საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს, 12 აპრილს, კრასნოიარსკში 2008 წლის უმნიშვნელოვანესი თამაში ელის. “ერთა თასის” 2007/2008 წლების გათამაშების ეგიდით, “ბორჯღალოსნებმა” 2008 წელს 3 მნიშვნელოვანი შეხვედრა უკვე გამართეს – პორტუგალიასთან შინ და გარეთ და რუმინეთთან თბილისში, თუმცა, მეზობელ ქვეყანასთან არსებული სიტუაციის გამო, რუსეთთან მატჩს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს, როგორც ჩვენთვის, ასევე რუსეთის ნაკრებისთვის, ასე იყო ადრე და ასე იქნება მომავალშიც.
გარდა ამისა, კრსნოიარსკში გამარჯვებული, მინიმუმ 2 წლით “ერთა თასის” მფლობელი გახდება. ამ მომენტისთვის, საქართველოს და რუსეთის ნაკრებს 8-8 მატჩი აქვთ ჩატარებული და 7-7 მოგებით პირველ-მეორე ადგილზე იმყოფებიან. დამოუკიდებელი ქართული რაგბის ისტორიაში, საქართველოს და რუსეთის ნაკრები ერთმანეთს 11-ჯერ შეხვედრიან, აქედან 9-ში საქართველოს ნაკრებმა იმარჯვა, 1 შეხვედრა თბილისში ფრედ დასრულდა, 1 შეხვედრაში კი გამარჯვება რუსეთის ნაკრებს დარჩა. ეს შორეულ 1993 წელს მოხდა, რუსეთისა და საქართველოს ნაკრები ერთმანეთის პირისპირ პირველად დადგნენ და “დათვები” დღემდე ამ მოგონებით ცხოვრობენ. იმედია, 12 აპრილის შემდეგაც ასე იქნება...
ახლა კი გთავაზობთ ვრცელ სტატიას, რომელიც კრასნოიარსკის მხარის ერთ-ერთმა სპორტულმა ინტერნეტ-გვერდმა, საქართველოსა და რუსეთის ნაკრებების მომავალ შეხვედრას მიუძღვნა:
“12 აპრილი კრასნოიარსკისთვის ადრეული გაზაფხულია. დღისით ტემპერატურა შესაძლოა 15 გრადუსამდე დათბეს, ან მინუს 3 გრადუსამდე დაეცეს. ამ დღეს ცენტრალურ სტადიონზე “ერთა თასის” გადამწყვეტი შეხვედრა გაიმართება რუსეთისა და საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებებს შორის.
კრასნოიარსკში გამართულ სარაგბო შეხვედრას, ყველაზე მეტი მაყურებელი 2002 წელს დაესწრო, როდესაც 2003 წლის მსოფლიოს თასის შესარჩევ შეხვედრაში, რუსეთის ნაკრებმა ირლანდიას უმასპინძლა. მაშინ ტრიბუნებზე 18 ათასი გულშემატკივარი შეიკრიბა და ისინი მთელი შეხვედრის განმავლობაში რუსეთის ნაკრებს შეტევაში ექაჩებოდნენ. ის მატჩი მსოფლიოს ერთ-ერთმა უძლიერესმა ნაკრებმა - ირლანდიამ 30 ქულის სხვაობით მოიგო, თუმცა, რუსეთის ნაკრების ასეთი “ზღვარგადასული” განწყობით თამაში, გულშემატკივარს მანამდე არასდროს უნახავს. მატჩის შემდეგ ირლანდიელი მორაგბეები ირწმუნებოდნენ, რომ “ასეთი თამაშით რუსეთის ნაკრები მსოფლიოს თასის დასკვნით ეტაპზე გამოსვლას იმსახურებდა”. კრასნოიარსკის ცენტრალური სტადიონის ფოიეს, იმ შეხვედრის ამსახველი ფოტომასალა დღესაც ამშვენებს.
მთლიანობაში, კრასნოიარსკში რუსეთის მორაგბეთა ნაკრები ყოველთვის კარგ შედეგს აჩვენებს. 2003 წელს გამართული ტურნირისას, რუსეთის ნაკრებმა იაპონიის ნაკრები ტოკიოში დაამარცხა, მერე კი კრასნოიარსკში აშშ-ს ნაკრებს უმასპინძლა და მასთან მოგებით სამთა ტურნირის გამარჯვებული გახდა. ამერიკელები მარცხმა ისე გაანაწყენა, რომ მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზეც კი არ გამოცხადდნენ. ორი წლის წინ, “ქალაქის დღეს”, რუსეთმა კრასნოიარსკში რუმინეთს უმასპინძლა და იმ პერიოდისთვის, მრავალწლიანი დაპირისპირების ფონზე, კარპატელები მეორედ დაამარცხა.
“ბოლო 2 წელია, რაც რაგბის საერთაშორისო თამაშები “ქალაქის დღის” აღსანიშნავ საზეიმო ღონისძიებებში შედიან. საზეიმო განწყობა ყველგან შეინიშნება. მხარის და ქალაქის ადმინისტრაცია, თამაშის უმაღლეს დონეზე ორგანიზებაში გვეხმარება. ამ შემთხვევაშიც მატჩისთვის მზადება სრული სვლით მიმდინარეობს.
დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთისა და საქართველოს მორაგბეთა ნაკრებების შეხვედრა, ქალაქის ერთ-ერთი საკვანძო სპორტული ღონისძიება იქნება, ისეთივე, როგორის მოსკოვის “ცსკა”-ს კალათბურთელთა სტუმრობა გახდა. ველით, რომ მატჩზე დასასწრებად 12-15 ათასი გულშემატკივარი შეიკრიბება. სავარაუდოდ, ტრიბუნაზე ქართული დიასპორის წარმომადგენლებიც იქნებიან” - ამბობს რუსეთის რაგბის კავშირის პირველი ვიცე-პრეზიდენტი იური ნიკოლაევი.
საქართველოს ნაკრებს წარდგენა არ სჭირდება. ბევრი სწორედ საქართველოს ნაკრებს მიიჩნევს საფრანგეთის 2007 წლის მსოფლიო თასის აღმოჩენად. მსოფლიოს თასზე ირლანდიის ნაკრებთან გამართულ შეხვედრას, რომელიც საქართველოს ნაკრებმა მხოლოდ 10:14 დათმო, სარაგბო სამყაროში ახლაც ხშირად იხსენებენ.
რუსეთის ნაკრებმა საქართველოს ნაკრები მხოლოდ ერთხელ, 1993 წელს დაამარცხა.
“ეს მსოფლიოს თასის შესარჩევი ეტაპის თამაში გახლდათ. შეხვედრა სოპოტში შედგა, ჯერ გერმანიას ვეთამაშეთ, მერე საქართველოს. სამწუხაროდ, ტრავმის გამო იმ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიმიღია და მთელი დრო სათადარიგოთა სკამზე გავატარე. მძიმე თამაში იყო, დახურული. საქართველოსთან სულ ასეთი შეხვედრები იმართება. ქულები მხოლოდ საჯარიმო დარტყმებით დაგროვდა. ვიტკა იაკოვლევმა 4 ჯარიმა გაიტანა, ქართველთა დამრტყმელმა კი 2. 12:6 მოვიგეთ და დღემდე ეს ერთადერთი გამარჯვებაა, რომელიც საქართველოს ნაკრებთან მოვიპოვეთ.
შეგვიძლია გავიხსენოთ ზვიად მაისურაძე, გიორგი ელიზბარაშვილი, რატი ურუშაძე და ბესიკ ხამაშურიძე, რომლებიც სულ ცოტა ხნის წინ, არა მარტო საქართველოს ნაკრებში, არამედ კრასნოიარსკის კლუბებშიც თამაშობდნენ. ალბათ, ისინი კრასნოიარსკის სარაგბო ატმოსფეროს ნაკრების წევრებს გააცნობენ, თუ ეს უკვე არ გააკეთეს იმ ვეტერანმა მორაგბეებმა, რომლებიც საბჭოთა კავშირის დროს ქართული კლუბების შემადგენლობაში “კრასნო იარის” წინააღმდეგ თამაშობდნენ” - აგრძელებს საუბარს ნიკოლაევი.
მას შემდეგ რაც რუსეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად ფრანგი კლოდ სორელი დაინიშნა, რუსეთს “ერთა თასის” მოგების შანსი პირველად გაუჩნდა. მიუხედავად შედეგისა, რუსულ სარაგბო კლუბ “ენისეის” მთავარ მწვრთნელ ალექსანდრ პერვუხინს გუნდის თამაშის ხარისხი არ აკმაყოფილებს და რუსთა კრებულის რეალური დონის დანახვას, საქართველოს ნაკრებთან 12 აპრილს გასამართ მატჩში ელის.
“შედეგით კმაყოფილი ვარ, თუმცა, თამაშის ხარისხით არა. საქართველოსთან მატჩი ჩვენი ნაკრების რეალურ დონეს დაგვანახებს. “ერთა თასის” ეს გათამაშება, 2011 წლის მსოფლიო თასის შესარჩევ ეტაპზე გავლენას არ ახდენს. კარგია, რომ მიმდინარე გათამაშებაში რუმინეთი 2-ჯერ დავამარცხეთ, ეს უპირველესად, ფსიქოლოგიური თვალსაზრისითაა მნიშვნელოვანი, თუმცა, მეორეს მხრივ, დავამარცხეთ გუნდი, რომელშიც ფრანგულ კლუბებში მოთამაშე ლეგიონერები არ იყვნენ. საერთო ჯამში, ჩვენ ბუქარესტის ნაკრებს ვაჯობეთ.
სწორედ ამიტომ, რუსეთის ნაკრების რეალურ ძალას საქართველოსთან მატჩში დავინახავთ. ნებისმიერ შემთხვევაში, გამარჯვების იმედი მაქვს. მთავარია, მორაგბეები არ მოეშვნენ და გაათვითცნობიერონ, რომ მომდევნო ციკლი ბევრად უფრო რთული იქნება” - განაცხადა პერვუხინმა.
საქართველოს რაგბის კავშირმა, რუსეთის რაგბის კავშირის პირდაპირი ტელერეპორტაჟის ორგანიზების თხოვნით მიმართა. ტელეარხი “სპორტი”, კრასნოიარსკიდან მატჩის პირდაპირი რეპორტაჟის ტრანსლიაციას გეგმავს”.
კრასნოიარსკში გასამართ შეხვედრას ფრანგ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. მთავარი რეფერი მასიელო იქნება, ასისტენტობას კი ბესოტო და გილარდი გაუწევენ.
http://www.msofsport.com/detals.aspx?id=5193