უპრეცედენტო ფინანსური სარგებელი ჩემპიონს, 350 000 ლარი.
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
“ბზის თასი” 350 ათასად დაფასდა
საქართველოს მორაგბეთა ჩემპიონატის ფინალში გამარჯვებული გუნდი საკუთარ ბიუჯეტს 350 ათასი ლარით შეივსებს, დამარცხებულ გუნდს კი, 250 ათასი ლარი შეხვდება.
მორაგბეთა ჩემპიონატში მონაწილე გუნდებს ზოგადი ინფორმაცია, სახელმწიფოს მხრიდან მათი მნიშვნელოვანი ფინანსური მხარდაჭერის შესახებ, ადრეც ჰქონდათ, თუმცა, რაგბის კავშირის პრეზიდენტის გია ნიჟარაძის მიერ დღევანდელ პრესკონფერენციაზე გაჟღერებულმა ამ ცნობამ მაინც ყოვეგვარ მოლოდინს გადააჭარბა.
ნიჟარაძე დარწმუნებულია, რომ ჩემპიონატის დონის ბოლოდროინდელი ზრდა, მნიშვნელოვნად, სწორედ სახელმწიფო დახმარების პროგრამამ და ქართული რაგბისთვის უპრეცედენტო ფინანსურმა მოტივაციამ განაპირობა.
რაგბის კავშირის პრეზიდენტმა საქართველოს ჩემპიონატის ჩატარების სისტემაზეც ისაუბრა. ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრას, 9 ნოემბერს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი უმასპინძლებს, მთავარი პრიზისათვის კი ფლეი-ოფს შემორჩენილი ოთხეული იბრძოლებს.
ფლეი-ოფები, ავსტრალიური სისტემით, 30 ოქტომბერს, ასევე “მიხეილ მესხის” სტადიონზე გაიმართება. რეგულარულ ჩემპიონატში მე-3 ადგილზე გასული “ყოჩები”, მე-4 ადგილზე გასულ “აკადემიას” შეხვდება, პირველადგილოსანი “ლოკომოტივი” კი მეორეადგილოსან “ლელოს” ეთამაშება. ავსტრალიური ფლეი-ოფის თანახმად, 4 ნოემბერს მცირე ფინალში ერთმანეთს “ლოკომოტივი” - “ლელოს” შორის დამარცხებული გუნდი (მათ შორის გამარჯვებული ფინალის საგზურს პირდაპირ მიიღებს), “ყოჩები” - “აკადემიას” შორის გამარჯვებულ გუნდს, მე-2 ფინალისტის გამოსავლენად ეთამაშება.
უნდა ითქვას, რომ დაკავებული ადგილების მიხედვით, გარკვეულ თანხას საქართველოს უმაღლესი ჩემპიონატის რვავე გუნდი მიიღებს, მათ შორის პირველ ლიგაში გავარდნილი “დინამოც”, პრემიალური თანხის გარკვეული ნაწილი კი, საგაისოდ უმაღლეს ლიგაში აღზევებულ “ბათუმსაც” შეხვდება.
გია ნიჟარაძის განცხადებით, ჩემპიონატის ახალმა სისტემამ გაამართლა და შეხვედრებმა უშეღავათო ბრძოლებში ჩაიარა. ამასთან ერთად, ნიჟარაძე ჩემპიონატის მატჩების ხარისხის და ზოგადად გუნდების სათამაშო დონის ამაღლებითაც კმაყოფილია.
“ჩემპიონატი შედგა და მან არნახულად დაძაბულ ბრძოლაში ჩაიარა. ბოლო მომენტამდე არავინ იცოდა, თუ ვინ გახდებოდა ფლეი-ოფის მე-4 მონაწილე. ყველას ეგონა, რომ დასკვნით ტურში “უნივერსიტეტი” მოიგებდა და ფლეი-ოფში ის მოხვდებოდა, მაგრამ “აკადემიამ” ბოლომდე იბრძოლა და საწადელს მიაღწია. დარწმუნებული ვარ, დარჩენილი შეხვედრებიც ასეთ უშეღავათო იქნება. რაც მთავარია, ზოგადად ჩემპიონატის თამაშების ხარისხი ამაღლდა, როგორც ტაქტიკური, ასევე ტექნიკური თვალსაზრისით. გამოიკვეთა დაცვითი და შეტევითი სქემები და შარშანწინდელზე რომ არაფერი ვთქვათ, ჩემპიონატი შარშანდელზე ბევრად უფრო კარგი საყურებელი გამოდგა. გამოჩნდა, რომ რეზერვი საკმარისად გვყავს და სულ მალე, სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებებს არაერთი ნიჭიერი მორაგბე შეავსებს” - ამბობს ნიჟარაძე.
სახელმწიფო პროგრამის გარდა, ქართულ კლუბებს თავისებური დახმარება რაგბის კავშირმაც გაუწია. ის მათ საორგანიზაციო, სტრუქტურულ და მენეჯმენტური საქმიანობის ჩამოყალიბებაში დაეხმარა და კლუბებში კლუბებად ჩამოყალიბების სიმპტომები გაჩნდა, რაც შემდგომ წლებში კიდევ უფრო ნათლად გამოჩნდება.
სახელმწიფო, ფინანსური დახმარების პარალელურად, საქართველოს რაგბის კავშირს რეგიონებში მოედნების მოწყობაში უნდა დახმარებოდა, თბილისში კი მოედნებისათვის ადგილები გამოეყო, მაგრამ პროგრამის ეს ნაწილი დღემდე არ განხორციელებულა და ეს ქართული რაგბის განვითარებისთვის მნიშვნელოვან დაბრკოლებად იქცა. ნიჟარაძე დარწმუნებულია, რომ თუკი სტადიონების პრობლემა დროულად არ გადაიჭრება, მაშინ ყოველგვარი ძალისხმევა ფუჭი გამოდგება.
“სულ რაღაც 6 თვეში, საქართველოში რეგისტრირებულ მოთამაშეთა რაოდენობა, 2 600-დან 3 150-მდე გაიზარდა. ვგეგმავდით, რომ 4 წელიწადში მორაგბეთა რაოდენობა 5 000-მდე გაგვეზარდა, მაგრამ თუკი ეს ტემპი შენარჩუნდა, გეგმას მნიშვნელოვნად გადავაჭარბებთ. აქ ჩნდება ერთი პრობლემა. თბილისში და რეგიონებში რაგბის სექციაზე ჩაწერის სურვილს, ყოველდღიურად რამდენიმე მსურველი გამოთქვამს, მაგრამ როდესაც მას მოედანს ვერ ვახვედრებთ და ელემენტარულ სავარჯიშო პირობებს ვერ ვუქმნით, ისინი სხვა საქმიანობას ირჩევენ, ასე კი რაგბი ვერ განვითარდება. ამიტომ, მოედნების პრობლემა სასწრაფო გადაწყვეტას საჭიროებს” - აცხადებს ნიჟარაძე.
მორაგბეთა რაოდენობის ზრდა, ზოგადად საქართველოს რაგბის კავშირის ახირება სულაც არაა. რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IRB) მოთხოვნაა, რომ რეგისტრირებულ მორაგბეთა რაოდენობა, ქვეყნის მაცხოვრებელთა მინიმუმ 0,1 პროცენტი უნდა იყოს.
ორი დღის წინ, ნიჟარაძე ბათუმს სტუმრობდა, სადაც რეგიონის ხელმძღვანელობას და სარაგბო სფეროში მომუშავე ხალხს შეხვდა. როგორც ცნობილია, ბათუმში დაბრუნდა ერთ-ერთი ჩეხური კლუბის და ჩეხეთის ეროვნული ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი ლევან მგელაძე და ბათუმში რაგბის ხელახალ აღორძინებას ის ხელმძღვანელობს.
“არავის სჯეროდა, რომ ბათუმში რაგბის აღორძინებას შევძლებდით, მაგრამ ამ გუნდმა პირველ ლიგაში წარმატებით ითამაშა და საგაისოდ უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლება მოიპოვა. დარწმუნებული ვარ, აჭარა ძველ პოზიციებს დაიბრუნებს. ლევან მგელაძემ დიდი სამუშაო ჩაატარა, სპონსორები მოიძია და საქმეს დიდი ენთუზიაზმით შეუდგა. ბათუმის გარდა, რაგბის კერები აჭარის სხვა რეგიონშიც გაჩნდა და უახლოეს პერიოდში, მარტო აჭარაში 500-600 რეგისტრირებული მორაგბე გვეყოლება. ერთ მაგალითს გეტყვით. არის ასეთი მთიანი სოფელი ფურტოი, სადაც ფაქტობრივად მთის წვერზე მოედანი მოაწყვეს და ახლა იქ 40-45 ახალგაზრდა ვარჯიშობს.
დიდი რაგბი დაუბრუნდა ქუთაისსაც. მართალია “აია”-მ ფლეი-ოფში თამაშის უფლება ვერ მოიპოვა, მაგრამ ამ პატარა ბიჭებმა, ჩემპიონატის ლიდერებს სისხლი გაუშრეს, მომავალ წელს კი უფრო მეტსაც მიაღწევენ. მოლაპარაკებას ვაწარმოებთ ქალაქ რუსთავის მერიასთან, რათა “რუსთავისთვის” სპონსორები გამოვნახოთ და ამ ქალაქში სერიოზული სარაგბო გუნდი ჩამოვაყალიბოთ. “რუსთავი” “არმაზს” ხვდება და არ არის გამორიცხული, რომ მომავალ წელს მან უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლება მოიპოვოს.
გვაქვს პროექტი, რომლის მიხედვითაც რაგბი კახეთის რეგიონებშიც უნდა ავაღორძინოთ. ვმუშაობთ თელავში, გურჯაანში, ყვარელში, პატარძეულში, ქედაში. პირადად ჩემი სურვილია, რომ რაგბის სექცია გავხსნა უშგულში. წარმოიდგინეთ რა რეაქცია ექნებათ IRB-ს მესვეურებს, როდესაც მათ ვერტმფრენით უშგულში ჩავაფრენთ და იქ, არწივების სამფლობელოში რაგბის მოთამაშე მოზარდეს ნახავენ. დაწყებული გვაქვს სასკოლო პროექტების განხორციელება და ეს მომავალშიც გაგრძელდება” - გვითხრა ნიჟარაძემ.
კიდევ ერთი სიახლე საქველმოქმედო აქციას ეხება. საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის ფლეი-ოფების ორ, მცირე ფინალის და ფინალის შეხვედრების დროს “მიხეილ მესხის” სტადიონზე დაიდგმება გამჭვირვალე ყუთები, სადაც ნებისმიერ მსურველს შეეძლება ნებისმიერი თანხის ჩაგდება. ეს თანხა შეგროვდება და იმ დევნილთა კვებას მოხმარდება, რომლებზე მზრუნველობაც, პირველი დღიდან რაგბის კავშირმა საკუთარ თავზე აიღო.
http://www.msofsport.com/more.aspx?id=13780