Ania
"ქალბატონი ანიკო"

      
ჯგუფი: Moderators
წერილები: 14856
წევრი No.: 7597
რეგისტრ.: 30-November 04
|
#30051301 · 5 Mar 2012, 17:58 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Ni-L
რას ამბობ, 3 ჯერ მაქვს ნინო ფილარმონიაში მოსმენილი ანუ ეს მესამე სოლო კონცერტი იყო და ყველაზე კარგი მაყურებელი წელს იყო, მძულს ხოლმე ფილამრნიაში მისვლა )) უკეთესიც შეიძლებოდა მაგრამ ყველას ჯობდა. არტ-გენი საუკეთესოა. * * * 05:56 05.03.2012 [ქეთი დინოშვილი] მომღერალი ნინო ქათამაძე სოლო კონცერტისთვის ემზადება. უნდა, რომ მსმენელს ახალი ალბომი წარუდგინოს და მათი შეფასებები, თუნდაც კრიტიკა მოისმინოს.
წლების წინ ქობულეთელი გოგონა თბილისში ჩამოვიდა და თავისი ოცნების განხორციელებას შეუდგა. ბევრი ეტაპი გაიარა, მათი უმრავლესობა, რა თქმა უნდა, ურთულესი იყო. ზოგჯერ პრობლემებით სავსე გასულა კონცერტზე, თავისი სათქმელი იქ უთქვამს, ბოლომდე დახარჯულა და შვებად მაყურებლის აპლოდისმენტები მიუღია. როცა მითხრა, ჩემს 3 წლის შვილს იმ დროს ვერასოდეს ავუნაზღაურებ, რასაც ჩემ გარეშე ატარებსო, მის თვალებში ტკივილი დავინახე. ჰყავს ქმარი, რომლის ვინაობასაც არ ამხელს. არ უნდა, ვინმემ მასზე თქვას, ეს ნინო ქათამაძის მეუღლეაო. ისიც თავისი საქმის ერთგული ადამიანია და მუსიკაზე უზომოდ შეყვარებულ ცოლს ყოველთვის უგებს.
– ნინო, როგორ ემზადებოდით 3 მარტის სოლო კონცერტისთვის, როგორი განწყობა გაქვთ?
– ახალი ალბომის პრეზენტაცია იქნება. მინდა, ჩემი ახალი სიმღერები, პირველ რიგში, თბილისში მოისმინონ, აქ შეაფასონ და მსოფლიოს მერე ვაჩვენო. თბილისის მერიის მხარდაჭერით 3 მარტს ჩემი სოლო კონცერტი შედგება. მინდა, ყველა დედიკოს მივუძღვნა, რადგან ისინი ყველაზე თბილები და ტკბილები არიან.
– თქვენს სიმღერებში ყოველთვის არის სითბო, სიყვარული, მზე... ეს თქვენი ნატურაა?
– არ ვიცი, რამდენად თბილი და მზიანი გამოდის ჩემი სიმღერები, მაგრამ თუკი მუსიკის საშუალებით შემიძლია ხალხთან ურთიერთობა, ძალიან ბედნიერი ვარ. მუსიკა ფანტასტიკის ჟანრია. სადღაც შორს, იქ, სადაც არ იციან საქართველო, არ ესმით ქართული და მაინც მოდიან, დარბაზი ივსება, რომ შენს სიმღერებს მოუსმინონ, ცდილობენ, ქართული სიტყვებით აგყვნენ, მოდი და ნუ იტყვი, რომ ეს ფანტასტიკა არაა. სცენაზე ოთხი კაცი ვდგავართ და ვცდილობთ, ზღაპრული სამყარო შევქმნათ. ეს ადვილი საქმე არაა. ზოგჯერ კონცერტზე ნახევრად მძინარე, გადაღლილი გავსულვარ, მაგრამ ჩემი ფიზიკური მდგომარეობა გვერდით გადამიდია. დარბაზსა და მუსიკას შორის კეთილი შეხვედრა თავგანწირვის ტოლფასია. ოთხი აბსოლუტურად სხვადასხვა ენერგეტიკის ადამიანი ერთად ვდგებით, ერთმანეთს ვუერთდებით და დიდ ისტორიას ვყვებით. ჩვენ ბავშვები აღარ ვართ, მაგრამ სცენაზე ბავშვური გულწრფელობით ვუამბობთ მსმენელს ისტორიებს. ყველაფერზე მიდის ლაპარაკი – მონატრებაზე, სიყვარულზე, გაბრაზებაზე... ყველაფერზე, გარდა პოლიტიკისა.
-რა შემთხვევაში ამბობთ კონცერტში მონაწილეობაზე უარს?
– როცა კონცერტის ჩასატარებლად ტექნიკური ბაზა არ არის. როცა სცენაზე ორკესტრი დგას, მაშინ უარს არასოდეს ვამბობ. არასოდეს მაქვს პრეტენზია, რომ მაინცდამაინც პირველი გამომიყვანონ ან ისე გამომაცხადონ, როგორც მე მინდა. მთავარია მუსიკის საშუალებით მსმენელთან მისვლა შევძლო და რა მნიშვნელობა აქვს, მერამდენე გავალ? არც კონკურსები მხიბლავს და არც ჯილდოები.
– ყველა თაობის მსმენელს უყვარხართ. როგორ ახერხებთ, რომ თქვენი სიმღერა დიდსა და პატარაში პოპულარული იყოს?
– რა მაგარია! ამაზე არასოდეს ვფიქრობ. რასაც თქვენ ამბობთ, ჩემთვის სასიამოვნო მოსასმენია. ესაა ის, რაც ხვალ შემოქმედების გაგრძელების სურვილს გამიჩენს. ჩემი მუსიკა სტანდარტული არ არის, სულ ძიებაში ვარ. ხალხის ჩვენდამი სიყვარული ბუნებრივია, რადგან ისინი ჩვენგანაც სიყვარულს იღებენ. ოჯახის წევრების შემდეგ ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ჩემი მსმენელია. ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი დრო მათ ეკუთვნის. ამ ყველაფერს ძალიან ეგოისტურად ვუდგები. მინდა, ჩვენი მუსიკა ყველაზე ჯანმრთელი, ყველაზე მაგარი, ყველაზე ნამდვილი იყოს. სწორედ ამიტომ მე არ ვარ შვილისთვის, მეუღლისთვის, ოჯახისთვის, მაგრამ ვარ მუსიკისთვის. თუ ეს საქმე ძალიან არ გიყვარს, ასეთი შრომისთვის ძალა არ გეყოფა. ჩემთვის ფული, დიდი ციფრები არაფერს ნიშნავს. ადრე ერთი დოლარი არ მქონდა, მაგრამ ახლა ჩემს კონცერტებში ათასები იხარჯება. არც ამას აქვს მნიშვნელობა.
როცა ასაკი გემატება, პასუხისმგებლობაც იზრდება, სიტყვების მნიშვნელობები იცვლება, ირგვლივ ადამიანები გეფანტებიან, ვიღაც შენთან ცდება, ვიღაცასთან თავად ცდები... ასეთ შემთხვევაში კი შენ კაცთმოყვარეობა უნდა გამოიჩინო, რაც ადვილი სულაც არ არის.
– რა ეტაპები გამოიარეთ აქამდე? ხომ ენაცვლებოდა ერთმანეთს წარმატება და წარუმატებლობა.
– ჩემს ცხოვრებაში იყო ეტაპი, როდესაც ფეხსაცმელი არ მქონდა, რომ თბილისში ერთ–ერთ ფესტივალზე ჩამოვსულიყავი. ბევრი ვეძებე, რომ ფეხსაცმელი ვინმეს ნისიად მოეცა. ის პერიოდიც მახსოვს, როცა მოსკოვში ჩვენმა მეგობარმა სოსო მღებრიშვილმა თავისი ერთოთახიანი ბინა დაგვითმო და ეს ერთი ქალი ამდენ მამაკაცთან ერთად იმ ერთ ოთახში ვიწექი. საკუთარ კონცერტზე რომ წავსულიყავით, გზის ფული არ გვქონდა... რთული გზა იყო, ძალიან რთული, ოღონდ ფიზიკურად კი არა, სულიერად. სულ პატივმოყვარეობის და საკუთარი თავის გათავისუფლების ზღვარზე გვიწევს სიარული. ადრე თუ ხუთი კაცის ტაში მაბედნიერებდა, დღეს ასი ათასობით აპლოდისმენტი მაქვს. ამდენი გაჭირვების, შრომის ხარჯზე ხალხის სიყვარული მოვიდა. გზა, რომელიც გავიარეთ, მართლა ძალიან რთული იყო. რამდენჯერაც მეტკინა, იმდენჯერ ამის სცენაზე თქმა მომიხდა. ხანდახან მეგობართან ჭორაობის დროც კი არ მქონია, რომ დამერეკა და მომეყოლა, რა მეტკინა, მაგრამ მაყურებლისთვის მითქვამს, ჩემი სათქმელი იქ ამომიხეთქავს. ბევრი წელი შიმშილში, ტყუილში ვიცხოვრე. ახლაც ვერ ვიტყვი, რომ ყველაფერი კარგადაა...
– ახლა რა ხდება ნინო ქათამაძის შემოქმედებაში, ყველაფერი დალაგდა?
– შემიძლია გითხრათ, რას გავაკეთებ მარტში, აპრილში, მაისში, ოქტომბერში, ნოემბერში, დეკემბერში. მივდივარ პეტერბურგში, გერმანიაში, ამერიკაში...
– რა გადაფასებები მოხდა იმ პატარა გოგონაში, რომელიც ქობულეთიდან თბილისში საკონცერტო ფეხსაცმლის გარეშე ჩამოვიდა? ბევრი რამ შეიცვალა თქვენში?
– დროთა განმავლობაში ფასეულობები კი არ შემეცვალა, უბრალოდ უფრო კარგად ჩავწვდი მუსიკის დანიშნულებას. როცა ადამიანს კითხვები უგროვდება, საკმარისია, სერიოზული კლასიკური შემსრულებელი მოისმინო და კითხვებზე პასუხს მიიღებ. მუსიკა ბევრ რამეში გეხმარება. ერთხელ მკითხეს, ჯაზი რა არისო. ვუთხარი, ჯაზი – ესაა პასუხი ყველა კითხვაზე–მეთქი.
– ბევრს მოგზაურობთ, ტურნეებს აწყობთ. არ გენატრებათ დასვენება, თუნდაც თქვენი ქვეყნის მზე?
– სადაც მე დავიბადე, იქ ყველაზე ბევრი მზე იყო. ახლა თბილისში, იტალიურ ეზოში ვცხოვრობ, რომელიც ცოტა გადახრილია და არც მზე შემოდის. თავის დროზე ეს სახლი ბანკის საშუალებით შევიძინე. დღემდე მინდა სოფელში ცხოვრება, იქ, სადაც მიწაზე ფეხშიშველი ვივლი. ჩემი ქვეყანა უზომოდ მიყვარს. ტურნეებიდან ისეთი დაღლილი ჩამოვდივარ, რომ კედელზე მიმაყრდნობენ და არაფერს მეკითხებიან. საკმარისია, 3 დღე სახლიდან არ გამოვიდე, ჩემს შვილთან ერთად დავისვენო და უკვე მზად ვარ, მომდევნო ტურნეში იმავე გრაფიკით წავიდე.
– ერთდროულად ძალიან ძლიერიც ხართ და ძალიან სუსტიც. თქვენი სიძლიერე ასე თუ ისე ჩანს, მოდით, სისუსტეებზე ვილაპარაკოთ.
– რამდენიც გინდა, იმდენი სისუსტე მაქვს. პირველ რიგში, ალბათ ისაა ჩემი სისუსტე, რომ არ მინდა, ძლიერი ქალი მერქვას. არ მინდა, ყველა გადაწყვეტილებას მე ვიღებდე და ბევრი პასუხისმგებლობა მქონდეს. ვისურვებდი, ვიყო ადამიანი, რომელსაც ფისოს შეადარებენ. არაპუნქტუალური ცხოვრებიდან იმდენად პუნქტუალურში "გადმოვცხოვრდი", რომ ახლა ამის გამო პრობლემები მექმნება. ზუსტად უნდა ვიცოდე, როდის სად უნდა ვიყო და რა უნდა გავაკეთო. ეგოისტი ვარ, მინდა, ჩემი კონცერტი ყველაზე მაგარი იყოს, ყველაზე მაგრად ჩემი მუსიკა ჟღერდეს. ახლახან ინგლისში საქველმოქმედო კონცერტზე ვიყავი და, რაც ფული მქონდა, ბასგიტარაში გადავიხადე. ჩემი ჯგუფის ბიჭები დედამიწაზე ყველას მირჩევნია. ხანდახან ნერვებს კი მიშლიან, მაგრამ ერთი დღე მაინც რომ ვერ ვნახო, უკვე მენატრებიან.
– რითი ჰგვანან ან განსხვავდებიან საქართველოსა და სხვა ქვეყნების მაყურებლები?
– ძალიან მცირედით განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ერთი კატეგორია დინჯად იღებს შენს ნამღერს, მაგრამ ბოლოს ისეთ ტაშს გიკრავს, რომ 20 წუთი დარბაზიდან არ გიშვებს. მაყურებლების მეორე კატეგორია პირველი აკორდიდანვე ანგრევს დარბაზს და კივის. ხანდახან მთელი დარბაზი ჩემთან ერთად მღერის. ზღვისპირა ქალაქებში გამართულ კონცერტზე ყოველთვის სადა და მოკრძალებული მაყურებელი მოდის. ყოველთვის ვსაზღვრავ, კონცერტი საიდან დავიწყო და როგორ ავაწყო. ყველაზე დიდ პასუხისმგებლობას ჩემს სამშობლოში ვგრძნობ. საქართველოში ძალიან მწირი შემოსავალი მაქვს. მაინც, როცა ჩემს ჯგუფთან ერთად ტურნეზე მივდივარ, ყველას ერთი სული გვაქვს, სახლში როდის დავბრუნდებით.
– საქართველოში დაუფასებლად არ გრძნობთ თავს?
– არა, დაუფასებლად რატომ უნდა ვიგრძნო თავი მაშინ, როცა კონცერტის გამართვაში თბილისის მერია მეხმარება? არ მახსოვს, რამე მომენდომებინა და არ შემესრულებინა. ამას გინდათ, "კაპრიზი" დაარქვით და გინდათ, პროფესიონალიზმი. რასაც ვითხოვ, ყველაფერს მისრულებენ. მე კი ყოველთვის იმას ვითხოვ, რაც მჭირდება, ზედმეტი არასოდეს მომითხოვია.
– თქვენი შემოსავალი საკმარისია იმისთვის, რომ შვილი უზრუნველყოფილი გყავდეთ?
– ვერ გეტყვით. მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ, სანამ სცენაზე ვდგავარ, ჩემს შვილს არაფერს გავუჭირვებ.
– თვლით, რომ გიმართლებთ?
– როცა ადამიანი დილით თვალს ახელ და საშუალება გაქვს, სიყვარული შეიგრძნო, ეს იმას ნიშნავს, რომ გაგიმართლა. ჩემი ბევრი შრომის იქით ყოველთვის იყო გამართლება.
– თქვენი სასცენო იმიჯი ვისი შერჩეულია?
– რამდენიმე ხნის წინ ერთ–ერთ ქვეყანაში კონცერტი მქონდა. ძალიან გავბრაზდი, აღარ შემეძლო ქუსლებზე დგომა, ოპერატორს მივადექი და ვუთხარი, ვერ ვიხდი და, თუ შეიძლება, ფეხსაცმელი გამხადე–მეთქი. ჩემი სასცენო იმიჯის შერჩევა თავისთავად მოხდა. გრძელ კაბებში, ნაწნავით კარგად ვგრძნობ თავს. ჩემი ვარცხნილობა საკმაოდ ძვირადღირებულია. უკრაინაში კონცერტების წინ ზუსტად 5 საათი უნდებოდნენ მის გაკეთებას. წელს ჩემი სასცენო კოსტიუმი აჩიკო მდინარაძემ შეკერა. ძალიან მაგარი კაბა გამოვიდა.
– გყოფნით ძალები, რომ არც საქმეს მოაკლოთ ყურადღება და არც ოჯახის წევრებს?
– ძალიან რთულია, მაგრამ გამიმართლა, რადგან, როგორც მე მიყვარს ჩემი საქმე, ჩემს მეუღლესაც ისევე უყვარს თავისი პროფესია. როცა შეუძლია, ის ჩემთან და ჩვენს შვილთან ერთადაა. როცა მე ვერ ვახერხებ მათთან ყოფნას, მაშინ მამა–შვილი არიან ერთად. ჩვენი შვილი, ნიკოლოზ ლოლაძე, 3 წლისაა და ჩემზე საოცრად არის მოწებებული. ნიკოლოზს უკვე ვატყობ მუსიკალურ ნიჭს. რიტმის საოცარი შეგრძნება აქვს. სათამაშო მუსიკალური ინსტრუმენტები აქვს და თავისთვის ერთობა. როცა საქართველოში ვარ, უნდა, რომ სულ ჩემთან იყოს.
– ქმარი არ აპროტესტებს თქვენს ხანგრძლივ დაშორებებს?
– ეს მისთვისაც რთულია და ჩემთვისაც. ნიკოლოზის მამაც ისეთივე აქტიური ცხოვრებით ცხოვრობს, როგორც მე, სულ სამსახურშია. ჩვენ რომ ერთმანეთის არჩევანს პატივი არ ვცეთ, არაფერი გამოვა.
– რას საქმიანობს ნიკოლოზის მამა?
– ჩემი მეუღლე ექიმია და, ჩემგან განსხვავებით, ყოველღამე სახლში მიდის. მისი სახელის თქმა არ მინდა და აგიხსნით, რატომ: არ მინდა, ის ექიმად კი არა, ნინო ქათამაძის ქმრად აღიქვან.
– რითი უნაზღაურებთ შვილს იმ დროს, რასაც უთქვენოდ ატარებს?
– არა, ჩემს შვილს ამას ვერასოდეს ავუნაზღაურებ. როცა მივდივარ, ერთ კვირაში უკვე დედური ინსტინქტების შეტევები მეწყება და ღამღამობით მეტირება, მაგრამ ასევე ვიტირებდი, რომ არ მემღერა. სიმღერის გარეშე ნინო ქათამაძე ვერასოდეს იარსებებს.
|