მე არა მაქვს ფეხსაცმელი, შენ რომ შეგიყვარო. რობი კუხიანიძენასტასია არაბული
კონცერტები იშვიათად აქვს, თუმცა 20 წელზე მეტია, მუსიკას აკეთებს. ვისაც მის სახელს უხსენებ, ქართულ პანკზე დაგიწყებს ლაპარაკს და იტყვის, რომ რობი პირველი ქართველი პანკი და პანკ მოძრაობის ლიდერია. თვითონ თვლის, რომ მუსიკის ჟანრებისთვის მიკუთვნება მსმენელის და არა მუსიკოსის საქმეა და როცა ამას გეუბნება, ხვდები, რომ სულაც არ მოსწონს პანკ მოძრაობის ლიდერის სტატუსი. მართალიც არის, საქართველოში პანკ მოძრაობა არც არასოდეს ყოფილა ისეთი, სალაპარაკოდ რომ ღირდეს. ამიტომაც აუტსაიდერი. მაგრამ აუტსაიდერი არ ნიშნავს ლუზერს, ეს ნებაყოფლობით გაკეთებული არჩევანია, ცხოვრებისეული პოზიცია. თანამედროვე ქართულ მუსიკაში მნიშვნელობით და შეტანილი წვლილით ალბათ მხოლოდ მისი უგვირგვინო მეფე, ირაკლი ჩარკვიანი თუ დაუდგება გვერდით. მაგრამ ის მეორე პოლუსზეა, ინტელექტუალური, რაფინირებული, გაბურჟუებული საბჭოთა ნომენკლატურის წიაღში გაზრდილი პიროვნებისთვის დამახასიათებელი პროტესტით სავსე მუსიკით. რობის სიმღერები უფრო ღრმაა, უფრო არქეტიპული. სულ სხვა ემოციებს ეხება. პირველყოფილი შიშები და თავად ავტორის მიერ ბოლომდე გაუაზრებელი, ველური პროტესტი მოაქვს.
„აუტსაიდერის“ პირველი ვინილი – Inside 1992 წელს ჩაიწერა მოსკოვში. ალბომის მნიშვნელობას ზრდიდა ის ფაქტი, რომ ის ქართული როკ-ჯგუფის მიერ საზღვარგარეთ გამოცემული პირველი დისკი იყო. 1996 წელს აწ უკვე ლეგენდარულ ფესტივალ მარგარიტაზე გამოსვლამ ჟიურიში მყოფ მუსიკათმცოდნეს და „ილუზიონთან“ ერთად 80-იანი წლების ქართული ტელევიზიის ერთადერთი ნათელი წერტილის, მუსიკალური გადაცემის „ეს ესტრადაა“ წამყვანს, ევგენი მაჭავარიანს ათქმევინა: „ახლა შემიძლია მშვიდად მოვკვდე, საქართველოში ისეთი კონცერტი ვნახე, რომლისაც სექს პისტოლსს და იგი პოპსაც კი შეშურდებოდა“. მას შემდეგ „აუტსაიდერში“ ბევრი რამ შეიცვალა – დაწყებული ჯგუფის შემადგენლობით და დამთავრებული მუსიკის ჟღერადობით. უცვლელი დარჩა მხოლოდ მისი ფრონტმენის, რობი კუხიანიძის დამოკიდებულება სამყაროს მიმართ.
მე მოვძებნი ჩემ თავში ძალას
და დავიწყებ ნერვებზე თამაშს,
მე ავდგები და თქვენს სურათს დავწვავ
და შევუდგები მე ახლის ხატვას…
– პანკობის „ბრალდებები“ დიდი ხანია გრძელდება. ჩემი აზრით კი, ჯგუფი „აუტსაიდერი“ ემსახურება ალტერნატიული ფორმით შემოქმედებას, რაც ვიღაცისთვის პანკია, ვიღაცისთვის ჰარდი. საერთოდ, მსმენელმა უნდა გადაწყვიტოს, რას დაარქმევს. ისე პანკი გამოხატვის კარგი საშუალებაა. თავისუფალი ხარ, მოქმედებ ნერვებზე, ფსიქიკაზე და აღწევ შედეგს. ამ საშუალებების გამოყენებით კარგად ვსარგებლობ. არის სიმღერები, რომელიც მე არა და ვინმე სხვამ რომ იმღეროს, ისეთი თბილი გამოვა, ისეთი მშვიდი, გაგიკვირდება. ჩემი ჯგუფი რომ მღერის ჩემ გარეშე, შეცვლილი განწყობით, სულ სხვა ჟღერადობა აქვს. უბრალოდ, ის, რასაც მე ვუკრავ, ჩემი განწყობაა, ჩემი ემოციაა და ამიტომ გამოდის ასეთი. ჩემი სიმღერები ჩემი ნაცხოვრებია, ჩემი განწყობებია. წელიწადში ერთხელ შეიძლება დავწერო სიმღერა. სპეციალურად არასოდეს დამიწერია. დავდივარ ასე და ვღიღინებ. განწყობები გიტივტივდება და მერე ერთმანეთს მიყვება. თუ მივიტანე სახლამდე ან მანამდე ინსტრუმენტი შემხვდა, დავწერ, თუ არა და მერე სხვა რამე გამოდის.
მე ჩემს მოგონილ ზღაპარს
ვჩუქნი შენსავით ბავშვს,
მე თქვენს დაგებულ მახეს ვამჩნევ
და მაინც არ გარიდებთ თავს,
არ გარიდებთ თავს, არ გარიდებთ თავს,
ვერც გისწორებთ თვალს…
– დღეს ხელოვნებაში ბევრი შეუვსებელი ადგილია, სიცარიელეებია. შოუბიზნესი ფაქტობრივად არ არსებობს. როცა ქვეყანაში საავტორო უფლებები არ არსებობს შენს ნაშრომზე, მრავალფეროვნება დაცული არ არის, კანონი შენზე არ ზრუნავს. სიტუაციას ვინც ქმნის, კულტურას, ის უნდა ზრუნავდეს იმაზე, რომ სახელმწიფოს მხარდამჭერა მხოლოდ ერთ ჯგუფს არ ჰქონდეს. ბევრი სხვადასხვა მიმართულების ჯგუფი უნდა იყოს. აი, ნიაზი თავის სიმღერებს მღერის, ქათამაძე თავის სიმღერებს მღერის, „მგზავრები“ თავის სიმღერებს, ყველა სხვადასხვა ჟანრია, მნიშვნელობა არ აქვს, შენ რომელი ჟანრი მოგწონს, მთავარია მრავალფეროვანი სცენა გქონდეს. მაგრამ არ შეიძლება იყოს ისე, რომ ამ მრავალფეროვნებიდან მხოლოდ ერთი ჯგუფი იყოს მხარდაჭერილი. მაშინ რიღასთვის გვინდა მრავალფეროვნება, თუ იქიდან მხოლოდ ერთს უნდა ვუსმინოთ. გამოდის, რომ სულერთია, ბევრი ჯგუფი გყავს თუ ერთი, მაინც ერთს თუ გასმენინებენ. აი, ხომ ჩამოიყვანეს ბევრი ინგლისურის მასწავლებელი, ერთს არ მოუვიდა თავში აზრად, მათთვის ქართველი მუსიკოსების კონცერტი ჩაეტარებინათ. არადა, საინტერესო იქნებოდა. მე მგონია, სულაც არ აღფრთოვანდებოდნენ ისინი ჩვენი მუსიკით, მარტივად გამოჩნდებოდა, რომ თანამედროვე დასავლურ აზროვნებასთან თანამედროვე ქართულ მუსიკას არაფერი აქვს საერთო.
ტაია, ტაია, ტაია, ვატატაია,
ყველი, პური, ხაჭაპური, წიწილა და
ყველი, პური, ხაჭაპური, წიწილა და
მსხალი, ვაშლი, ხაჭაპური, პოლიტრა …
– ამისთანა მაგარ ადგილას ვართ გაჩითულები, ორი საუკუნის გასაყარზე გვიცხოვრია, 21-ე საუკუნეა და რა ხდება? 21-ე საუკუნეში კედლებზე მაინც აქვთ დაკიდებული ყანწები, მაინც უყვართ რესტორნები. არ მიყვარს რესტორნები, მირჩევნია ბარში შევძვრე ან ქუჩაში დავლიო, ვიდრე სადმე რესტორანში შალახოს ცეკვას ვუყურო და იმ საშინელებებს ვუსმინო, რასაც იქ უკრავენ. რუსული სიმღერები კი არა, საერთოდ ყველა სიმღერაა ასაკრძალი რესტორანში. მარტო რესტორანში კი არა, საერთოდ, რა ხდება? გოგო რომ გამოდის და „უი, გოგო, რა კარგია ცხოვრება“ და ორი ბეხლეწი, ღიპიანი ვაჟკაცი ერთმანეთს უხსნის, როგორ უყვართ ერთმანეთი, უკან კაპელა მღერის, სცენა განათებულია, ტაშს უკრავენ და მერე მე ვარ პანკი? ეგენი არიან ყველანი პანკები. >>
სრულად წაიკითხეთ ტაბულა ART-ის ზაფხულის ნომერში.http://tabulaart.ge/robi/https://www.facebook.com/TabulaArt
მიმაგრებული სურათი