ლელოს საიტიდან კვირიკაშვილზე
http://www.lelorugby.ge/index.php?option=c...id=136&Itemid=1 ******************************************************************************************************************************************
მერაბ კვირიკაშვილი: არც მათამაშებთ და ნაკრებშიც არ მიშვებთ?! საქართველოს ნაკრების 10 ნომერს, მერაბ კვირიკაშვილს, საფრანგეთში გამართული მსოფლიო თასის შემდეგ საკლუბო კარიერაში პრობლემები არ ელევა. მეკო მეორე დივიზიონის "პოში" შარშან, შუა სეზონში გადავიდა და გუნდი დივიზიონიდან გავარდნას გადაარჩინა. წლეულს რატომღაც გუნდის მწვრთნელები აღარ წყალობენ და თერთმეტიდან მხოლოდ სამ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ამასაც არ დასჯერდნენ და ახლა ეროვნულ ნაკრებში მისი არგამოშვებაც სცადეს.
- ვერაფერი გავიგე, - გვიამბობს მერაბ კვირიკაშვილი. - მაინცდამაინც ახლა დავჭირდი, ეროვნული ნაკრების თამაშები რომაა. აქამდე თამაშის საშუალებას არ მაძლევდნენ, შემადგენლობაში არ მაყენებდნენ. რომ ვიკითხავდი, რატომ არ ვთამაშობ-მეთქი, სრულიად უაზრო პასუხს მცემდნენ. ეს ყველაფერი ძალიან მაღიზიანებს, ამიტომ მათ კატეგორიულად განვუცხადე, ნაკრებს მნიშვნელოვანი თამაშები აქვს და აუცილებლად უნდა წავიდე-მეთქი. ჩემსას აუცილებლად გავიტან.
- რატომ არ გაძლევენ თამაშის საშუალებას?
- ჩემს პოზიციაზე კლუბში ორი ფრანგია, ერთი ოცწლამდელთა ნაკრებში აიყვანეს, მეორე საფრანგეთის A ნაკრებში აჰყავთ. მწვრთნელები ცდილობენ მათ წარმოჩენას. არადა, გარწმუნებთ, ჩემზე უკეთესები არაფრით არიან. ყოველ შემთხვევაში, ისე უნდა იყოს, რომ მატჩების ნახევარს მე უნდა ვთამაშობდე, ნახევარს კი ისინი. რამდენიმე შეხვედრაში შეცვლაზე ვითამაშე, ძირითადში ერთადერთხელ გრენობლში ვიდექი. ჩემთვის ეს საკმარისი არაა.
- როგორც ჩანს, პრობლემა საკმაოდ სეროიზულია. "პოდან" თქვენი წასვლის თაობაზე ლაპარაკი ხომ არ დაწყებულა?
- მე ამ თემაზე მათ არ ველაპარაკები. ჩემი მენეჯერი ესაუბრა და უთხრეს, რას ამბობთო, ის ძალიან პერსპექტიულია, კარგი მომავალი აქვს და ჩვენთან გვინდა იყოსო. თუ კი ასეა, ხომ უნდა მათამაშებდნენ კიდეც?
- ამ მიზეზით თანაგუნდელებთან პრობლემები ხომ არ შეგექმნათ?
- არა, არანაირი, ყველასთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს, ყველას ესმის ჩემი, განსაკუთრებით რუმინელებს და რუს სლავა გრაჩოვს.
- ნაკრებში ორივე თამაშზე ჩამოხვალთ?
- დიახ. ამათ სურთ, მხოლოდ პორტუგალიასთან ვითამაშო, მაგრამ მე კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ. რუმინელების წინააღმდეგაც ვიბრძოლებ.
- პორტუგალიასთან თამაშში ძალიან ბევრი მორაგბე დაგვაკლდება, რაც ალბათ თამაშის ხარისხზეც აისახება....
- ასეა, მაგრამ ყველამ, ვინც ნაკრებში ვართ, მაქსიმალური მობილიზება უნდა მოვახდინოთ. პორტუგალიას აუცილებლად უნდა მოვუგოთ. ახალი მწვრთნელი, მოკლე დროში, ცხადია, ახალს ვერაფერს გვასწავლის. მის მიერ შემოთავაზებულ ტაქტიკაზე ნელ-ნელა, დროთა განმავლობაში უნდა გადავიდეთ. კარგია, რომ მთავარი მწვრთნელის ასისტენტები ლევან ცაბაძე და ვიქტორ დიდებულიძე იქნებიან, მართალია მათ სამწვრთნელო გამოცდილება არ აქვთ, მაგრამ უდიდესი გამოცდილება და ცოდნა გააჩნიათ. ვფიქრობ, უნდა გაამართლონ.
მიმაგრებული სურათი