შოთა იათაშვილი:
წიგნი რომ გამოვიდა ირაკლიზე მოგონებების, აი, მაშინ დავწერე ამ წიგნისთვის ეს... ხელნაწერი კი ირაკლისია, ჩემს ბლოკნოტში გაკეთებული. სიტუაციას ტექსტიდან შეიტყობთ
„რომ მეფე ვარ და პოეტი, და სიმღერით ვკვდები...“
„მე და კარლო არ ვიყავით მეგობრები -
მხოლოდ პოეტები თბილისში“ –
დავწერე ეს შუა 90-იანებში, ერთ-ერთ ჩემს ლექსში, კარლო კაჭარავას გარდაცვალებიდან ცოტა ხნის შემდეგ... ალბათ ასევე დავწერ ახლა:
„მე და ირაკლი არ ვიყავით მეგობრები -
მხოლოდ პოეტები თბილისში“ –
დავწერ ასე იმიტომ, რომ არანაირად არ შეიძლება ასეთ ადამიანებთან სულ ოდნავ მაინც მტყუანი იყო...
მეგობრობა სულ სხვა ფენომენია... არა, ჩვენ არ ვყოფილვართ მეგობრები, მაგრამ „პოეტები თბილისში“ ნამდვილად ვიყავით!.. და ვინ იცის, იქნებ მაშინ ეს უფრო მნიშვნელოვანიც კი იყო!
ყოფითი სიტუაციების გახსენება ერთია და არც ისე რთული, მაგრამ მეორეა, როცა მხოლოდ ერთი კუთხით იხსენებ, ფიქრობ და ლაპარაკობ ამ ურთიერთობაზე: ჩვენ ვიყავით „პოეტები თბილისში“... ვიღაცას შეუძლია დააზუსტოს, რომ „პოეტები ვერაზე“, ან „პოეტები 90-იანებში“, ან „პოეტები ანდერგრაუნდიდან“... ბევრნაირად შეიძლება დაზუსტება, მაგრამ ეგ ყველაფერი მეათეხარისხოვანია.
შევეცდები ძალიან მოკლედ აღვწერო, რას ნიშნავდა აი ეს: არა მეგობრობა, არამედ პოეტობა თბილისში ათი-ოცი წლის წინ...
ირაკლისთან პირველად სახლში ჩვენმა საერთო მეგობარმა, დათო ჩიხლაძემ ამიყვანა. მას მერე არც ისე ხშირად, მაგრამ არც ისე იშვიათად ავდიოდი მის ერთოთახიანში და ვისხედით: ხანდახან დიქტოფონის ქვეშაც ვლაპარაკობდით, უფრო ხშირად, ცხადია, მის გარეშე... როცა ერთად ვიყავით, მე არასდროს ვყოფილვარ ჟურნალისტი და არც ის - რესპონდენტი, მაგრამ ხანდახან მაინც ამქონდა დიქტოფონი მასთან... შუა 90-იანებში ლიტერატურულ გაზეთ „რუბიკონში“ დაიბეჭდა ჩვენი პირველი დიალოგი, მერე კი, მილენიუმთა გასაყარზე გაზეთ „ივერია-ექსპრესში“ უზარმაზარი მასალა მოვამზადე: პირობითად 1 მწერალი, 1 მუსიკოსი და 1 მხატვარი შევარჩიე და ვსაუბრობდით იმაზე, ერთი ეპოქა მეორეთი კარდინალურად შეიცვლებოდა თუ არა და თუ შეიცვლებოდა - როგორ... დიდი ხანია აღარ მინახავს ეს უზარმაზარი ტექსტი, რომელიც მთელ 16-გვერდიან გაზეთში იყო მიმოფენილი, მაგრამ როგორც მახსოვს, ღირს, ნამდვილად არ დაიკარგოს იგი: აკა მორჩილაძე, ირაკლი ჩარკვიანი და მამუკა ჯაფარიძე - თითოეულ მათგანს ცალ-ცალკე ველაპარაკებოდი...
ეგ ამბავი ცალკე იყოს და, რაც მთავარია, მე და ირაკლი თითქმის სულ მუდამ ლიტერატურაზე ვსაუბრობდით. და მგონია, რომ იგი ჩემდამი გულგახსნილი იყო, როგორც მწერალი, რადგან მუდამ მელაპარაკებოდა იმაზე, თუ რას წერდა და გამოსდიოდა თუ არა რამე. რომანის წერა სულ ახალი დაწყებული ჰქონდა, როცა მე ეს უკვე ვიცოდი და ამიტომაც მოხდა ისე, რომ ჟურნალ „სტუდიაში“ ამ რომანის ერთ-ერთი პირველი ფრაგმენტი, სახელად „წერილი ფატიმას“ დაიბეჭდა მგონი 1998 წელს. მერე, მისი გარდაცვალების შემდეგ, დასაფლავებიდან სახლში მობრუნებული, ჩემი კორპუსის ქვემოთ, „ლიტერატურულ კაფეში“ რომ შევედი და სულ ახალდაბეჭდილი „ნელი ცურვა“ რომ ვიყიდე, აღმოვაჩინე, რომ ეს ფრაგმენტი რომანში არც კია შესული... მოგვიანებით ერთი შემთხვევა გამახსენდა: მაშინ გაზეთ „ალტერნატივას“ მთავარი რედაქტორი ვიყავი, დავურეკე, რას შვრები, თუ წერ რომანს კიდევ, ერთი ფრაგმენტი მომეცი მეთქი. შევთანხმდით. შემპირდა, რომ მალე მომაწვდიდა... რამდენიმე დღეში ღამბაშიძის ქუჩაზე ერთმანეთს გადავეყარეთ:
- ბიჭო, იცი რა მოხდა, ჩვენმა ძაღლმა გუშინ მთელი რვეული შემიჭამა... აი ის, რაც დავწერე და რაც შენთვის უნდა მომეცა... ოთახში შემოვედი და დავინახე, რომ გაშმაგებული ღეჭავდა ჩემს რვეულს... - ძალიან შევწუხდი, შევეცადე მისთვის გული გამომეკეთებინა, მაგრამ რომ დავშორდი, მერე დავეჭვდი - იქნებ აღარ მოუნდა დაბეჭდვა და ეს ყველაფერი თავის ძაღლს გადააბრალა მეთქი. ახლაც არ მაქვს ზუსტი პასუხი ყოველივე ამაზე, მაგრამ ამ ისტორიას რაც მთავარია, გაგრძელებაც აქვს:
80-იანი წლების ბოლოდან ლისის ტბის ზემოთ, მუხათწყაროში ვისვენებ ზაფხულობით ოჯახთან ერთად. მაგ პერიოდიდანვე ჩვეთგან ახლოს ჰქონდა სახლი გელა ჩარკვიანს, მაგრამ ირაკლი ამ აგარაკით მხოლოდ მას შემდეგ დაინტერესდა, რაც მისი ქალიშვილი ნანა დაიბადა... ძალიან გამიხარდა: იქვე გურამ დოჩანაშვილი მყავდა და აწი ირაკლიც მეყოლებოდა... ორი წელი ვიყავით ერთად არა „პოეტები თბილისში“, არამედ „პოეტები მუხათწყაროში“. თუმცა მათ სახლში ისე ვერ შეხვიდოდი, თუ ნაგაზ კაფკას ირაკლი ან ქეთათო არ დაამშვიდებდნენ და არ ეტყოდნენ, რომ ცუდი ადამიანი არ ვიყავი... ბოლოს მახსოვს, ძალიან გახარებული იყო ირაკლი, გვერდითა ნაკვეთი შემოიერთეს, იქვე რაღაც ხე იყო, ხის ქვეშ პატარა მაგიდა და სკამი იდგა და ირაკლი აღფრთოვანებული მეუბნებოდა: აი, ამ ხის ქვეშ, ამ მაგიდასთან ვზივარ, რომანზე ვმუშაობ და დარწმუნებული ვარ, რამდენიმე თვეში დავამთავრებო... თან რომანის ფრაგმენტებზე თუ იდეებზე მიყვებოდა... ასეც მოხდა: რომანი დაამთავრა (თუმცა პირველი ფრაგმენტი არ შეიტანა ან უბრალოდ გამორჩა - ან მეტიც, შეიძლება დაავიწყდა კიდეც, რომ ასეთი მონაკვეთი დაწერილი და გამოქვეყნებული ჰქონდა), პრეზენტაცია დანიშნა და პრეზენტაციის წინ გარდაიცვალა...
პრეზენტაცია კი ჩემი სახლის ქვეშ იყო. რა უნდა მექნა - მე და ზურა რთველიაშვილმა დილიდან იქ ერთმანეთი ვნახეთ, დათვერით მძიმედ, პოეტ ირაკლიზე ვილაპარაკეთ ერთმანეთს შორის, ვილაპარაკეთ, ვილაპარაკეთ და მერე გამოვედით და პუბლიკის წინაც პოეტ ირაკლი ჩარკვიანზე ვილაპარაკეთ... მახსოვს, გალაკტიონის ციტატა ვთქვი: „რომ მეფე ვარ და პოეტი და სიმღერით ვკვდები...“
და მაინც მგონია, რომ ეს ყველაფერი რაღაც სქემასავითაა - თითქოს მინდა ჩვენი ურთიერთობის ბუნება გაჩვენოთ, მაგრამ როგორც ვატყობ, მაინც ბოლომდე ვერ გამომდის... და ალბათ იმიტომ, რომ ფაქტიურად შეუძლებელია, შეინარჩუნო და ადეკვატურად გადმოსცე ის სიტუაციები, ემოციები და ნიუანსები, რაც 10-15- 20 წლის წინ იყო... რჩება თითქოს მხოლოდ რაღაც სქემები, ან ის ჭეშმარიტება, რომ
„მე და ირაკლი არ ვიყავით მეგობრები -
მხოლოდ პოეტები თბილისში.“
ამიტომ გამახსენდა, რომ 2000 წელს, როცა ერთად ვიყავით მოსკოვში თანამედროვე ქართული ხელოვნების ფესტივალზე, იქ დღიურს ვაწარმოებდი (ეს მგონი ჩემი ერთადერთი დღიურია ცხოვრებაში), და მასში ხშირად ჩანს ირაკლი... და რაკი ეს დღიურია და ყოველივე ზემონათქვამზე უკეთ უნდა აჩვენებდეს ადამიანის ბუნებას, ამიტომ გადავწყვიტე, ამ მოგონებებს თავი დავანებო და რამდენიმე ფრაგმენტი შემოგთავაზოთ 14 წლის წინანდელი ნაწერიდან... რატომღაც ასე მგონია, ამ ამონარიდებში უკეთ დაინახავთ ისეთ ირაკლის, როგორიც ჩემს მეხსიერებას შემორჩა...
21 სექტემბერი
[...] აეროპორტში ერთ-ერთი პირველები მე და ირაკლი&ქეთათო მივედით. მივედით, როგორც გვითხრეს, პირველ საათზე, რადგან ბილეთში სამ საათზე გაფრენა გვეწერა. მაგრამ მალე ირკვევა, რომ მიუხედავად ამისა, ჩვენი თვითმფრინავი ხუთის ნახევარზე უნდა მოწყდეს ქართულ ასფალტს. თანაც, კი არ იგვიანებს, უბრალოდ, ხუთის ნახევარზეა რეისი დანიშნული და ჩვენ ეს რატომღაც უნდა გვცოდნოდა და რატომღაც მთელი ჯგუფიდან თითქმის მხოლოდ ჩვენ არ ვიცოდით... დავბოდიალობ, ბარგის შესამოწმებელი პუნქტის მიღმა გავდივარ და ვხედავ: აი, კიდევ ერთი პუნქტუალური ადამიანი! გურამ წიბახაშვილი, რომელსაც უკვე შეუვსია დეკლარაცია, გაუტარებია ბარგი, ზის მარტო და ელოდება თავის რეისს. ნელ-ნელა ვიკრიბებით. ვკავდებით ბიუროკრატიით. ირაკლის ახსენდება, რომ თავისი გიტარა დეკლარაციაში არ შეუტანია. ფიქრობს, რომელ პუნქტს მიაკუთვნოს. თითქოს არცერთი არ ესადაგება. საბოლოოდ გადაწყვეტს, ძვირფასეულობაში ჩაწეროს. თუმცა მე იარაღის, ტყვია-წამლის და ა.შ. პუნქტს ვურჩევ, რადგან გიტარა მისი იარაღია. ის მაინც ძვირფასეულობას არჩევს, მერე კი, „აფრენამდე“, მე და გიო სუმბაძეს გვიყვება, როგორ იყო ერთხელ მოსკოვში კომაში და რა ნეტარება იყო ეს. გვიყვება, როგორ სვამდა ღრუბლებს, ხოლო როცა კომადან გამოიყვანეს, როგორ მოეჩვენა მის თავთან დახრილი ადამიანები სატანებად.
***
ცაში ვართ. თვითმფრინავშიც ირაკლი&ქეთათოს გვერდით აღმოვჩნდი. ვუყურებთ ღრუბლებს. ირაკლის ვეკითხები, უნდა თუ არა ამ ღრუბლების დალევაც. ფიქრობს, მაგრამ არაფერს მპასუხობს. [...]
***
[...] პირველ ჩანაწერს დიდი ხალისით კატია აკეთებს. მერე ბლოკნოტს ჩემს გვერდით მჯდომ ირაკლის ვაწვდი. ირაკლი რაღაც ქართულ „ზაუმ“-ს მიწერს. [...]
22 სექტემბერი
[...] სასტუმროში რომ ვბრუნდები, დაახლოებით 12 საათია. კაფე-ბარში უკვე ბევრი ჩვენიანი ზის და საუზმობს. მე ვყვები ჩემს დილის მარშრუტს და ვტრაბახობ იმით, რომ ყველაზე ადრე გავიღვიძე და უკვე ამდენი რამ მოვასწარი. ჩემს პლათს ათვალიერებენ. კოტე ყუბანეიშვილი მეუბნება: „თუ გინდა პლატი, პლატი!“ (Плати!). მე, კოტე და ირაკლი სილვია პლათზე ვსაუბრობთ, მერე კოტეს დიკინსონზე გადავყავართ. ახალგაღვიძებულები ნელ-ნელა გვემატებიან. საუზმეს ვამთავრებთ და ჩემსა და გიოს ნომერში ავდივართ მე, გიო, ირაკლი, ქეთათო და კოტე. რატომღაც ვიწყებთ ლაპარაკს სხვადასხვა მარკის სიგარეტისა და ყავის განსაკუთრებულ თვისებებზე. მერე ირაკლი ანვითარებს კონცეფციას, რომ ამერიკელებმა სიგარეტით ჯერ კიდევ XVI საუკუნეში ჩაგვრთეს ინტერნეტში. კოტეს მისი მეუღლე ეძახის და გადის. მე ტელეფონთან ვარ მიმჯდარი და ვცდილობ, მოსკოვში მყოფ ნაცნობებს დავუკავშირდე და დღევანდელ ჩვენს პოეტურ კითხვაზე დავპატიჟო. გიომ დაგვაბოლა. ქეთათოს ამოაქვს ძალიან კარგი ამერიკული ყავა, რომელიც ირაკლის მამამ ამერიკიდან ჩამოიტანა. სამ საათზე ქეთი უნდა მოვიდეს სასტუმროში, თარგმანები მოიტანოს და დღევანდელი საღამო დავგეგმოთ. ირაკლი&ქეთათო სასეირნოდ მიდიან. მე წამოვწექი, პლათის რომანის პირველი ორი აბზაცი წავიკითხე და მის სიფრიფანა სხეულზე სარეველასავით მოდებული სასტიკი ნერვული დაბოლოებანი დავინახე. [...]
[...] საღამო დათოს წიგნის პრეზენტაციით იწყება. მერე „Не мори, мама, тараканов“ - მიკროფონთან ჟენია ლავუტია, ირაკლის მთარგმნელი. პუბლიკა ნელ-ნელა ხურდება. ირაკლი ქართულად თავის „იავნანას“ და „დროს“ ისე შთამბეჭდავად კითხულობს, რომ დარბაზის გულის მოგების პირველ ეტაპს ასრულებს. მეორე ეტაპი ჩემი ერთ-ერთი ლექსის მერე მთავრდება, როცა უკვე „ბრავო“ ისმის. მესამე - რატის ჯაზია. დარბაზი უკვე ბოლომდეა აყვანილი, იმდენად, რომ ბარბაქაძის ძნელადაღსაქმელ ლექსებსაც მორჩილად უგდებენ ყურს. ცოტაც, ცოტაც მოითმინეთ და აჰა, კოტე გაგამხიარულებთ, ჩემო რუსო მეგობრებო! [...]
24 სექტემბერი
[...] O.Г.И.-ში ირაკლი ჩუმ-ჩუმად დაიწყებს თავის კონცერტს და თანდათან მოუმატებს, მოუმატებს, მოუმატებს... და „მაწონი, მაწონი! მაროჟნი, მაროჟნი! Боря гадай, Боря гадай!“-ზე უკვე ისეთ ენერგიას დაატეხს თავზე დარბაზს, რომ...
და მაინც, მორჩება თუ არა მორიგ სიმღერას, იმწამსვე ისეთი გაწონასწორებული და მშვიდია ხოლმე, რომ... [...]
[...] ალაგ-ალაგ კომენტარებს აკეთებს, ხუმრობს, ერთხელ ჩემს ციტირებასაც ახდენს: იმ სადღეგრძელოს იხსენებს, წინა დღეს იულიას და ჟენიას რომ ვუთხარი: „თქვენ ის გააკეთეთ, რომ ჩვენ მხოლოდ თქვენთან, რუსებთან კი არ დავმეგობრდით და დავაახლოვდით ამ დღეების განმავლობაში, არამედ ერთმანეთთანაც. ფესტივალზე წამოსულ ქართველებს აქ უფრო შეგვიყვარდა ერთმანეთი, უფრო დავმეგობრდით, უფრო გავუგეთ ერთმანეთს...“ [...]
26 სექტემბერი
[...] „АртГруз“-ის მონაწილეები უკვე მოსკოვიდან თბილისში მოვფრინავთ. სავარძლებზე მისვენებულები, ჩათვლემილები თუ ჩაძინებულები ჩამოტარებულმა სადილმა გამოგვაფხიზლა. ვეძგერეთ პაკეტებში შეფუთულ სასაცილო საჭმელებს და მერე თითქმის ერთდროულად წამოვიშალეთ. ფრთოსანი „აეროფლოტის“ უვიწროვეს დერეფანში ერთმანეთს ვეხეთქებით, ვეწევით, ჩასაფერფლებელს ვეძებთ... ჩვენი ფესტივალი ძირითადად კლუბ „O.Г.И.“-ში მიმდინარეობდა. აბრევიატურა ადრე გაგვიშიფრეს (Обьедененное Гуманитарное Издательство), მაგრამ „ღამენათევს და ნამთვრალევს“ მეხსიერება მღალატობს. დახმარებისთვის ირაკლი ჩარკვიანს მივმართავ. ირაკლი რამდენიმე წამით ფიქრდება, მერე მეუბნება: „Организованная Грузинская Иллюзия“. ვიცინით. მერე სხვებსაც ვატყობინებთ „O.Г.И.“-ს ახლადგამომცხვარ განმარტებას. [...]
ესეც დღიურის ფრაგმენტები... თუმცა ამით რატომღაც არ მინდა დავამთავრო წერილი... ირაკლი მახსენდება თავის სახლში, აი, ერთხელ რომ მივედი, თან მელოდა, მოულოდნელად არ დავცხრომივარ თავს, და მაშინვე დავიწყეთ საუბარიც, მაგრამ ადგილს ვერ პოულობდა: ხან მიეყუდა სკამის საზურგეს, ხან სკამი მოატრიალა და ისე დაჯდა მასზე, ხან აძვრა ზედ და მერე ჩაიცუცქა, ხან ისე სცადა, ხან - ასე, და სადღაც ათიოდე წუთის შემდეგ მითხრა: რა ცუდია, ხანდახან შენი სხეული არანაირად რომ არ ეხმარება სულს, რომ კომფორტულად იყოს და თავისი საქმე აკეთოსო...