მზიურ ზურზიკეთში მთელი ჯეოსითიზი კვლავაც დაბლოკილია (არკვევენ, რატომ)
მაგიტომ აი ის, 5 დეკემბრის სტატიანაქებმა სანზარ-მა იდედლარაგბში გარდაქმნათა საჭიროებას ყველა აღიარებს, მაგრამ მამები თამამად ვერ ირჯებიან: წინა კვირაში, ლონდონში შეკრებილმა "მეწილეთა ფორუმმა" სეზონის კალენდარში ფაქტობრივად არაფერი შეცვალა, სამშაბათს კი, სიდნეიში, ზე 14-ისა და "სამი ერის" მმართველმა სანზარ-მა ნოვატორული, "სტელენბოსხის წესები" გაისიდან ერთობ მცირე დოზით აამოქმედა.
ირბ-მა ახალი წესების მოფიქრებასა და გამოცდას წელიწად-ნახევარზე მეტი მოანდომა.
კომისიამ, რომელშიც ავსტრალიელი ექს-გურუ როდ მაკქვინი და ზელანდიელი მსაჯ-ყოფილი, ირბ-ის დიდ-მოხელე პედი ობრაიენი შედიოდნენ, 29 მუხლი არსებითად შეცვალა, რითაც, მხილველთა მტკიცებით, პაუზები შემცირდა, დატვირთვამ იმატა და ბურთაობაც უფრო მუღამიანი გახდა, მაგრამ რად გინდა?
საქმე საქმეზე რომ მიდგა, აქამდე ყველაფერში მოწინავე სანზარ-მა იდედლა და 15 თებერვალს დასაწყებ ზე 14-ში მხოლოდ რვა სიახლე შემოიღო.
ამით, სამხრეთელთა მტკიცების მიუხედავად, შოუს ბევრი ვერაფერი შეემატება. არადა, სანახაობათა ბაზარზე რაგბს გლობალურად უწევს ფეხბურთთან და კალათბურთთან გაჯიბრება, ავსტრალიაში კი კონკურენტებს 13-კაცა რაგბი-ლიგა და 18-კაცა რულზიც (ეროვნული ფეხბურთი) ემატებიან.
* მაინც ადრე დააჭაშნიკებენ
ვიდრე წესებს სანზარ-ი განიხილავდა, სიახლენი გულდაგულ გამოიცადა სტელენბოსხის უნივერსიტეტში (აფრიკა), ავსტრალიის ეროვნულ პირველობაზე და ზელანდიის უმცროს პროვინციებში.
მოთამაშეებს ნოვაცია მოეწონათ, სამხრეთელმა მამებმა კი იფიქრეს, ახალ წესებზე რომ ახლავე მთლიანად გადავიდეთ, ივნისში, სტუმარ ევროპელებს მაინც ძველებურად უნდა ვერაგბოთ, რადგან იქ სიახლე ჯერ არ დანერგილა, ივლისიდან კი, სამ ერზე, კიდევ ერთხელ მოგვიწევს გადაწყობაო.
მოკლედ, სანზარ-მა მინიმალურად გარისკა. ერთი მხრივ, სამხრეთს ვერ უსაყვედურებს ირბ, ჩვენი დავალება რად არ შეასრულეთ, ანუ სტელენბოსხური იდეები ჯერ-არნახულად ფრიად დონეზე რად არ გამოცადეთო, მეორე მხრივ კი, აღარც მოთამაშეები გაწვალდებიან და ევროპელებზე წინაც იქნებიან, რადგან სიახლეს მაინც მათზე ადრე დააჭაშნიკებენ.
* შერკინებიდან შეტევა გაადვილდება
სანზარ-მა რვა სიახლე ჯერჯერობით მხოლოდ ზე 14-ში შემოიღო. მზირთა თანახმად, ირბ სრული სტელენბოსხური ნუსხის ამოქმედების ვადად მაისს ან სექტემბერს დათქვამს.
სამხრეთელებს ნებისმიერ შემთხვევაში ურჩევნიათ, რომ უზომოდ, სამ წრედ გაწელილ "სამ ერზე" ახლებურად ირაგბონ, ნოემბერში კი, როცა ევროპაში თავად ჩავლენ, ტესტები უთუოდ სტელენბოსხურად განისჯება.
ზე 14-ურ სიახლეებში მთავარი ისაა, რომ შერკინების დროს ხაზი, ჰავბეკის (9 ნომერი) გამოკლებით, რაგბი-ლიგის ყაიდაზე, "ბოლო ფეხზე" ხუთი მეტრით უკან უნდა გამწკრივდეს, რითაც პირველი ფაზიდან ხელდახელ შეტევა გაადვილდება.
გართულდა აუტში პირდაპირ დარტყმით მანძილის მოგებაც. თუ ბურთს გარედან მიაწვდი ოცდა ორში, იქიდან კი ბოჭვის, რაქის ან მოლის გაუმართავად შენი გუნდელი დაარტყამს და ოვალი მოედანში დაუცემლად გავა აუტში, დერეფანი დარტყმის ადგილის გასწვრივ მოეწყობა.
* დაუწერელი წესი დააკანონეს
მსაჯი აქამდე თვალს ხუჭავდა, თუ კიდიდან სწრაფად შემოგდებისას ბურთს აუტის მართობულად კი არა, ცოტა უკან მოაწვდიდი. ამიერიდან შეგიძლია გვარიანად უკან, სიღრმეში უპასო შენიანს, რითაც კონტრ-შეტევა უფრო ეშხიანი გამოვა.
ბოჭვაზე კანონ-მდებლებმა უბრალოდ დაამტკიცეს ის, რაც მსაჯებს ისედაც დაედგინათ დაუწერელ წესად. კერძოდ, ბრძოლაში ჭიშკრიდან უნდა ჩაება; ბოჭვის თანავე თამაშგარეს (ოფისაიდი) ხაზები მოედნის მთელ სიგანეზე (!) ივლება და მეტოქის ჰავბეკსაც მანამ ვერ წაეტანები, სანამ ეს ბურთს არ შეეხება.
ყველა ჯარიმა, ოფსაიდის, ჭიშკრის გვერდის ავლისა და ბინძურად თამაშის გარდა, იქცა თავისუფლად, რაც თუნდაც იმადაა სამართლიანი, რომ თუ კონტრ-შეტევაზე შენს ნახევარზე შეგბოჭავენ და ბურთს ხელს არ გაუშვებ, მეტოქე სითამამისთვის არამი სამი ქულით ვეღარ გაზარალებს.
ლელოს შემომსაზღვრელი ალმები ვითომც განზე უნდა გაეწიათ ორი მეტრით, მაგრამ ადგილზე კი დატოვეს. სამაგიეროდ, მათი შეხება აღარაა აუტი, რითაც ტელი-რეფს საქმე ხომ გაუადვილდება და კუთხეში გატანილი ბევრი კოხტა ლელოც აღარ გაუქმდება.
* საბარგო და მისაბმელი
სხვა სტელენბოსხული სიახლეები სანზარ-მა დაიწუნა, ესაო და ცხადად (!?) ვერაა ჩამოყალიბებულიო.
ერთის თანახმად, დასაშვები უნდა გამხდარიყო მოლის ჩაქცევა (რაც აქაურ გუნდებს ბევრ საფიქრალს გაუჩენს!) და "საბარგო და მისაბმელის" (თრაქ ენდ თრეილა) აგორებაც, ანუ ბურთიანი მოლის კუდში რომაა გაყურსული, მაგრამ მწყობრზე ხელი არ უკიდია.
მერე კიდევ, დერეფანში ვისაც რამდენი მოუნდებოდა, იმდენ მოთამაშეს ჩააყენებდა (ანუ მეტოქე ბურთის ამგდებ გუნდზე მეტიც გამწკრივდებოდა), მიმღები (9 ნომერი) კი ორ მეტრში უნდა მდგარიყო.
რაქში უნდა დაეშვათ ხელით თამაში, რითაც რაქისა და ბოჭვის წესები გაერთიანდებოდა. თუ ბოჭვაზე ბურთი ჩაგეხურებოდა, მოხდებოდა თერნოვერი - მეტოქეს ერგებოდა თეფი (გასათამაშებელი თავისუფალი), რითაც ბურთაობა აჩქარებოდა.
* ცოტა სჯობს სულ არაფერს
თეფი უნდა დანიშნულიყო დერეფანში უსწოროდ მოწოდებისთვისაც. ერთი კია, ვინც ძველებურად ჭიდილსა და მეტოქის ღონით დაჯაბნვას დაეშურებოდა, იმას ნებისმიერი თეფის ნაცვლად მაინც შეეძლებოდა შერკინების მოთხოვნა.
უნდა გაფართოებულიყო კიდის მსაჯის უფლება-მოსილებაც. ახალი, "ალმის მსაჯი" ბოჭვაზე ოფსაიდს თუ შენიშნავდა, ალამი დამრღვევი გუნდისკენ უნდა გაეშვირა.
ამის დანახვაზე იქეთა ალმის მსაჯიც ანალოგიურად უნდა მოქცეულიყო, რათა რეფს უკეთ შეენიშნა სიგნალი, მაგრამ ყურად იღებდა თუ არა თანაშემწეთა კარნახს, ეგ თავად უნდა გადაეწყვიტა.
ერთი სიტყვით, სტელენბოსხურ პაკეტში მართლაც ბევრი რამაა ფრიად საგულისხმო. სანზარ-მა საკუთარ ინტერესთა შესაბამისად იმოქმედა და ყველა სიახლე ახლავე როდი აიტაცა, მაგრამ როგორც ზე 12/14-ის 6-გზის ჩემპიონის, კრუსეიდერზის (ზელანდია) მწურთნელმა, რობი დინსმა შენიშნა, ცოტა სჯობს სულ არაფერს.
+++ შარშანწინდელი (2006) პროექტი სტელენბოსხული კოდექსიკავშირმა უერთგულესი მეოხის, "მეშვიდე ცის" შეწევნით გამომცემლობა "სეზანს" პორტუგალთა ჩამობრძანების წინ რაგბის თემის განსასწავლად ათას ცალად რომ დააბეჭდინა წესები, ეგ ბიბლია წელიწად-ნახევარში შეიძლება ძაან დაუძველდეს, რაღაი ირბ-ს გადაუწყვეტია, რაგბი უფრო იოლად სათამაშო, სამსაჯო, სასწავლი და გასაგები გახადოს და ამად მსოფლიო თასის შემდეგ, 2008 წლიდან, წესთა გადახალისებას გეგმავს.
როგორსაც რომ ირბ იდეაში ესწაფვის, თამაშთა სამყაროში ეგეთია ლიანგის ბანგი და მეფსონეთა ხატება ფეხბურთი, ოვალურ-ბურთა ოჯახში კი, მუშურ-ყოფილი 13-კაცა რაგბი-ლიგა. რაც შეეხება კანონიკურ, 15-კაცა რაგბს, მისი კეთილ-შობილი მიმდევრები ოდითგან იმით ამაყობდნენ, რომ მასები ძირის ძირამდე ვერასოდეს ჩაწვდებოდნენ ინგლისის სკოლებში XIX საუკუნეში წეს-დადებულ იწილო-ბიწილოს და ამით დუნიაზე ყველაზე ვაჟკაცური თამაში სამუდამოდ დარჩებოდა უნივერსიტეტ-დამთავრებულთა საუფლოდ.
ვაგლახ, რომ ბოლო ათწლეულის მოვლენებმა ისთებლიშმენთის ეს ოცნება უტოპიად აქცია. ჯერ მსოფლიო თასის შემოღებამ, შემდეგ კი თამაშის გაპროფესიულებამ ის მოიტანა, რომ რაგბის კომერციულმა ასპექტმა წინა პლანზე გადმოინაცვლა: ბრენდს განახლება დაჭირდა, რადგან ოდინდელი, მდოვრე და პაუზებიანი ბურთაობა მომთხოვნ მაყურებელს, სპონსორსა და ტელე-მარჩენალს ვეღარ იზიდავდა.
თუ მსაჯის ჟესტებსა და ლექსიკონს გამოვაკლებთ, ირბ-ული ბურთაობის მარეგულირებელი კოდექსი ქართულად წიგნაკის 138 გვერდს იკავებს, ანუ წესი ძაან ბევრია. უარესი კიდევ ისაა, რომ ირბ-ისვე მსაჯთა გადიის, ზელანდიელი პედი ობრაიენის თქმით, წესები აშკარად ჩამორჩა თამაშის განვითარებას და ის, რაც მოედანზე ხდება, წიგნში ამოკითხულს აღარ შეესაბამება. მეტიც, ოღრაში რეფის აღიარებით, ზოგი მუხლი (მაგ 15. ბოჭვა) ისეთია, რომ მის მიხედვით თამაშის განსჯა უბრალოდ შეუძლებელია.
* სახეს არ დაკარგავს
ჩვენი დროის ირბ ამაყობს, პრო-აქტიული ორგანიზაცია ვარო, ანუ მეხანძრის დარად ხანძარს კი არ ვაქრობ, არამედ საქმე ისე მიმყავს, რომ შენობას ცეცხლი არ მოედოსო. ჰოდა, შექმნა შორს მჭვრეტელმა ირბ-მა რაგბის სამყაროში აღიარებულ გურუთაგან (როდ მაკქვინი, იენ მაკინტოში, რიჩი დიკსონი, პიერ ვილპრე) წესების რეფორმის ჯგუფი და ახალ, უთამამეს იდეათა გამოსაცდელ პოლიგონად მიუჩინა აფრიკის კონცხზე მოქმედი სტელენბოსხის უნივერსიტეტი, სადაც რაგბი უპირველესი სპორტია და 174 ბოკე გაზრდილა.
ექსპერიმენტს, რომელიც თებერვალში გაჩაღდა, ობრაიენი თავად კურირებდა. შეფის მტკიცებით, შედეგი დამაიმედებელია. კონცხელებს ისე მოეწონათ სიახლე, რომ თავიანთ წრეში, უნივერსიტეტის პირველობაზე, გაისადაც ამ წესებით სურთ რაგბობა. სტელენბოსხის კლუბის თავკაცის, იური რუს თქმით, მომავლის რაგბი ამჟამინდელზე ბევრად უფრო მუღამიანია; რაქიდან ბურთი მალე გამოდის, ხელდახელ თამაში მეტი და რისკიანია, და მორაგბეებს უკეთესი ტექნიკა, მეტი უნივერსალობა და ამტანობა ჭირდებათ.
ობრაიენი და მისი მთლად უფროსი, ირბ-ის აღმასკომის წევრი ბილ ნოლანი ტრადიციონალისტებს ამშვიდებენ, წესების განახლებით რაგბის მარად ღირებულებათაგან არაფერს ვანგრევთ; 15-კაცა თამაში საკუთარ სახეს არ დაკარგავს და რაგინდარა აღნაგობის ხალხისთვის ხელმისაწვდომი დარჩებაო. რეფორმატორთა თქმით, მომავლის წესები ერთნაირად გამოიყენება პროფესიონალთა და მოყვარულთა თამაშებში; ახალი წლიდან ექსპერიმენტში შოტლანდია და ავსტრალიაც ებმებიან, ობრაიენული მიდგომის დედა-არსი კი თურმე ისაა, რომ აკრძალვათა ნაცვლად კოდექსში ის უფრო მეტი ეწეროს, მორაგბეს რა ხელეწიფება.
* ჭიშკრიდან და ზეზეულად
ახლა წვრილად მოვყვეთ, თუ 2008 წლისთვის რას გვიმზადებს რეფორმის ჯგუფი. ძირითადი სიახლე ექვსია:
(1) ბოლო ფეხიდან ხუთ მეტრზე. ბოლო ხანს ფრონტის შუაგული (10 და 12 ნომრების არხი) ჩაიხერგა, აფრიკამ კი მიმხდომი დაცვაც შეიმუშავა და ოფსაიდის წკიპზე თამაშით მეტოქის ბეკებს გასაქანს არ აძლევს.
ამ პრობლემის გადასაჭრელად სტელენბოსხული კოდექსით შერკინების დროს ბეკები მწკრივდებიან არა ბოლო ფეხზე, არამედ ხუთი მეტრით უკან, ანუ რაგბი-ლიგაში 12 წლის წინ შემოღებული წესის ანალოგიით, რაგბშიც მეტოქე მწყობრებს შორის ბარემ 15-მეტრიანი ცარიელი ზოლი იქმნება (აქ იგულისხმება, რომ შერკინების სიგრძე ხუთი მეტრია).
(2) ხელი რაქში. კლასიკური რაქი თანამედროვე რაგბში თითქმის აღარაა. ეს ტერმინი ჟარგონზე (მაგრამ არა წესებში!) ბოჭვის შემდგომი ეპიზოდის, ბრეიქდაუნის სინონიმი გამხდარა. ამ დროს ბურთისთვის ბრძოლას ბარემ 30 დებულება არეგულირებს. მოთამაშეთა უმეტესობა ერთ-ერთს მაინც არღვევს. მსაჯს დარღვევათაგან ყველაზე სერიოზულის ამორჩევა ციმციმ უწევს, ანუ მთელი პროცესი ფრიად სუბიექტურია.
სტელენბოსხული კოდექსი დე იურე აცხადებს იმას, რაც დე ფაქტო უკვე ხდება, ანუ თუ რაგინდარა რაქში ბურთზე ჭიშკრიდან და ზეზეულად ჩალიჩობ, რეფი აღარ გაჯარიმებს. ობრაიენის თქმით, ახლებურ რაქში ნაკლები მოთამაშე ებმება, ბიჭები ბურთისთვის გემოზე იბრძვიან და ოვალი მათგან უფრო გაწაფულის კერძი ხდება.
* ჩაქცევა სახიფათო არ ყოფილა
(3) მოლის ჩაქცევა. არგენტინისა და ინგლისისა არ იყოს, საქართველოშიც გვიყვარს მგორავი მოლი, რაღაი თუ სწორედ დაეწყვე, მიაწექი, გადაეწყვე, კიდევ მიაწექი და ასე შემდგომ, წესების დაცვით შენი შემჩერებელი არავინაა, ხოლო თუ მეტოქემ მწყობრი ჩაგიქცია, საჯარიმო ლელო თუ არა, ჯარიმა და სინბინი კი ნაღდია.
2008 წლიდან ირბ დაცვას მოლის ჩაქცევის ნებას რთავს. ამით შემტევს აღარ ექნება ამჟამინდელი უპირატესობა, ობრაიენის მტკიცებით კი, სტელენბოსხში სტატისტიკურად დამტკიცებულა, რომ ჩაქცევა სახიფათო არაა, ანუ ტრავმიანობას არა ზრდის.
(4) პასი გარედან 22-ში. 1968 წელს შემოღებული ოზური წესით, რომელიც რაგბი-ლიგამ ჯერ კიდევ 1906 წელს აამოქმედა, მოედნის საკუთარი მეოთხედის (ე.წ. 22) გარედან ფეხით დარტყმისას მანძილი მხოლოდ მაშინ მოიგება, თუ კიდეზე გასვლამდე ბურთი მიწაზე დაეცა, 22-ის შიგნიდან კი მოედანში დამიზნება საჭირო არაა, რაღაი ამ დროს ფორმალურად თავს იცამ და ხეირს არ ეშურები.
ზემოთ "ფორმალურად" შემთხვევით არ დაგვიწერია. საქმე ისაა, რომ თუ კარგი კიკერი გყავს, შეიძლება ძაან შორს დაკრას ოვალი. ამის გასაძნელებლად (და სათანადო წესის უფრო გასართულებლად, ანუ ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო) სტელენბოსხური სიახლე გამორიცხავს 22-ის გარედან შიგნით პასის შემდეგ პირდაპირ კიდეზე დარტყმით ხეირს, ანუ 2008 წლიდან კიდეზე დარტყმა დაცვითად მარტო მაშინ მიიჩნევა, თუ დერეფანი, შერკინება, მოლი და რაქი 22-ში იყო.
* უ-კუთხის საროდ
(5) თეფი ჯარიმის ნაცვლად. ახლანდელი წესებით, ლამის ყველა დარღვევა ჯარიმაა. ასე მაგალითად, შეტევისას შებოჭილმა ბურთი რომ შეაფერხო საკუთარ 10-მეტრა წყვეტილთან, დაჯარიმდები და მეტოქე კიკერი 40 მეტრიდან ყოვლად არამ სამ ქულას აგართმევს. ამის შიშით შენი ნახევრიდან ხელდახელ თამაშს ერიდები და ბურთი ფეხით მალიმალ გადაგაქვს მეტოქის ზურგში, დაე, ბოჭვაზე იგი დაჯარიმდესო.
მომავლის წესებით, აქამდელ დარღვევათა უმეტესობისთვის ჯარიმის ნაცვლად დაინიშნება თავისუფალი, საიდანაც გოლის გატანა არ შეიძლება. ამის გამო გუნდი ბურთს გაათამაშებს (ე.წ. თეფი). უფალ ობრაიენისვე აღიარებით, ამით შედეგზე უკეთური მსაჯის გავლენა შემცირდება. ერთი კია, რეფორმატორებს არ დაუზუსტებიათ, დამცველი ოფსაიდისთვის (თამაშგარე) როგორ დაისჯება: თეფით თუ ჯარიმით? თუ პირველით, მაშინ ცუდად ყოფილა რაგბის საქმე.
(6) კუთხის სარი. XIX საუკუნიდან მოყოლებული, კარისა და კიდის ხაზთა გადაკეთაზე, ოთხ ადგილას, ალმიანი სარი არჭვია. ჩვენს დროში ეშხიან ლელოთა მეტი წილი სწორედ რომ კუთხეში გადის, მაგრამ საკმარისია სარს შეეხო, რომ გინდაც მთლიანად მოედანში იყო, მაინც ლელოს კიდეზე გადასულად მიიჩნევი და დამიწება არ გეთვლება.
2008 წლიდან ამ სარს ან მთლად გააუქმებენ, ანაც სხვა დროშათა მსგავსად, განზე გაიტანენ, რაღაი ორიენტირად საჭირო მაინცაა. ამით რაგბის მოედანს მოშორება ერთადერთი ვერტიკალური მზღუდავი და აკრობატული ლელოები მომრავლდება.
:::
This post has been edited by Lukas & Nikos Mama on 18 Feb 2008, 15:15
მიმაგრებული სურათი