საქართველომ საიუბილეო შეხვედრის მოგებით პირველი ადგილი დაიბრუნა
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებმა, მისთვის საიუბილეო მე-100 შეხვედრაში, ჩეხეთის ნაკრები პრაღაში 22:3 დაამარცხა და ერთა თასზე პირველი ადგილი დაიბრუნა.
“ბორჯღალოსნები” პრაღას სხვადასხვა მიზეზის გამო შესუსტებული შემადგენლობით ეწვივნენ და მაინცდამაინც თვალსასეირო შეხვედრაც არ გამოუვიდათ.
თამაში ქართველთა უპირატესობით დაიწყო და მალე ჯარიმის უფლება მოიპოვეს, თუმცა კარში დარტყმას მისი აუტზე გადატანა და ლელოზე თამაში არჩიეს, მაგრამ ამისგან არაფერი გამოვიდა. მე-15 წუთზე უკვე მასპინძლებმა შეუტიეს და რადგან სუთიაშვილი დაჯარიმდა, ჯარიმით ანგარიშიც გახსნეს, თანაც, მსაჯმა ქართველი მორაგბე 10 წუთით გაასინბინა.
ამ მოვლენამ ქართველთა გუნდი კიდევ უფრო არია და შეხვედრა ორმხრივი შეტევებით გაგრძელდა, თუმცა, ისინი მალევე დაწყნარდნენ და მალაღურაძემ ჯარიმით ჯერ ანგარიში გაათანაბრა, მერე მანვე ლელო გაიტანა, ზუსტად გარდასახა და პირველი ნახევარი საკუთარ გუნდს 10:3 მოაგებინა.
მე-2 ტაიმში საქართველოს ნაკრები მეტოქის ნახევარზე დასახლდა, მაგრამ ბოლო მომენტში ქართველებს ბურთი წინ უვარდებოდათ და 67-ე წუთამდე ანგარიში არ შეცვლილა, მერე კი ჩეხთა დაცვა გატყდა და ირაკლი ჩხიკვაძემ ლელო გაიტანა, თუმცა გარდასახვა არაზუსტი გამოდგა – 15:3. 74-ე წუთზე საქართველოს ნაკრებმა მატჩში მე-3 ლელო გაიტანა, თავი დადუნაშვილმა გამოიჩინა, ყიასაშვილმა კი გარდასახვა ზუსტად შეასრულა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 22:3.
ეს საქართველოს და ჩეხეთის ნაკრებების რიგით მე-8 შეხვედრა იყო და გამარჯვებას მუდამ “ბორჯღალოსნები” აღწევდნენ, ოღონდ ეგაა, რომ პრაღაში ამაზე დიდი სხვაობით მხოლოდ 2006 წელს ვიმარჯვეთ – 24:3, დანარჩენ ორ მატჩში კი სხვაობა უფრო მცირე იყო – 18:14 და 30:15.
რაც მთავარია, ამ მოგებით საქართველოს ნაკრებმა ერთა თასზე პირველი ადგილი დაიბრუნა და 12 აპრილის ლამის ფინალურ შეხვედრას კარგ განწყობაზე ხვდება - ამ დღეს საქართველოს ნაკრები კრასნოიარსკში რუსეთის გუნდს ერკინება და მათ შორის გამარჯვებული 2007/2008 წლების ერთა თასის მფლობელი გახდება. “ბორჯღალოსანთა” გუნდი სარუსეთოდ უძლიერესი შემადგენლობით შეკრებას გეგმავს.
* * *
1.საქართველო 8 7 0 1 252-82 22
2.რუსეთი 8 7 0 1 251-126 22
3.რუმინეთი 10 6 0 4 277-144 22
4.პორტუგალია 9 3 0 6 157-165 15
5.ესპანეთი 8 3 0 5 192-201 14
6.ჩეხეთი 9 0 0 9 56-457 9
12 აპრილი
რუსეთი – საქართველო
19 აპრილი
ჩეხეთი – რუსეთი
26 აპრილი
საქართველო – ესპანეთი
10 მაისი
ესპანეთი – პორტუგალია