ქართული ალტერნატივა დღეს
„გამოდი გარეთ, მე მინდა გითხრა ახალი (?) ამბავი...‟
.
ავტორი: ლევან ძნელაძე
ფოტო: ეკატერინე მახათაძე
გუშინდელი დღე, დღევანდელს ჰგავს
დღევანდელი ამზადებს ხვალინდელ დღეს
და ყოველდღე ასე იქნება, სანამ
მე თვითონ არ შევცვლი ამინდებს მიწის ქვეშ."
"ამორალი", 1997
ქართული ალტერნატიული მუსიკა საკმაოდ რთული თემაა იმისთვის, რომ მის შესახებ დასაწერად მარტივად მოემზადო, საქმე იმაშია, რომ ამ სცენის ფრაგმენტულობიდან გამომდინარე, საკმაოდ რთულია თავი მოუყარო ფაქტებს, მოვლენებს და მათი გაანალიზების შემდგომ საბოლოო დასკვნა გამოიტანო, რადგან ერთიანი ჯაჭვი, როგორც ასეთი - არ არსებობს.
ამ წერილში შევეცდები გადმოვცე ის, რაზეც ნაფიქრი მაქვს და დღემდე ვფიქრობ, როგორც მსმენელი და გულშემატკივარი, შესაბამისად - ჩემი დამოკიდებულება რიგი საკითხების მიმართ აბსოლუტურად სუბიექტურია და ღიაა ნებისმიერი სახის დისკუსიისთვის. მე ვერც გავბედავ და არც მაქვს შესაძლებლობა, რომ დავდო რეცეპტები ან ვინმეს რამე ვასწავლო, ეს ტექსტი წარმოადგენს პერსონალური გულისტკივილის და სხვადასხვა მოსაზრების საჯაროდ გაზიარებას, არც მეტი - არც ნაკლები.
მე მგონია, რომ ქართული ალტერნატიული სცენა, როგორც ასეთი, საერთოდ არ არსებობს, როგორც შემდგარი სისტემა. ის რომ არსებობდეს, ამისთვის საჭიროა ტელე- და რადიოშოუები, რომელთაც თითო-ოროლას გარდა ვერ გავიხსენებთ. ჩვენთან არ ფუნქციონირებენ ლეიბლები, არ იხსნება მუსიკალური მაღაზიები, თითზე ჩამოსათვლელია კლუბები და სალონური ტიპის დაწესებულებები. არ ტარდება ლოკალური ფესტივალები, გვაქვს ერთადერთი საერთაშორისო ფესტივალი. ბენდებს აქვთ ერთი შეხედვით ისეთი ბანალური პრობლემა, როგორიც სარეპეტიციოების არსებობაა. თუმცა სანამ სარეპეტიციომდე მივალთ, უფრო მასშტაბური რამეები უნდა ვახსენოთ - დღესდღეობით, თბილისში ალტერნატიულ სცენაზე მოქმედი ბენდებიდან მხოლოდ ერთს ჰყავს მენეჯერი. ჩვენთან არ არსებობენ მუსიკალური პროდიუსერები, რომლებიც მსგავსი მუსიკით ინტერესდებიან და ბენდები არ, ან ვერ უშვებენ ალბომებს. პრობლემური საკითხია კარგი ხმის რეჟისორი და, ზოგადად, პროფესიონალი ტექნიკური პერსონალი, რომელიც კრეატიულ ნაწილს ხორცშესხმის საშუალებას მისცემს.
ქვეყნიდან გასვლის მსურველი მუსიკოსი საკმაოდ ბევრია (თითქმის ყველა მათგანი), ჩემს მიზანს ერთი წამითაც არ წარმოადგენს ვინმეზე თავდასხმა ან შეურაცხყოფის მიყენება, მაგრამ აუცილებლად უნდა ითქვას, რომ საკუთარი კრეატიული თუ მატერიალური შესაძლებლობების შეფასების უნარის მქონე ამ კოლექტივებიდან ცოტა თუ გახლავთ.
საქმე იმაშია, რომ უცხოელ პროდიუსერს, უმეტეს შემთხვევაში, არა აქვს ინფორმაცია, ან არ უღირს თანამედროვე პროცესებს მოწყვეტილი ქვეყნიდან ბენდის წაყვანა, რადგან ეს მისთვის ზედმეტი ხარჯია. განსაკუთრებით ახლა, როცა აკუსტიკური ბენდების პრობლემა გაცილებით უფრო აქტუალურია საერთაშორისო მასშტაბით, ვიდრე თუნდაც რამდენიმე წლის წინ. აკუსტიკური ბენდი თავის თავს ძნელად ინახავს, ამიტომ მათ ფაქტობრივად ქარხნულ რეჟიმში აქვთ აყვანილი ლაივების დაკვრის კულტურა და მათი შემოსავლის ძირითადი წყაროს სწორედ ტურნეში სიარული და რაც შეიძლება მეტი კონცერტის ჩატარება და მეტ ფესტივალზე გამოსვლა წარმოადგენს.
აკუსტიკური ბენდის, როგორც ოჯახის ფინანსური პრობლემა, დგას, რა თქმა უნდა, ბენდის წევრების რაოდენობაზე, მათ მუსიკალურ აღჭურვილობასა და კიდევ მრავალ მნიშვნელოვან დეტალზე. სწორედ ამის გამოა, რომ საქართველოდან ელექტრონული არტისტი გაცილებით მეტი გადის, ან თანამშრომლობს უცხოურ ლეიბლებთან. ელექტრონული მუსიკა ბევრად უფრო ფუნქციონალურია და პორტატული. ელექტრონული მუსიკის პროდიუსერს შეუძლია ერთ ლეპტოპზე შექმნას, დამიქსოს და დაამუშაოს თავისი პროდუქტი და მას არ დასჭირდეს არანაირი გარე ჩარევა მის დასასრულებლად. ამას გარდა, ამ ტიპის მუსიკა გაცილებით უფრო გაყიდვისუნარიანია მისი სამომხმარებლო თვისებების გამოც. ვგულისხმობ კაფე-ბარებს, კლუბებსა თუ სხვა გასართობი ტიპის დაწესებულებებს, რომლებშიც აკუსტიკური ბენდების მუსიკა ნაკლებად გამოსადეგი იქნება ატმოსფეროს შესაქმნელად.
იმისთვის, რომ ბენდები საზღვარგარეთ გავიდნენ და წარმატებას მიაღწიონ, ჯერ უნდა შეიქმნას ლოკალური სცენა და თუნდაც პატარა, მაგრამ დამაკმაყოფილებელი მუსიკალური ინდუსტრია ყველა იმ კომპონენტის გათვალისწინებით, რომლებიც ზემოთ უკვე ვახსენეთ. ეს განსაკუთრებით ეხება აკუსტიკური ბენდების კრიზისულ მდგომარეობას, რადგან, როგორც უკვე ითქვა, ელექტრონული მუსიკა გაცილებით უფრო მოქნილია საერთაშორისო მუსიკალურ ბიზნესთან ურთიერთობისთვის.
იმისთვის, რომ ადგილობრივი სცენა განვითარდეს, საერთოდ არ არის საჭირო მეგაპოლისის არსებობა. უამრავი მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ, როდესაც სხვადასხვა ქვეყანაში პატარ-პატარა ქალაქებს და უბნებსაც კი თავისი განსხვავებული და თვითმყოფადი სტილი და საუნდი გააჩნია. ასეთი ადგილებია ბრუკლინი, რომელიც თანამედროვე ექსპერიმენტული მუსიკის ერთ-ერთი ძირითადი წყაროა, ასევე ბრიტანული ქალაქები და უბნები - კარგი მაგალითია მანჩესტერი და შეფილდი, ასევე ბრისტოლი. ამ სამ ქალაქს ერთმანეთისგან აბსოლუტურად დაშორებული და რადიკალური საუნდი განასხვავებს.
აგრეთვე მინდა ვისაუბრო ერთ თითქოსდა ნაკლებ მნიშვნელოვან საკითხზე, რომლის შესახებაც არაერთი ცხარე დისკუსიაც მინახავს და საავტორო სვეტებიც.
ქართული და ინგლისურენოვანი ლირიკის საკითხი შიგადაშიგ აქტუალური ხდება და ეს ფრაგმენტული აქტუალობა, როგორც წესი, მალე მიეცემა ხოლმე დავიწყებას, სანამ კიდევ ერთხელ არ ამოტივტივდება.
მე პირადად სულაც არ ვფიქრობ, რომ ინგლისურენოვანი ლირიკა ქართულ ბენდს არ უხდება, ან მის გამო არაგულწრფელია; თანაც დღევანდელ დღეს და განსაკუთრებით ინდი მუსიკაში, ტექსტუალური ნაწილის დატვირთვა გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ის თუნდაც 20 წლის წინ იყო. დღესდღეობით მუსიკა ცხოვრების საუნდტრეკს უფრო წარმოადგენს რიგი მიზეზების გამო, ვიდრე სოციალურ ფენომენს, რომელსაც მასებზე ზემოქმედების უნარი ვერბალური თხრობით შეუძლია. ჩვენ გვაქვს წარმატებული მაგალითები იმისა, რომ კარგ ბენდს ორივე ენაზე შეუძლია იყოს ემოციური და ღრმა. ამ შემთხვევაში კი გავიხსენებდი ქართულენოვან ჯგუფ "წერილს" და ინგლისურენოვან Landmark-ს, რომელთა შემოქმედებაც ზემოაღნიშნულს ადასტურებს.
გარდა იმისა, რომ უკვე ჩამოვთვალეთ რიგი პრობლემებისა, რომლებიც თანამედროვე ქართველ მუსიკოსებს აწუხებთ, აუცილებლად უნდა ვისაუბროთ ქართველ მსმენელზეც, რომელსაც არანაკლები პრობლემა გააჩნია ინფორმაციასთან წვდომის, ზოგადი დამოკიდებულებისა და რაოდენობის მხრივ.
მცირერიცხოვანი პუბლიკა შესამჩნევად ასვამს დაღს ქართულ ალტ. სცენას, რადგან თითქმის შეუძლებელია ატარო კონცერტი მუდმივად ერთი და იმავე (საუკეთესო შემთხვევაში _ 500) ადამიანის თვალწინ, რომელსაც მატერიალური პრობლემები აქვს, გარდა იმისა, რომ ინფორმაციის ნაკლებობასაც განიცდის.
მცირერიცხოვანმა პუბლიკამ შესაძლოა ჟანრი მთლიანად გააქროს ბაზრიდან და ამის ყველაზე კარგი მაგალითი ქართული მეტალია. ვინმეს გვახსოვს 2000-იანების დასაწყისში არსებული ქართული მეტალსცენა? სად არიან ახლა მშვენიერი მეტალჯგუფები - "მორტირიუმი", "ჰიმერა", "ბოჰემა" და სხვები? ისინი სწორედ პატარა პუბლიკამ გააქრო სამოქმედო სივრციდან, თანაც ისე, რომ ქართული მუსიკალური სცენის ზოგად კონტექსტშიც კი აღარავის ახსენდება.
ამ ეტაპზე ქვეყანაში არ არსებობს არც ერთი მუსიკალური ბეჭდური ჟურნალი, რომელიც გარკვეული პერიოდულობით გამოვა და არსებულ საინფორმაციო პრობლემას გადაჭრის ან შეეცდება მაინც მის გადაჭრას (უნდა აღინიშნოს, რომ ამის სერიოზული მცდელობები იყო). ცხადია, არსებობს ბევრი საერთაშორისო ვებჟურნალი, მაგრამ მათი ცნობადობა საკმაოდ მწირია და გარკვეული ტიპის მსმენელის გარდა, მათ შესახებ ბევრმა ადამიანმა არაფერი იცის.
ამ წერილს ეპიგრაფად წავუმძღვარე ამონარიდი ჯგუფ `ამორალის~ 1997 წელს გამოსული კომპოზიციიდან `მიწის ქვეშ~, რომელიც ამ საკითხს არ უკავშირდება, მაგრამ ტექსტის გამო დღესაც საკმაოდ აქტუალურია. მინდა შევეხო მუსიკალური (და არამხოლოდ) საზოგადოების გარკვეულ ნაწილში გავრცელებულ პოპულარულ მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სახელმწიფომ ან ბიზნესმა ხელოვნურად (ხაზს ვუსვამ) უნდა შეუწყოს ხელი ამ სფეროს განვითარებას; მე ამას არ ვეთანხმები და მიზეზსაც ვიტყვი: რატომ უნდა ჩადოს ფული ბიზნესმენმა იმ საქმეში, რომელიც თვითონ მუსიკოსებს და მათ მსმენელებს არ ადარდებთ, მით უმეტეს, თუ ამ საქმიდან მოგებას ვერ ნახავს? საქართველოში ალტერნატიული მუსიკა ვერ იქნება ბიზნესი და უხეშად რომ ვთქვათ - მასში თავის შეყოფით ფული არ იშოვება. ჩვენ ასევე გვახსოვს ბიზნესის მხრიდან მისი სტიმულირების ტოტალურად კიტჩური მცდელობა "არტ-იმედის" სახით, რომლის ფატალური დასასრულიც ყველას ძალიან კარგად მოგვეხსენება. რაც შეეხება სახელმწიფოს, ის ყოველთვის და ყველა ეპოქაში ეცდება, რომ კაპიტალი ელექტორალურად მომგებიან მუსიკაში ან პროპაგანდისტულ აუდიო-ვიდეო პროდუქციაში დააბანდოს. ამ ქვეყანაში ამის არაერთი მაგალითი გვაქვს და დადგა დრო, რომ აღარ გვჯეროდეს ჩინოვნიკების, რომელთა სრულ უმრავლესობასაც აბსოლუტურად ლეგიტიმურად არ ანაღვლებს ქართული ალტერნატიული მუსიკის ბედი.
აუცილებელია, რომ გაჩნდეს ინდივიდუალური ინიციატივები და გამბედავი ადამიანები, რომლებსაც რაღაც კონკრეტული საქმე უყვართ, რეალურად უნდა ჩაერთონ პროცესებში. სწორედ ამას გულისხმობს პირადად ჩემთვის ეპიგრაფში მოყვანილი ტექსტი და ამის მაგალითი არსებობს ლოკალურ საკლუბო სცენაზეც, რომელის შესახებაც წერილში აუცილებლად ვისაუბრებთ.
ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, დარწმუნებული ვიყავი, რომ 90-იანები ხმოვანების თვალსაზრისით რაღაცნაირად გადავხარშეთ და დღეს არსებობენ ბენდები, რომლებიც შედარებით უფრო აქტუალურ მუსიკას უკრავენ. მაგრამ, საბოლოო ჯამში, როგორც აღმოჩნდა, წინ კუს ნაბიჯებით მივდივართ. ასეა თუ ისე, ალბომები 90-იანებში უფრო მეტი გამოდიოდა. ჩვენ გვაქვს ირაკლი ჩარკვიანის, "ამორალის" (წერილი), "აუტსაიდერის", "რეცეპტის", "პრიზის", Mother On Momday -ის და სხვების ალბომები იმ პერიოდიდან, დღეს კი რა გაგვაჩნია? ადამიანი ცალი ხელის თითებზე ჩამოთვლის ღირებულ ალბომებს, რომლებიც ბოლო დროს გამოვიდა. ერთ-ერთი ასეთი, ნამდვილად აღნიშვნის ღირსია Landmark-ის ალბომი, სახელწოდებით Void, რომელსაც აშკარად ეტყობა, რომ მის შესაქმნელად არაერთი ადამიანის შრომა დაიხარჯა, მაგრამ მივადექით უკვე აღნიშნულ პრობლემას: სად არის გამოხმაურება ამ ალბომზე? მე პირადად მხოლოდ ერთი წერილი წავიკითხე და ერთ გადაცემაში ვნახე მოკლე რეცენზია და, რაც უნდა სამწუხარო იყოს, საუბარი მის შესახებ ამით დამთავრდა.
საინტერესო საკითხია, თუ საიდან იკვებება დღევანდელი ალტერნატიული სცენა საქართველოში. ვის და რას აქვს გავლენა მასზე და არის თუ არა ეს გავლენები მნიშვნელოვანი? ჩვენ ვიცით, რომ 90-იანებში მოღვაწე მუსიკოსები საკმაოდ დიდი დოზებით სესხულობდნენ იმ დროინდელ პოსტპანკ/სინთპოპ ჟღერადობას და მაშინდელ აქტუალურ მუსიკას აქ ასე თუ ისე უსმენდნენ.
დღევანდელი ალტერნატიული სცენა ძირითადად თანამედროვე ამერიკული და ბრიტანული ინდი სცენიდან იკვებება და ეს სულაც არ არის ცუდი, მაგრამ, საუბედუროდ, იყო შემთხვევები, როდესაც აღმოჩნდა, რომ წლის განმავლობაში ქართველი მუსიკოსები არ უსმენდნენ არც ერთ მათ კოლეგას დასავლეთში, ბევრმა მათგანმა ვერ დაასახელა წლის საუკეთესო ათი ალბომიც კი, რომლებიც იმ წელს მოეწონათ და ეს იმაზე უფრო სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.
რამდენიმე სიტყვა მინდა ვთქვა ბოლო დროინდელი საკლუბო სცენის შესახებ, რომელიც ყველაზე მეტად მეიმედება და დიდი სურვილი მაქვს, უახლოეს წლებში მაინც შევძლოთ ნამდვილ რეივ მოძრაობასთან ახლოს მყოფი კულტურის ჩამოყალიბება.
საკლუბო კულტურის პოპულარობა ჩვენთან 2000-იანების პირველ ნახევარში დაიწყო და ხანმოკლე აღმოჩნდა არაერთი მიზეზის გამო. ეს ვრცელი საკითხია და საკმაოდ საინტერესოც; თუმცა ჩვენ დღევანდელობაზე ვსაუბრობთ და აუცილებლად უნდა ითქვას ორი სიტყვა თანამედროვე საკლუბო სცენაზე, რომელიც არ ვიცი რამდენად შეიძლება ჩაითვალოს იმ დროის გამოძახილად, მაგრამ მსმენელთა გარკვეული ნაწილი რომ საკმაოდ გაზრდილი და ინფორმირებულია, ეს უნდა აღინიშნოს. დღეს თბილისში სულ რამდენიმე ღამის კლუბია, მაგრამ ელექტრონული მუსიკის მოყვარული ნამდვილად არ გახლავთ ცოტა. ასევე საკმაოდ წინ არის წასული Dj-ინგი ლოკალურ დონეზე და მიქსებსაც ეტყობა, რომ საქმე წინ მიდის. საშიშროება იმისა, რომ ლოკალურ საკლუბო სცენას იაფფასიანი და ვულგარული საუნდის შემოდინება ემუქრება (რაც ხშირად გამიგია), ლეგიტიმურია, რადგან, რბილად რომ ვთქვათ, შეიმჩნევა უცნაური პროდიუსერების მიერ შექმნილი მუსიკის კულტივირება ამა თუ იმ დიჯეის მიქსში და სხვადასხვა მინიფესტვალებზე მათი ჩამოყვანა, მაგრამ ამ ფაქტებს ტენდენციური ხასიათი ნაკლებად აქვს, მიუხედავად იმისა, რომ ამის საშიშროება ყველგან არსებობს. ამისთვის საჭიროა გემოვნებიანი დიჯეები, რომლებიც ჩვენთან ასევე არსებობენ და მათ შეუძლიათ კრეატიული წინააღმდეგობა გაუწიონ დანარჩენებს, და პრომოუტერები, რომელთა მხრებზეც მთელი ეს შემოქმედებითი თუ საორგანიზაციო დავიდარაბა გადადის.
ზემოთ ითქვა, რომ საკლუბო სცენაზე უფრო მეტი გამბედავი და ინიციატივიანი ადამიანი მოღვაწეობს, როგორც პროდიუსერები, დიჯეები და პრომოუტერები, ისე ელექტრონული მუსიკის მსმენელები. ამის მაგალითია თუნდაც კლუბი "მტკვარზე", რომელმაც ამ ზამთარს უკვე ფესტივალ Unsound-ის ჩატარება შეძლო და შექმნა სამოყვარულო გაერთიანება - საერთაშორისო ინტერნეტ პროექტ Boiler Room-ის ქართული ანალოგი, რომელსაც Stare at Dj ჰქვია. კლუბი მხოლოდ და მხოლოდ ენთუზიასტი, მუსიკის მოყვარული ახალგაზრდა ადამიანების დამსახურებით არსებობს და არანაირი მატერიალური სარგებელი მას არ მოაქვს (რაც თავისთავად ცუდია).
ელექტრონული მუსიკის მიმართ მზარდი ინტერესის და რეივ (Rave) კულტურის ნიშნების გაჩენა მიგვანიშნებს, რომ აქაურ ახალგაზრდობას განტვირთვა ესაჭიროება. ამიტომ, ვფიქრობ, კლუბური კულტურა ნელ-ნელა უფრო მჭიდროდ მოიკიდებს ფეხს ქართულ მუსიკალურ რეალობაში და უფრო მეტი ასეთი დაწესებულება გაჩნდება. ამის ნიშნები განსაკუთრებით 2013 წელს გამოიკვეთა.
საბოლოო ჯამში, ყველაფერი ისე ცუდადაც არ არის, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. ადამიანები მაინც უკრავენ, მაინც ატარებენ კონცერტებს, მაინც აკეთებენ იმას, რაც მათ რეპრეზენტაციას საუკეთესოდ ახდენს. შესაბამისად, არ ვვარაუდობ, რომ ისინი ერთ დღეს ყველაფერს შეეშვებიან და არმატურის ბიზნესის კეთებას დაიწყებენ. ეს ხუმრობით, სერიოზულად კი ყველაფერი დამოკიდებულია საკუთარი თავისა და ნერვების ბოლომდე იმ საქმისთვის მიძღვნაზე, რომელსაც ამდენი პრობლემა აქვს. ეს სრულებითაც არ გახლავთ მარტივი საქმე, მაგრამ ამის იმედი არ უნდა დავკარგოთ.
http://shokoladi.ge/node/7165