გაიხარე, დიდი მადლობა. ყველანაირად ვეცდები შემოვირბინო. ჯერ არა მაქვს გადაწყვეტილი სად ვუყურებ და ხვალე დავკვალიანდები. ვგონებ, დიდი ამბავი უნდა იყოს 12 მაგიდაში

----------------------------
აჰა, ბარემ ზაალისეული პრევიუ

მეოთხე გუნდის წინააღმდეგ
მსოფლიო თასის მეორე რაუნდი სამშაბათს, საქართველოსა და არგენტინის რკენით იწყება. პულებში გუნდთა კენტობის გამო, ბორჯღალოსნები სტარტზე უქმობდნენ, პუმებმა კი პროგნოზი თავდაყირა დააყენეს, გახსნის მატჩში მასპინძელი საფრანგეთი ძლიეს და ასე თუ გააგრძელეს, ვინძლო არა უბრალოდ უწიონ პლეი-ოფს, არამედ მეოთხედფინალში ზელანდიასაც აცდნენ.
არგენტინა "ოლ ბლექსს" არ გადაეყრება, თუ პულში პირველ ადგილს დაიჭერს, საამისოდ კი ყველაზე მარტივი საშუალება ოთხივე თამაშის მოგებაა. ჩვენს შემდეგ პუმები ნამიბიას ებურთავებიან, გადამწყვეტი ბრძოლა კი უწევთ ირლანდიასთან, ვინც ფორმაში აშკარად ვერაა.
ერთი კია, რაგბი არაქათ-გამცლელი თამაში რომაა, ნაგვემ სხეულს დასასვენებლად ლამის კვირა ჭირდება. ჰოდა, პუმათა გურუ მარსელო ლოფრედა (სურათზე მარჯვნივ და ქვემოთ) ჩივის, რეიტინგის მოწინავე რვეულის წევრთაგან მხოლოდ ჩვენ გვიწევს ოთხი დღის შუალედით რაგბობა, რაც ფრიადი უსამართლობააო.
რეიტინგში არგენტინა უკვე მეოთხეა, რისი წყალობითაც ოთხი მოწინავე პოზიცია სამხრეთი ნახევარსფეროს კვარტეტს უჭირავს. მსოფლიო თასის თამაშები წერტობრივად სხვა შეხვედრებზე ორჯერ მეტად ფასობს, რის გამოც პუმებმა 377 პუნქტით იხეირეს, გალებმა კი ამდენივეთი იზარალეს და მეხუთე პოზიციამდე დაეშვნენ.
ირბ-ის რეიტინგი
(10/09 * მსოფლიო თასზე ვერ გავიდა) 1 ზელანდია 9338, 2 ავსტრალია 8703, 3 აფრიკა 8540, 4 არგენტინა 8482 (პლუს 377) 5 საფრანგეთი 8313 (მინუს 377) 6 ირლანდია 8112, 7 ინგლისი 7889, 8 უელსი 7753 (პლუს 108) 9 იტალია 7537 10 სამოა 7497, 11 შოტლანდია 7495, 12 ფიჯი 7052
13 კანადა 6897 (მინუს 108) 14 ტონგა 6752, 15 შტატები 6720, 16 რუმინეთი 6679, 17 საქართველო 6638, 18 იაპონია 6585, 19 რუსეთი* 6437, 20 ურუგვაი* 6266, 21 ესპანეთი* 6232, 22 პორტუგალია 6203, 23 კორეა* 5802, 24 ნამიბია 5715
ბურჯები კისრებს ასვენებენ
თუ ზედიზედ თამაში უწევდათ, ოთხი წლის წინ ბობოლები არიფებს დუბლებს გაუყვანდნენ, მაგრამ ლოფრედა კონსერვატორი გურუა, შეცვლებსაც თამაშის ბოლო ათ წუთშიღა აკეთებს და ჩვენც ლამის საუკეთესო რაზმით გვებურთავება.
პუმათა ხერხემალი (15 10 9 / 2 8) - იგნასიო კორლეტო, ხუან-მარტინ ერნანდესი, კაპიტანი აგუსტინ პიჩოტი, მარიო ლედესმა და ხუან-მანუელ ლეგისამონი - უკლებლივ გვეთამაშება და კიკერიც კვლავ ფელიპე კონტეპომია.
15-ეულში სულ ექვსი ცვლილებაა. ბურჯები, როდრიგო რონსერო და მარტინ სკელსო კისრებს ასვენებენ, სხვები კი დაშავდნენ. ახლებში სამი მარქაფიდან დაწინაურდა და სამიც ფრანგებთან 22-კაცა რაზმში არ ყოფილა, მარადონას დოსტი პიჩოტი კი ბრძანებს, ნაღდი ლათინები ვართ და ამდენად, სიფრთხილე გვმართებს, რადგან ძლიერთან კარგად რომ ვთამაშობთ, მერე სუსტთან მობილიზება გვიჭირსო.
ჩვენა და არგენტინა არათუ რაგბში, მრგვალ-ბურთა თამაშებიც კი არასოდეს შევხვედრივართ ერთმანეთს. ლოფრედას ნათქვამდან ჩანს, რომ პუმებს საქართველოზე ბუნდოვანი წარმოდგენა აქვთ, ბორჯღალოსთანთა ძლევას პრემიით აპირებენ და ზრდილობის გულისთვისღა ამბობენ, მეტოქე ალბათ გაგვიძალიანდება და თავისთვის სასურველ სტილშიც მოინდომებს რაგბობასო.
თაობათა ნატვრის ახდენა
სტილი მათა და ჩვენ მსგავსი გვაქვს - ფორვარდებით მიძალებასა და მოლის გორებაზე დაფუძნებული. გუნდებს შორის განსხვავება ოდენ ისაა, რომ იმათი ლეგიონერები ჩვენებზე უფრო მაღალ ლიგათა კლუბებში მოღვაწეობენ და ისიც, რომ ლათინებმა ბეკებით თამაში რიგიანად იციან და ტაქტიკურადაც უკეთ ურტყამენ.
პუმებისა არ იყოს, საფრანგეთში ბორჯღალოსნებიც თავს შინა გრძნობენ. ბევრი სხვა გუნდისგან განსხვავებით, ქართველებს აკლიმატიზაცია არ დაჭირვებიათ, რადგან ორი კაცის გარდა, მთელი ნაკრები იქ თამაშობს. ჩვენებს ადგილობრივთა ქომაგობის იმედი აქვთ და არც იმაში ეპარებათ ეჭვი, რომ ოთხი წლის წინდელივით უსუსურად აღარ გამოვლენ.
ქართული დელეგაცია ვილფრანშში სუფევს. სააგენტო "რაგბი ნიუზ სერვისიდან" ჩვენებთან ვინმე ლენა ზაკი მუშაობს. მისთვის ვიცე-კაპიტანს, ირაკლი აბუსერიძეს უთქვამს, ავსტრალიაში თავი სხვა პლანეტაზე გვეგონა და თვალებს აქეთ-იქით ვაცეცებდითო, 30-გზის კაპიტან ილია ზედგინიძეს კი გაუმეორებია უწინაც ბევრჯერ თქმული, ესაო და თასზე ჩვენი მონაწილეობა ქართველ მორაგბეთა წინა თაობათა ნატვრის ახდენააო.
ბორჯღალოსნებს ფრანგებმა ოფიციალური მიღება ვენახებიანი მხარის მავან სკოლაში გაუმართეს. იქ ქართული ღვინო ყუთებით ჩვენებსაც მიუზიდავთ, სასწავლებლის დირექტორს კი მოუბოდიშებია, ძაან რთული გვარები გაქვთ, რის გამოც მოსწავლეები მათ ვერ იხსომებენ, მაგრამ დასტურ იციან, რომ საფრანგეთში თამაშობთო.
გულივერა გვიბრუნდება
ნასწავლ ევროპელებს სხვა ანბანის არსებობა ვერც წარმოუდგენიათ. ამის გამო თუ იყო, რომ სტუმრებს ქაჯურად, იმეილ- ესემესებში გავრცელებული ლათინური ტრანსლიტერაციით შესრულებული ბაირაღი შეაგებეს (სურათზე შუაში და ქვემოთ) და სიტყვის ბოლოში მთავრული ასოები (თშ) ზედიზედ რომ დაუჯდათ, იფიქრეს, ნაღდად აბრევიატურააო და ცალკეც გამოყვეს!
დავუბრუნდეთ რაგბს. ჩვენებს მაქსიმალურად გამოცდილი 15-ეული და 22-კაცა რაზმიც გაყავთ. პალიკო ჯიმშელაძე 15 ნომრად დგას, მეკო კვირიკაშვილი კი ათად. ხაზის გამჭრელად მახო ურჯუკაშვილია. ფრთებზე ირაკლი მაჩხანელი და ბესიკ ხამაშურიძე ირბენენ, უმარდესი გოშა შკინინი კი მარქაფაშია.
ბურჯად დათო ხინჩაგიშვილი იწყებს გოდერძი შველიძის ნაცვლად, დათო ზაირაქაშვილს კი თანაკლუბელ მარიო ლედესმასთან მოუწევს შერკინება. მეორე ხაზში წლეულს პირველ ტესტს ახლაღა მართავს მამუკა "გულივერა" გორგოძე, მესამე ხაზში კი თასის გახსნაზე ჩვენს დესპანს, გია ლაბაძეს მძიმე მარბიელთა წყვილი, გიორგი ჩხაიძე - ბესო უდესიანი, შეამხანაგეს მწურთნელებმა.
საქართველო - არგენტინა >> ტაბლო
ბორჯღალოსნები
ბეკები: 15 პალიკო ჯიმშელაძე (არასი სფრ) 14 ირაკლი მაჩხანელი (მონდემარსანი სფრ) 13 მახო ურჯუკაშვილი (ორიაკი სფრ) 12 ირაკლი გიორგაძე (დაკსი სფრ) 11 ბესიკ ხამაშურიძე (კანი სფრ)
10 მეკო კვირიკაშვილი (პო სფრ) 9 ირაკლი აბუსერიძე (ორლეანი სფრ) /
ფორვარდები: 1 დავით ხინჩაგიშვილი (ბურგუენი სფრ) 2 აქვსენტ გიორგაძე (კასტრი სფრ) 3 დავით ზირაქაშვილი (კლერმონი სფრ)
4 ილია ზედგინიძე კაპ (ოში სფრ) 5 მამუკა გორგოძე (მონპელიე სფრ)
6 გიორგი ჩხაიძე (მასი სფრ) 7 გია ლაბაძე (ტულონი სფრ) 8 ბესო უდესიანი (შალონი სფრ) -
მარქაფა: 22 გიორგი შკინინი (ბლუა სფრ) 21 რეზო გიგაური (მონლიუსონი სფრ) 20 ბიძინა სამხარაძე (კონსტანცა რუმ) /
16 გოდერძი შველიძე (კლერმონი სფრ) 17 ავთო კოპალიანი (მონტობანი სფრ) 18 ვიქტორ დიდებულიძე (მასი სფრ) 19 ზვიად მაისურაძე (ლოკომოტივი) მწ მალხაზ ჭეიშვილი
ლოს პუმასი
(* რაზმს დაემატა, ^ მარქაფიდან დააწინაურეს)
ბეკები: 15 იგნასიო კორლეტო (სტადი სფრ) 14 ლუკას ბორხესი (სტადი სფრ) 13 გონსალო ტიესი* (ლონდონ აირიში ინგ) 12 ფელიპე კონტეპომი (ლენსთერი ირლ) 11 ფედერიკო-მარტინ არამბურუ* (პერპინიანი სფრ)
10 ხუან-მარტინ ერნანდესი (სტადი სფრ) 9 აგუსტინ პიჩოტი კაპ (სტადი სფრ) /
ფორვარდები: 1 მარკოს აიერსა* (ლესთერი ინგ) 2 მარიო ლედესმა (კლერმონი სფრ) 3 სანტიაგო ბონორინო^ (კაპიტოლინა იტა)
4 რიმას ალვარეს-კაირელისი^ (პერპინიანი სფრ) 5 პატრისიო ალბასეტე (ტულუზი სფრ)
6 მარტინ დურანდი^ (უკლუბო) 7 ხუან-მარტინ ფერნანდეს-იოვე (სეილი ინგ) 8 ხუან-მანუელ ლეგისამონი (ლონდონ აირიში ინგ) -
მარქაფა: 22 ფედერიკო სერა* (სან ისიდრო კლუბი) 21 ფედერიკო ტოდესკინი (მონპელიე სფრ) 20 ნიკოლას ფერნანდეს- მირანდა (ინდუ კლუბი) /
16 ალბერტო ბასუალდო (ალუმნი) 17 ომარ ასან-ხალილი* (ტულუზი სფრ) 18 ესტებან ლოსადა* (კლუბ ატლეტიკო სან ისიდრო) 19 მარტინ შუსტერმანი* (ლიდსი ინგ) მწ მარსელო ლოფრედა
რეფერი ნაიჯელ ოუენსი უელ; კიდებზე: დეივ პირსონი ინგ საიმონ მაკდაუელი ირლ; ვიდეო: ჰიუ ვოთქინსი უელ
სამ 11/09 ლიონი, სტად ჟერლონი (41 100) 22.00 საქ
This post has been edited by datuchi on 11 Sep 2007, 01:21