http://www.msofsport.com/detals.aspx?id=4314ლეინმა ჩეხებისთვის 4 დებიუტანტი გაამზადა
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ავსტრალიელმა მთავარმა მწვრთნელმა ტიმ ლეინმა, ჩეხეთთან, პრაღაში, 29 მარტის დანიშნული ერთა თასის მორიგი შეხვედრისთვის, გუნდში ოთხ დებიუტანტს უხმო.
როგორც საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური იუწყება, ეროვნულ ნაკრებში დებიუტის შანსი აქვთ შერკინების ხაზის მოთამაშეებს შოთა მელიქიძეს საფრანგეთის “კაორიდან”, დავით ჩიჩუას საფრანგეთის “აჟენიდან”, გიორგი მჭედლიშვილს თბილისის “ლელოდან”; ასევე უკანა ხაზის მორაგბე ალექსანდრე ნიჟარაძეს “ყოჩებიდან”.
ლეინმა პრაღაში გასამგზავრებელი 22-კაციანი სავარაუდო შემადგენლობა დღეს გამოაქვეყნა. სავარაუდო იმიტომ, რომ ტრავმების გამო, ან ფრანგულ კლუბთა თვითნებობის გამო, მასში შესაძლოა, გარკვეული ცვლილებები მოხდეს. გამოძახებულთაგან 13 მორაგბე ფრანგულ კლუბებში თამაშობს, 10 ნომერი ლაშა მალაღურაძე უკრაინის ჩემპიონატში ბურთაობს, დანარჩენი 8 მორაგბე კი ქართულ კლუბს წარმოადგენს. ქართულ კლუბებში მოთამაშე მორაგბეთა უმრავლესობა – 7, უკანა ხაზის მოთამაშეა, შერკინების ხაზში კი ქართულ კლუბს მხოლოდ ერთი წარმომადგენელი ჰყავს.
საქართველოს ნაკრები ჩეხეთს პრაღაში 29 მარტს ეთამაშება. შეხვედრა კლუბ “ტატრა სმიჩოვის” სტადიონზე გაიმართება და ჩეხთა დროით 15.00 საათზე დაიწყება. ამ თამაშს ფრანგ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება, მთავარი მსაჯი მათიეა, ასისტენტობას კი ჰაჯ ბაშირი და პეირერა გაუწევენ.
თუ საქართველოს ნაკრებმა შეძლო პრაღაში ჩეხთა დამარცხება, რომელთაც ქვედა დონეზე დაშვებისგან უკვე ვეღარაფერი იხსნის, მაშინ თამაშების და ქულების რაოდენობით რუსეთის ნაკრებს გაუტოლდება და ურთიერთშეხვედრაში მოპოვებული გამარჯვების გამო, “ბორჯღალოსნები” პირველ ადგილზე გადაინაცვლებენ.
საქართველოს ნაკრების წინასწარი შემადგენლობა ასეთია:
შერკინების ხაზი: გოდერძი შველიძე (“კლერმონ-ფერანი” საფრანგეთი, 44 კეპი), შოთა მელიქიძე (“კაორი” საფრანგეთი, 0), დავით დადუნაშვილი (“მასი” საფრანგეთი, 16), ბესო უდესიანი (“ვილფრანში” საფრანგეთი, 28), გიორგი ჩხაიძე (“მასი” საფრანგეთი, 26), ლევან დათუნაშვილი (“მონლუსონი” საფრანგეთი, 24), გიორგი ნემსაძე (“დომონი” საფრანგეთი, 6), დავით ჩიჩუა (“აჟენი” საფრანგეთი, 0), სიმონ მაისურაძე (“კლერმონ-ფერანი” საფრანგეთი, 1), დიმიტრი ბასილია (“კლერმონ-ფერანი” საფრანგეთი, 3), შალვა სუთიაშვილი (“ბობინი” საფრანგეთი, 8), გიორგი მჭედლიშვილი (“ლელო”, 0);
უკანა ხაზი: ალექსანდრე ნიჟარაძე (“ყოჩები”, 0), ირაკლი ყიასაშვილი (“ლელო”, 1), ლაშა მალაღურაძე (“კრედო-63” უკრაინა, 3), მერაბ კვირიკაშვილი (“პო” საფრანგეთი, 27), რევაზ გიგაური (“მონლუსონი” საფრანგეთი, 17), ალექსანდრე თოდუა (“ლელო”, 1), ირაკლი ჩხიკვაძე (“აია”, 4), გიორგი კაჭარავა (“ყოჩები”, 6), დავით კაჭარავა (“ყოჩები”, 17), გიორგი შკინინი (“ხულიგანა”, 24).
მთავარი მწვრთნელი: ტიმ ლეინი
ასისტენტები: ლევან ცაბაძე, ვიქტორ დიდებულიძე
მენეჯერი: ვასილ აბაშიძე.