურასთან დაახლოების მცდელობის გამო, მითუმეტეს როცა ინსტრუმენტული ნაწილი საკმაოდ კარგადაა შესრულებული. პ.ს. სხვათაშორის, სხვების აზრი რაც წამიკითხავს ამ ქავერებზე, საკმაოდ ბევრი აქებს

ალბომის ჩემი ფავორიტი ნაწილი, ბოლო სამი სიმღერა, შეგნებულად მოვიტოვე ბოლოსთვის.
”თეთრი ლანდივით”, ისევ უერთებს ერთმანეთს ქალაქურ და ფსიქოდელიურ ესთეტიკებს; მაგრამ აქ ამას კიდევ ერთი, მთავარი, პასტორალური, მელოდიის ფაქტორიც ემატება, რომელიც სიმღერის დასასყისიდან ბოლომდე ნელ კრეშენდოს განიცდის და ამიტომაც ეს სიმღერა განსაკუთრებით ლამაზია.
ამას შემდეგ მოსდევს
”მოგონებები”... ეს სიმღერა ჩემი აზრით საუკეთესოა, რაც კი ბასილაიას ოდესმე დაუწერია. საოცრად ლამაზი მელოდია და აკორდების პროგრესია, ძალიან ლამაზი, სუფთა სასიმღერო ტექსტი და მართლაც სასწაულებრივი შესრულება... ამ სიმღერას თავისუფლად შეუძლია დადგეს, მაგალითად Uriah Heep-ის ”Come Away Melinda”-ს გვერდით... Yes, it’s THAT good!
ალბომს ხურავს შედარებით ცნობილი
”ზღაპარი სიყვარულისა”, რომელიც ბასიალიას სენტიმენტალური სასიყვარულო სიმღერების წერის ნიჭის კიდევ ერთი დასტურია. ისევ ლამაზი, ნელი მელოდია, რომელიც აქტიურად იყენებს სიმებიან ინტრუმენტებს, მაგრამ არანჟირება მაინც ბასილაიას მიერ შესრულებულ ფორტეპიანოს ფონურ პასაჟებს მიჰყავს.
რომ შევაჯამოთ, ივერიას სადებიუტო ალბომი არაა უნაკლო, მაგრამ დამაინტრიგებელი მომენტები ბევრად ჭარბობს ხარვეზებს. ესთეტიკის მხრივ აქ კარგადაა შერწყმული ქალაქური და პატრიოტული მოტივები ფსიქოდელიურ როკთან; სხვათაშორის, ამ ალბომში ჯგუფმა მოახერხა, რომ ალბომში არ შეეტანა არცერთი რუსული სიმღერა, რაც მაშინ თითქმის შეუძლებელი იყო. დაბოლოს, ცალკე თემაა
“მოგონებები”, ბასილაიას, ივერიას და საერთოდ ქართული მუსიკის bona fide შედევრი.
ასეთი ალბომის ევროპელი მსმენელისთვის წარდგენა ნამდვილად არ მოგერიდება! ჩვენი მუსიკისთვის კი ალბომი, რა თქმა უნდა, კლასიკურ სტატუსს იმსახურებს.
ივერია - ივერია (1975)ტრეკლისტი (ვინაიდან სიმღერების თავდაპირველი ქართული სახელები ვერ მოვიპოვე, ნაწილის გადმოქართულება მომიწია. თუ სადმე შეცდომა გამეპარა, შემისწორეთ):
1. სიმღერა საქართველოზე (2:46)
2. ფიროსმანი (3:34)
3. მგზავრული (1:42)
4. Закохани (2:31)
5. აზიმათ (2:12)
6. ჩვენ დაგვბრალდება (2:09)
7. July Morning (4:09)
8. იმღერე რამე (2:29)
9. ჩაგუნა (2:31)
10. Sunrise (3:39)
11. თეთრი ლანდივით (2:54)
12. მოგონებები (2:43)
13. ზღაპარი სიყვარულისა (4:41)
შემადგენლობა (დაუზუსტებელი):
ზუსტი შემადგენლობა ვერსად ვნახე; ამიტომ ვისაც ფირფიტის ორიგინალზე ხელი მიუწვდება ან ზუსტად იცის შემადგენლობა, ძალიან ვთხოვ, შემისწოროს

ა. ბასილაია - ხელმძღვანელი
სოლისტები:
თ. წიკლაური - (1,2,4,6),
ლ. კობალაძე - (4)
ვ, ტატიშვილი- (5)
ლ. ზვაური - (1,4),
ნ. კვაშალი - (7)
ლ. ლალიაშვილი - (3)
ზ. ცისკარიძე (5)
ლინკი:
http://www.mediafire.com/?nyjh3tn6ld67hr7 This post has been edited by Thandrus on 7 Apr 2012, 04:36
მიმაგრებული სურათი