ადრე მქონდა ერთ თემაში ქვემორე ტექსტი დადებული. დავაკოპირებ, არ მიწყენთ ალბათ. სულ ჩემი ოქროს თითებით არის აკრეფილი

ვახტანგ ჯალიაშვილი
"ინსტრუმენტული ჯაზი".
გამომცემლობა "ხელოვნება", 1988 წ.
საქართველოში ჯაზური მუსიკის განვითარებას თავისებური ისტორია აქვს. ომამდე ჯაზი ჩვენში ნაკლებად იყო გავრცელებული, მაგრამ ანსამბლების დიდ უმეტესობას, რომლებიც ჯაზს მოიხსენიებდნენ თავის სახელწოდებებში, ხშირად არავითარი კავშირი არ ჰქონდათ ჟანრთან. აქ უფრო მეტად ესტრადის ელემენტები ჭარბობდა, რომელშიაც ინტენსიურად ინერგებოდა ეროვნული ინტონაცია და საკრავები. ამის მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ 1933-1934 წლებში თეატრ "შუქურასთან" არსებული საესტრადო ჯგუფი "ჯაზ-ხურჯინად" წოდებული, რომელიც ქართული ხალხური საკრავებით - ფანდურით, ჩონგურით, დოლით, დიპლიპოთი, სალამურით, დაირითა და დუდუკებით იყო დაკომპლექტებული. საკრავთა შემადგენლობა და რეპერტუარი ნათელს ხდის, რომ ეს არ იყო ჯაზური ანსამბლი და უფრო ესტრადის სახე ჰქონდა, მაგრამ მაინც საინსტერესოა სახელწოდებაში ამ ტერმინის გამოყენება, რაც ვფიქრობ, განაპირობა იმ იმპროვიზაციულმა ელემენტებმა, რომლებიც მათ შესრულებაში იყო ჩართული.
მნიშვნელოვანი იყო 30-იანი წლების ბოლოს ფილარმონიასთან არსებული რევაზ გაბიჩვაძის საესტრადო ორკესტრი, რომელიც კომერციულ ჯაზორკესტრს წარმოადგენდა. ომამდე და ომის შემდეგ აღსანიშნავია გუგული თორაძისა და ვლადიმერ კანდელაკის საესტრადო ანსამბლები, პიანისტ სერგეი ბაბოვის საესტრადო ორკესტრი, რომლის მუსიკალური ხელმძღვანელი იყო სახელგანთქმული საესტრადო მომღერალი ქალი ქეთო ჯაფარიძე. აქ ჩამოთვლილი კოლექტივების რეპერტუარში უხვად იყო წარმოდგენილი ეროვნული მუსიკის ელემენტები, მაგრამ, რასაკვირველია, ნამდვილ ჯაზურ მუსიკასთან მას არაფერი საერთო არ ჰქონდათ. ომის შემდგომი პერიოდის კოლექტივებიდან აღსანიშნავია ჯანო ბაგრატიონის ჯაზორკესტრი, რომლის მუსიკალური ხელმძღვანელი და დირიჟორი იყო მესაყვირე იოსებ ტუღუში. მანამდე არსებულ ორკესტრებთან შედარებით ამ კოლექტივს უფრო ჯაზური "სახე" ჰქონდათ, მაგრამ ისიც ჯერ კიდევ შორს იყო ჭეშმარიტი ჯაზისაგან. 50-იანი წლების დასაწყისში შეიქმნა სახელმწიფო ორკესტრი "რერო", რომლის პირველი ხელმძღვანელი იყო კონსტანტინე პევზნერი, შემდეგ კი მანჯურიიდან ახალჩამოსული გიორგი გაბესკირია. გამოცდილი მუსიკოსი, შესანიშნავი მესაყვირე, იგი ოსტატურად ფლობდა საესტრადო და ჯაზური ხელოვნების სხვადასხვა ფორმას. თამამად შეიძლება ითქვას, რომ გაბესკირიას უდიდესი დამსახურება მიუძღვის საქართველოში ჯაზური მუსიკის შემდგომ დახვეწასა და განვითარებაში.
40-იანი წლების ბოლოს და 50-იანი წლების დასაწყისში ჯაზის ქართველ მოყვარულთა შორის პოპულარობით სარგებლობდა აგრეთვე თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის საესტრადო ორკესტრი (ხელმძღვანელი შოთა არაყიშვილი). ამ ახალგაზრდულ კოლექტივში ბევრი ნიჭიერი შემსრულებელი იყო, მათ შორის მომღერალი თინა მასხარაშვილი, მესაყვირე კარლენ სარქისიანი და სხვები.
50-იანი წლებიდან აქტიურ მოღვაწეობას იწყებს საქართველოს პოლიტქენიკური ინსტიტუტის ე.წ. "ლაბორატორია", რომელსაც ხელმძღვანელობდა იოსებ ტუღუში. აქ აღიზარდა და დაიწყო თავისი მოღვაწეობა არანჟირების ცნობილმა ოსტატმა გივი გაჩეჩილაძემ. სულ მალე ლაბორატორია გადაიქცა საესტრადო ორკესტრად. კოლექტივის საშემსრულებლო ოსტატობა იმ დროისათვის საკმაოდ მაღალი იყო. მან ქართველ მსმენელებს მწყობრად ჩამოყალიბებული და ჯაზურ ინტონაციებზე აგებული პროგრამა წარმოუდგინა. ორკესტრის მშვენება იყო შესანიშნავი ვოკალური კვარტეტი (გ. ბზვანელი, გ. ხარაბაძე, თ. ცინცაძე, გ. ბაკურაძე), რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ქართული ჯაზური ვოკალის შემსრულებლობას. გარკვეული მნიშვნელობა ჰქონდა აგრეთვე თბილისის კინოთეატრებსა და კაფეებში მოქმედ საესტრადო ანსამბლებს (განსაკუთრებით აღსანიშნავია კინოთეატრ "ამირანის" საესტრადო ორკესტრი გ. ვართანოვის ხელმძღვანელობით, რომელიც სეანსებს შორის გამოდიოდა). უნდა ითქვას, რომ ამ ორკესტრებში ძალზე ღარიბად იყო წარმოდგენილი თავისუფალი იმპროვიზაცია - ჯაზური მუსიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტი.
ამ მხრივ პირველი ნაბიჯები გადაიდგა 60-იან წლებში, როდესაც ესტრადაზე გამოვიდა პიანისტი ბ. რიჩკოვი, ანსამბლ "ჩანგის" ხელმძღვანელი; ამავე ანსამბლში მოღვაწეობდა ცნობილი მომღერალი გ. ჩოხელი, კონტრაბასისტი გ. ნადირაშვილი და სხვები. გ. ნადირაშვილი იყო აგრეთვე ჯაზტრიო "კავკაზის" წევრი, რომელსაც ხელმძღვანელობდა პიანისტი ვაგიფ მუსტაფა-ზადე.
1967 წელს თბილისში ახალგაზრდულ კლუბ "მერანთან" (ამჟამად "ამირანი") გაიხსნა ჯაზის სექცია, რომელსაც მეტად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ჩვენი ჯაზის მოყვარულებისათვის. გაიმართა საჩვენებელი გამოსვლები ადგილობრივი ძალებით. გამოჩნდა ჯაზის ახალგადზრდა მუსიკოსების მთელი პლეადა, მათ შორის პიანისტები: ა. რაქვიაშვილი, ე. ისრაელოვი, ე. ლოლაშვილი; გიტარისტი რ. ბრეგაძე; კონტრაბასისტები: თ. ყურაშვილი, ვ. კუცია, მედოლე ე. ვართანოვი და სხვა. ჩატარდა ორი ლექცია მუსიკალური ილუსტრაციებით, რომელიც ეხებოდა ჯაზური მუსიკის ისტორიას. ეს იყო პირველი ცდა იმპროვიზირებული ჯაზის პოპულარიზაციისა ჩვენს ქვეყანაში. შემდგომში, სამწუხაროდ, ჯაზის სექციამ არსებობა შეწყვიტა.
საქართველოში ჯაზური მუსიკის განვითარება მჭიდროდ არის დაკავშირებული გივი გაჩეჩილაძის შემოქმედებასთან, რომელმაც მთელი თავისი მოღვაწეობა მოანდომა დიდი ჯაზური (Big band) ორკესტრის ჩამოყალიბებასა და მის პოპულარიზაციას არა მარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. წლების მანძილზე ის ხელმძღვანელობდა უკრაინის საესტრადო ორკესტრს "დნიპროს", შემდეგ კი საქართველოს ტელევიზიისა და რადიოს საესტრადო-სიმფონიურ ორკესტრს. ჩვენში არსებული სხვა იმდროინდელი ორკესტრებისაგან განსხვავებით გაჩეჩილაძის ორკესტრი გამოირჩეოდა კლასიკური დიდი ჯაზორკესტრის ჟღერადობით (განსაკუთრებით შეიმჩნეოდა ტედ ჯონსისა და მელ ლუისის განთქმული ორკესტრის ზეგავლენა. ეს ორკესტრი თბილისში იყო 1972 წელს).
ეროვნული, თანამედროვე პოპმუსიკისა და ჯაზური ელემენტების საინტერესო სინთეზის ნიმუშებს ვხვდებით ნიჭიერი პიანისტისა და კომპოზიტორის, არანჟირების ოსტატის ალექსანდრე რაქვიაშვილის შემოქმედებაში. იგი გ. გაჩეჩილაძის შემდეგ სათავეში ჩაუდგა ტელევიზიისა და ადიოს საესტრადო ორკესტრს. რაქვიაშვილის ჯაზურ პიესებს შორის ცნობილია "ექო მთებში", "მგზავრული", "დღეობა სოფლად" და სხვა.
ამ პერიოდში ვოკალური ჯაზის განვითარებაში აქტიურად მუშაობა ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლი "დიელო". 60-იანი წლების დასაწყისიდან ეს იყო ჯაზის ერთ-ერთი პირველი ანსამბლი, რომელმაც ორგანულად შეირწყა ვოკალური ინსტრუმენტული ჯაზის ელემენტები. ასეთი ანსამბლები იმ დროს არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ საბჭოთა კავშირში სიახლეს წარმოადგენდა. კოლექტივის ხელმძღვანელი ალექსანდრე ებრალიძე ნიჭიერი მესაყვირე და მომღერალია. 1978 წლიდან ა. ებრალიძე სამი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა სახელმწიფო საესტრადო ორკესტრ "რეროს". ანსამბლ "დიელოში" მოღვაწეობდნენ ისეთი მუსიკოსები, როგორებიცაა ა. რაქვიაშვილი, ა. მამაცაშვილი, ე. ისრაელოვი.
საქართველოს ტელეზიამ ერთ დროს შემოიღო ძალზე საინტერესო გადაცემა რუბრიკით "ესტრადა და თანამედროვეობა", სადაც თანამედროვე პოპულარულ ვოკალურ-საკრავიერ ჯგუფებს გარდა ხშირად ჯაზური მუსიკის ისტორიაზეც იყო საუბარი. ამ ლექციებს პაღალპროფესიულ დონეზე უძღვებოდა ჯაზური მუსიკის მხურვალე ქომაგი, 1967 წლიდან ჯაზის სექციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, მუსიკისმცოდნე ევგენი მაჭავარიანი, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ ამ გადაცემების უმეტესი ნაწილი ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლების მოღვაწეობას ეხებოდა.
1977 წელს, პირველად ჯაზის სექციის გახსნიდან ზუსტად ათი წლის შემდეგ, თბილისში ფილარმონიის ბაზაზე ჩამოყალიბდა ჯაზკლუბი, რომელსაც სათავეში ჩაუდგა დღეს ჯაზის სამყაროში კარგად ცნობილი მუსიკოსი თ. ყურაშვილი.
ჯაზკლუბმა მიიზიდა მარავალი ახალგაზრდა ნიჭიერი მუსიკოსი, მათ შორის, აღსანიშნავია ლ. ჯინჭარაძე, ვ. კახიძე, ვ. მაჭავარიანი (ფორტეპიანო), დ. უზუნოვი, დ. ჯაფარიძე (დასარტყამი საკრავები). ჯაზკლუბში ჩატარდა მრავალი თემატური მუსიკალური საღამო, რომლის დროსაც ესტონეთიდან მოწვეულ მუსიკოსებთან ერთად გაიმართა საჩვენებელი კონცერტები. სწორედ ამ ჯაზკლუბის აქტიურმა მოღვაწეობამ განაპირობა ის, რომ თბილისში 1978 წელს პირველად ჩატარებულიყო საკავშირო ჯაზური მუსიკის ფესტივალი. მან მსმენელების ძალზე დიდი ინეტერესი გამოიწვია. ფესტივალის მაღალ დონეზე ჩატარებას ხელი შეუწყო თბილისის ჯაზის აქტივის (თ. ყურაშვილი, ვ. მაჭავარიანი, ბ. პეტროვი, გ. კანდელაკი) დაუღალავმა მუშაობამ.
სხვა კოლექტივებთან ერთად სპეციალურად ფესტივალისათვის შეიქმნა ქართველი და ესტონელი მუსიკოსების ანსამბლი (ყურაშვილი, ჯინჭარაძე, ანიკო, პილეროგი, მიაგი).
თბილისში მოქმედ ჯაზის სექციებს შორის გამოირჩევა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სექცია. მისი თაოსნობით თბილისში 1985 წელს ჩატარდა სტუდენტური ჯაზური მუსიკის საკავშირო ფესტივალი "სპი - 85", რომელიც მიეძღვნა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის საესტრადო ორკესტრის 40 წლის იუბილეს.
1986 წელს თბილისში ჩატარდა II საკავშირო ჯაზფესტივალი, რომელიც თავისი მასშტაბურობითა და წარმომადგენლობით (მონაწილეობდნენ მუსიკოსები უცხოეთიდან) ბევრად აღემატებოდა 1978 წლის ფესტივალს. კვლავაც ჩვეული ბრწყინვალებით გამოვიდა კონტრაბასისტი თ. ყურაშვილი, რომელიც მოსკოველ სოლისტებთან (ჰუსეინოვი - საყვირი, გურბელაშვილი - ტენორ-საქსოფონი, ოკუნი - ფორტეპიანო, ეპანეშნიკოვი - დასარტყამი საკრავები) ერთად წარსდა მაყურებლის წინაშე.
საკმაოდ კარგად გამოჩნდა აგრეთვე პიანისტ ო. მაღრაძის ანსამბლი, რომელმაც 1985 წელს რამდენიმე კონცერტი გამართა ფილარმონიის დიდ დარბაზში და ტელევიზიით.
ფესტივალზე მაყურებლის წინაშე პირველად წარსდგა ქართული ჯაზის ახალი ანსამბლი დიქსილენდი "თბილისი" (ხელმძღვანელი ვეტერანი ალტ-საქსოფონისტი ალექსანდრე მანჯგალაძე), რომელმაც თავისი ანსამბლური ჟღერადობით საკმადო მაღალი დონე და, იმავდროულად, იმპროვიზაციული ოსტატობის დახვეწის აუცილებლობა გამოამჟღავნა. თბილისის კონსერვატორიის კვინტეტი შედარებით 1985 ელიდ გამოსვლებთან გაცილებით უკეთ გამოიყურებოდა (ხელმძღვანელმა გ. ნაკაიძე).
1986 წელს მუსიკალური საზოგადოების ბაზაზე ჩამოყალიბდა ვოკალური ანსამბლი "ჯაზქორალი". იგი შედგებოდა თერთმეტი მომღერლისაგან (ექვსი ქალი და ხუთი კაცი). ანსამბლს აკომპანემენტს უწევდა ინსტრუმენტული ჯაზკვარტეტი. კოლექტივის ხელმძღვანელი იყო არანჟირების გამოცდილი ოსტატი, ჯაზური ვოკალის მცოდნე ალექსანდრე კილაძე. "ჯაზქორალი" ჩვენს ქვეყანაში პირველი ჯაზური გუნდი იყო, რომელიც წმინდა ინსტრუმენტული ბიგ-ბენდის ჟღერადობას ქმნიდა. ანსამბლის რეპერტუარი ძალზე ფართო იყო: ქართული ხალხური მელოდიებიდან - საბჭოთა კომპოზიტორებისმ კლასიკურ და ჯაზურ ნაწარმოებებამდე. ანსამბლმა 1987 წლის სექტემბერ-ოქტომბერში წარმატებით იმოგზაურა პოლონეთში, სადაც ვოკალური ჯაზის საერთაშორისო ფესტივალზე ლაურეატის წოდება მიიღო.