რუსებთან შკინინის ძირითადში თამაში გამოირიცხა
საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს, ხვალ, კრასნოიარსკში, რუსეთის ნაკრებთან “ერთა თასის” გადამწყვეტ შეხვედრაში, სავარაუდოდ, ერთ-ერთი ლიდერი, უკანახაზელი გიორგი შკინინი დააკლდება.
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გია ნიჟარაძემ, “მსოფლიო სპორტთან” საუბარში აღნიშნა, რომ შკინინმა ნატკენი ფეხი ვერ მოიშუშა და ის ძირითად შემადგენლობაში ვერ იქნება. ნაკრების ხელმძღვანელობა და ექიმები, უშუალოდ თამაშის წინ გადაწყვეტენ, შეიყვანონ თუ არა განაცხადში 2007 წლის საფრანგეთის მსოფლიოს თასზე ერთ-ერთი ლამაზი ლელოს გამტანი უკანახაზელი.
ნიჟარაძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა ციმბირელთა კარგი მასპინძლობა. რუსებმა საქართველოს ნაკრებს მოსამზადებლად კარგი პირობები შეუქმნეს, არადა, კრასნოდარში გამართული წინა შეხვედრების დროს “ბორჯღალოსნებს” მუდამ პრობლემები ექმნებოდათ, კრასნოიარსკში კი, მსგავსი რამ არ მომხდარა.
ერთადერთი, რაც ნიჟარაძეს და ნაკრების ხელმძღვანელობას ადარდებს, ეს ხვალისთვის კრასნოიარსკში მოსალოდნელი არასახარბიელო ამინდის პროგნოზია. სინოპტიკოსები წვიმანარევ თოვლს ვარაუდობენ, ეს კი ტექნიკურ საქართველოს ნაკრებს პრობლემებს შეუქმნის. მიუხედავად ამისა, ნიჟარაძე და მთელი საქართველოს ნაკრები, ხვალინდელ მატჩს ამაღლებული განწყობით ხვდება.
გია ნიჟარაძე: გუნდში ისეთი განწყობაა, როგორც სხვა თამაშების წინ არის ხოლმე. პირადად ჩემთვის, ახალი არაფერი ხდება. საქართველოს ნაკრები მოედანზე მუდამ მოსაგებად გადის და ახლაც ასე იქნება.
- როგორ მდგომარეობაშია გიორგი შკინინი?
- სამწუხაროდ, მან ტრავმა ვერ მოიშუშა და სავარაუდოდ, მისი თამაში გამორიცხულია. ყოველ შემთხვევაში, ის გუნდის ძირითად შემადგენლობაში არ იქნება, განაცხადში შეყვანა-არშეყვანის საკითხი კი უშუალოდ მატჩის წინ გადაწყდება. მის ადგილს ძირითად შემადგენლობაში სანდრო თოდუა დაიკავებს.
- ნაკრებმა იმ მოედანზე ივარჯიშა, სადაც ხვალ თამაში გაიმართება. რა მდგომარეობაში დაგვხვდათ მინდორი?
- ამ სტადიონზე ხელოვნური გათბობაა და მინდორიც კარგ მდგომარეობაში დაგვხვდა, რამაც ძალიან გაგვახარა. ის საბჭოთა კავშირის დროს აიგო, მასზე ჯერ კიდევ ჩემ დროს ვთამაშობდით რაგბს და ერთ-ერთ საუკეთესო სარაგბო სტადიონად ითვლება.
- ბოლო დღეებში რაიმე პრობლემები ხომ არ შეგქმნიათ?
- მინდა თბილისში ყველამ იცოდეს, რომ აქ შექმნილი პირობებით ძალიან კმაყოფილი ვართ და ადგილობრივების მიმართ მადლობის მეტი არაფერი მეთქმის. თამაშისთვის მოსამზადებლად ყველანაირი პირობა გვაქვს. ციმბირული სტუმართმოყვარეობა ყველგან იგრძნობა, ქუჩებშიც და სასტუმროშიც. მართალია, ხვალ ისინი რუსეთის ნაკრებს უქომაგებენ, მაგრამ მასპინძელთა მიმართ სასაყვედურო არაფერი გვაქვს.
- საქართველოს ნაკრებს თუ ეყოლება სტადიონზე გულშემატკივარი?
- აქ ქართველები საკმარისი რაოდენობით არიან და ალბათ, ხვალ სტადიონზეც შეიკრიბებიან. მინდა აღვნიშნო, თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ლეგენდარული მწვრთნელის დიმიტრი მინდიაშვილის მასპინძლობა. ის ყველაფერში გვეხმარება და გუშინ, საკუთარ რესტორანშიც მიგვიწვია სტუმრად. ვიცი, რომ თბილისში ტელერეპორტაჟის ერთობლივ ყურებას გეგმავთ. თქვენს ერთიანობას ჩვენც ვიგრძნობთ და ეს კიდევ უფრო გაგვაძლიერებს.
- რუსეთის რაგბის კავშირის წარმომადგენლებთან თუ გქონდათ შეხვედრა?
- რუსეთის რაგბის კავშირში ბევრი ისეთ პიროვნება მუშაობს, რომელთა წინააღმდეგაც მითამაშია და მათი მხრიდან ყურადღება არ მოგვკლებია. ახლაც მათთან ერთად ვიმყოფები. იცით, რომ რაგბი პოლიტიკისგან ძალიან შორსაა და ეს ამ შემთხვევაშიც იგრძნობა. ჩვენ ერთმანეთის მეგობრები ვართ, მაგრამ ხვალ მოედანზე უნდა გავიდეთ და თამაში მოვიგოთ, მერე კი კვლავ მეგობრებად დავრჩებით. მძიმე თამაში გვექნება, მაგრამ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი
- ტიმ ლეინმა მოედნის საფარი ნახა, რის ხარჯზე აპირებს რუსთა დამარცხებას - შერკინების თუ უკანა ხაზის?
- ყველაფერი იქნება. შერკინება მშვენიერ ფორმაშია, თუმცა, არც უკანა ხაზი გამოიყურება ცუდად. ლეინმა რაღაც-რაღაც სიურპრიზებიც მოამზადა და თუ ამინდმა ხელი არ შეგვიშალა, ისინი ხვალინდელ თამაშში გამოჩნდება.
- რას იძახიან, როგორი ამინდი იქნებაო ხვალ კრასნოიარსკში?
- პროგნოზი ჩვენთვის მაინცდამაინც სასიამოვნო არ არის. ამბობენ, თოვლნარევი წვიმა წამოვაო. ეს მოედნის საფარს არ დაეტყობა, მაგრამ ბურთი დასველდება, რაც ჩვენთვის ნაკლებად სასიამოვნო იქნება. საქართველოს ნაკრებს რუსეთთან შედარებით ტექნიკაში უპირატესობა აქვს, ამ შემთხვევაში კი სველი ბურთი არ წაგვადგება. ისე კრასნოიარსკში ამინდი დღეში 10-ჯერ მაინც იცვლება.
- ე.ი. ამინდის და შკინინის ტრავმის გარდა, გამარჯვების მოპოვებაში ხელი არაფერმა უნდა შეგვიშალოს?
- აკლიმატიზაცია ძალიან ცუდად წაგვივიდა. პირადად მე და თბილისიდან ჩამოსულ მორაგბეებს გაგვიჭირდა და წარმოიდგინეთ რა დღეში არიან საფრანგეთიდან ჩამოსული მორაგბეები. საფრანგეთსა და კრასნოიარსკს შორის, დროში 6-საათიანი სხვაობაა და მძიმე დღეში არიან. მიუხედავად ამისა, იმედი მაქვს, რომ ხვალ ყველაფერი კარგად იქნება და გამარჯვებით ქართველ ხალხს სიხარულს მივანიჭებთ.
მაშ ასე, ხვალ, თბილისის დროით 11.00 საათზე (კრასნოიარსკის დროით 15.00 საათი), საქართველოს ნაკრები რუსეთის ნაკრების წინაშე წარსდგება და გამარჯვების შემთხვევაში, “ერთა თასს” მეორედ მოიპოვებს. ამასთან ერთად, მსოფლიოს რეიტინგში “ბორჯღალოსნები” საკუთარ მონაგარს თითქმის 2 პუნქტით გააუმჯობესებენ და მართალია მე-14 ადგილს ვერ აცდებიან, მაგრამ წინა საფეხურზე მყოფ ტონგას მაქსიმალურად მიუახლოვდებიან.
მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს “საზოგადოებრივი მაუწყებელი” გეგმავს.
საქართველოსა და რუსეთის ნაკრებებს ფრანგ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. მთავარი რეფერი მასიელო იქნება, ასისტენტობას კი ბესოტი და გილარდი გაუწევენ.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა
უკანა ხაზი: 15. ოთარ ბარკალაია, 14. სანდრო თოდუა, 13. რეზო გიგაური, 12. დავით კაჭარავა, 11. ირაკლი ჩხიკვაძე, 10. ლაშა მალაღურაძე, 9. ირაკლი აბუსერიძე (კაპიტანი);
შერკინება: 1. გოდერძი შველიძე, 2. ირაკლი ნატრიაშვილი, 3. დავით ქუბრიაშვილი, 4. მამუკა გორგოძე, 5. კახა უჩავა, 6. რატი ურუშაძე, 7. გიორგი ჩხაიძე, 8. დიმიტრი ბასილაია.
სათადარიგოები: 16. დავით დადუნაშვილი, 17. სიმონ მაისურაძე, 18. გიორგი ნემსაძე, 19. შალვა სუთიაშვილი, 20. ბიძინა სამხარაძე, 21. მერაბ კვირიკაშვილი, 22. გიორგი შკინინი
http://www.msofsport.com/detals.aspx?id=5505