“ლოკომოტივმა” “ლელო” მცირე ფინალში ჩატოვა
“ლელომ” ბოლოსკენ მოინდომა, “ლოკომოტივს” მედგრად მიაწვა და რამდენიმე სალელოვე შეტევა განახორციელა, მაგრამ აქ ტექნიკურმა წუნმა იჩინა თავი, ორი შეტევა მხოლოდ იმის გამო ჩაიშალა, რომ ლელოელი მორაგბეები შეტევაში დაჯარიმდნენ. მე-2 ასეთი შემთხვევის შემდეგ, ლოკომტიველთა 10-მა ნომერმა კვინიხიძემ ბურთი აუტში დაკრა და რადგან სათამაშო დრო ამოწურული იყო, მსაჯის საფინალო სასტვენიც გაისმა.
მაშ ასე, საქართველოს მორაგბეთა ჩემპიონატის პირველი ფინალისტი უკვე ცნობილია, ის თბილისის “ლოკომოტივია”, მე-2 ფინალისტი კი 4 ნოემბერს გამოვლინდება. სწორედ ამ დღეს, 15.00 საათზე, “მიხეილ მესხის” სტადიონზე, მცირე ფინალში ერთმანეთის პირისპირ “ლოკომოტივთან” დამარცხებული “ლელო” და მე-2 ფლეი-ოფში “აკადემიის” მძლეველი “ყოჩები” წარდგებიან და ერთმანეთს “ბზის თასის” ფინალში თამაშის უფლებას შეეცილებიან.
საქართველოს ჩემპიონატის დებულების თანახმად, რეგულარული პირველობის დასრულების შემდეგ, მოწინავე ოთხეულმა ავსტრალიურ ფლეი-ოფში თამაშის უფლება მოიპოვა. ავსტრალიური ფლეი-ოფი შემდგომში მდგომარეობს, პირველ მე-2 ადგილზე გასული გუნდები ერთმანეთს ხვდებიან და მათ შორის გამარჯვებული ფინალში გადის, თუმცა ფინალის საგზურის მოპოვების შანსი აქ დამარცხებულ გუნდს კიდევ რჩება. ის ეგრეთ წოდებულ მცირე ფინალში ინაცვლებს, სადაც რეგულარულ ჩემპიონატში მე-3-მე-4 ადგილზე გასულ გუნდებს შორის გამართულ ფლეი-ოფში გამარჯვებულ გუნდს ეთამაშება.
ხოდა, დღეს, “მიხეილ მესხზე” სწორედ ფლეი-ოფის თამაშები ჩატარდა. პირველად ერთმანეთის პირისპირ ჩემპიონატში მე-3-მე-4 ადგილზე გასული გუნდები - “ყოჩები” და “აკადემია” წარსდგნენ. ამ გუნდებს შორის გამარჯვებული, მცირე ფინალის საგზურს იღებდა, დამარცხებული კი საჩემპიონო ოცნებას ემშვიდობებოდა და წლევანდელ სეზონს მე-4 ადგილზე ასრულებდა.
ეს ორივე გუნდის მორაგბეებს კარგად ჰქონდათ გათვითცნობიერებული და თამაში ცოცხლად დაიწყეს. ფავორიტად რაღა თქმა უნდა “ყოჩები” ითვლებოდა, რომელიც ზაფხულის შესვენებისას საგრძნობლად მოძლიერდა და ჩემპიონობის შენარჩუნების ამბიცია გაუჩნდა, მაგრამ “აკადემია” უბრძოლველად არაფრის დათმობას არ აპირებდა და უკვე მე-4 წუთზე მეკოკიშვილის ჯარიმით დაწინაურდა.
“ყოჩებმა” რქები მე-17 წუთზე გამოაჩინა, როდესაც სანდრო ნიჟარაძე მეტოქის ჩათვლის მოედანში ფლანგიდან შეიჭრა და ლელო გაიტანა, რითაც თავისი გუნდი დააწინაურა, მაგრამ საქართველოს ეროვნული ნაკრების 10 ნომერს ლაშა მალაღურაძეს გარდასახვა გაუფუჭდა და 25-ე წუთზე, მეკოკიშვილის მიერ გატანილი ჯარიმით “აკადემია” კიდევ ერთხელ დაწინაურდა - 6:5. ამან “ყოჩები” კიდევ უფრო გააცეცხლა და გაშვებული ჯარიმის შემდეგ ფაქტობრივად პირველივე შეტევა ბრეგვაძემ ლელოთი დააგვირგვინა, ამჯერზე მალაღურაძემაც იყოჩაღა და ზუსტი გარდასახვით თავისიანები კიდევ უფრო წინ გაიყვანა.
აქედან მოყოლებული, “ყოჩებს” ლიდერობა არ დაუკარგავს, მაგრამ ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ “აკადემიამ” ყურები ჩამოყარა და თამაში უბრძოლველად დათმო. მეკოკიშვილმა 36-ე წუთზე კიდევ ერთი ჯარიმა გაიტანა და სხვაობა შეამცირა, მაგრამ ორიოდე წუთში, მის ჯარიმას მალაღურაძემაც ჯარიმით უპასუხა და 6 ქულიანი სტატუსქვო აღადგინა. აი სწორედ ამის შემდეგ მიეცა კარგი სალელოვე შანსი “აკადემიას”, მათ “ყოჩების” ჩათვლის მოედნის სიახლოვეს შერკინება მოითხოვეს, რომელიც დამხვდურებმა ორჯერ განგებ დაატრიალეს, მესამე ჯერზე კი, თავად აკადემიელებმა ვერ ივარგეს და კონტრშეტევაზე გეგენავასგან ლელო მიიღეს, რომელიც მალაღურაძემ ზუსტად გარდასახა და მისმა გუნდმა ტაიმი 22:9 მოიგო.
შესაძლოა, ამ მომენტმა “აკადემიას” ფსიქოლოგიური მუხტი გამოაცალა, რადგანაც, დაიწყო თუ არა მე-2 ტაიმი, “ყოჩებმა” აიწყვიტა და 10 წუთში მეტოქეს 3 ლელო გაუტანა, რითაც პრაქტიკულად მცირე ფინალში გამსვლელი გუნდის ბედი გადაწყვიტა, “აკადემია” კი მე-4 ადგილზე ჩატოვა. მე-2 ტაიმის პირველი ლელო მალაღურაძემ გაიტანა, მე-2 შემთხვევაში, მან ბურთი ფეხით გადაკიდა და მგელაძემ მცველის შეცდომით ისარგებლა, მერე კი თავი გიორგი კაჭარავამ გამოიჩინა. სამი გარდასახვიდან მალაღურაძემ 2 გამოიყენა და ანგარიში 41:9 გახდა.
ამის შემდეგ “ყოჩების” მწვრთნელმა რამდენიმე ძირითადის მორაგბე შეცვალა, მათ დასვენების საშუალება მისცა და მთლიანობაში გუნდიც მოეშვა. ეს მათ ეპატიებათ, რადგანაც 4 ნოემბერს ბევრად უფრო რთული შეხვედრა ელით. ამით “აკადემიამ” ისარგებლა და დავითაშვილმა ერთი საპასუხო ლელოს გატანა მოახერხა, სულ ბოლოს კი ირაკლი გეგენავამ გაინავარდა, ლამის მთელი “აკადემიას” დაცვა მარტომ ჩამოიცილა, ლამაზი ლელო გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 46:14 “ყოჩების” სასარგებლოდ.
ყველამ კარგად იცოდა, რომ მე-2 ფლეი-ოფი პირველზე ბევრად უფრო დაძაბული და საინტერესო იქნებოდა და ტრიბუნაზე შეკრებილი 1500 მაყურებელი არც შემცდარა. წლევანდელი რეგულარული პირველობის პირველ წრეში, “ლოკომოტივმა” “ლელო” 31:5 დაამარცხა, მე-2 წრეში კი “ლელომ” ჯავრი იყარა და 14:9 იმარჯვა. ეს ნათლად მოწმობდა, რომ ამ თამაშის წინ რაიმე სახის პროგნოზის გაკეთება შეუძლებელი იყო და ბრძოლა პირველიდან ბოლო წუთამდე გასტანდა.
თამაში “ლელოს” უპირატესობით დაიწყო და მათ 15 ნომერ ყიასაშვილს ჯარიმით ანგარიშის გახსნის შანსი ორჯერ მიეცა, მაგრამ ნაკრებში ნაბურთავებმა მორაგბემ ორივე დარტყმა დაახაია. ნელ-ნელა “ლოკომოტივიც” აზარტში შევიდა და შეტევაზე გადავიდა. უბურთო კვინიხიძეს მეტოქე ეუხეშა და მსაჯმა ჯარიმა უყოყმანოდ დანიშნა, თუმცა თავად დაზარალებულმა ბურთი ძელებს შორის ვერ გააძვრინა.
მიუხედავად გაფუჭებული ჯარიმისა, “ლოკომოტივმა” “ლელოზე” ზეწოლა არ შეანელა, მის ნახევარზე უფრო მეტ დროს ატარებდა და 25-ე წუთზე ლელოც გაიტანა. ლამაზი კომბინაცია ტუჩაშვილმა დაასრულა, რომელიც მეტოქის ჩათვლის საჯარიმოში მარჯვნიდან შეიჭრა, მაგრამ ბურთი ლამის შუამდე მიიტანა და კვინიხიძესაც გარდასახვის გატანა არ გასჭირვებია - 7:0.
ტუჩაშვილს ლელოს გატანის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ მიეცა, მან მოწინააღმდეგეთა შეცდომით ისარგებლა, საკუთარ 22-ში ბურთი მოიხელთა და ლამის 50 მეტრა გაირბინა. “ლელოელთა” ბოლო დაცვის ზღუდემ, მისი შეჩერება მოახერხა, ბურთი მარჯვნიდან მარცხენა ფლანგზე გადმოვიდა, აქ კი “ლელომ” შეტევის შეჩერება მხოლოდ ჯარიმის ხარჯზე მოახერხა და კვინიხიძემ დაკრა, მაგრამ ეს იმდენად ცუდად შეასრულა, რომ ბურთი ლამის აუტში გადავიდა. ტაიმის ბოლოსკენ, გუნდებმა თითო-ჯარიმა შეასრულეს. დარტყმის უფლება ჯერ “ლელომ” მოიპოვა. ყიასაშვილმა მესამედ აღარ გარისკა და ჯოგლიძეს დაარტყმევინა, მაგრამ ბურთი ძელებს შორის ვერც მან გააძვრინა, მერე კი “ლოკომოტიველთა” ჯერი დადგა, თუმცა კვინიხიძემ კარს ამჯერადაც დააცილა.
მე-2 ტაიმი ლელოელთათვის საშინლად დაიწყო. კობერიძემ ბურთი ჩაჭრა და ლელო ძელებს შორის გაიტანა, კვინიხიძემ ზუსტად გარდასახა და საკუთარი გუნდი 14:0 დააწინაურა. მალე კვინიხიძემ კიდევ ერთი ჯარიმა გააფუჭა, მერე კი ერთხელაც სცადა და მე-5 ცდაზე როგორც იქნა გუნდს 3 ქულა შესძინა - 17:0.
53-ე წუთი მიდიოდა, როდესაც მსაჯმა “ლოკომოტიველი” ზვიად მაისურაძეს ყვითელი ბარათი უჩვენა და მოედნიდან 10 წუთით გააძევა. ცოტა ხანში, სტადიონზე პროჟექტორები ჩაირთო. თითქოს ამას ელოდაო და “ლელო” გადამწყვეტ შეტევაზე გადავიდა. მე-60 წუთზე, კონტაქტიდან გადმოვარდნილი ბურთი ლელოელთაგან ერთ-ერთმა საუკეთესო სანდრო თოდუამ აიტაცა და ლელო გაიტანა, ჯოგლიძემ კი გარდასახვა გამოიყენა და ჩამორჩენა 10 ქულამდე დაიყვანა.
სიტუაცია იმდენად დაიძაბა, რომ მორაგბეებმა ნერვები ვეღარ მოთოკეს, “ლოკომოტიველთა” 9 ნომერი ღვინჯილია და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრი, ეროვნული ნაკრების წევრობის კანდიდატი, “ლელოელი” ვიქტორ კოლელიშვილი ერთმანეთზე გაიწიენ. გაწევა ხელჩართულ, გუნდურ ჩხუბში გადაიზარდა და მსაჯმა თამაში შეაჩერა, სიტუაციის ჩაწყნარების შემდეგ კი “ლოკომტიველები” დააჯარიმა, ჯოგლიძემ დარტყმა ზუსტად შეასრულა და სხვაობის ერთ ლელომდე დაყვანით, მატჩს უდიდესი ინტრიგა დაუბრუნა.
აქ კიდევ ერთხელ უნდა მოვიშველიოთ საქართველოს ჩემპიონატის დებულება, რომელშიც წერია, რომ თუ ფლეი-ოფის შეხვედრა ფრედ დასრულდება, პირველ რიგში, გამარჯვება იმ გუნდს ენიჭება რომელსაც კონკრეტულ მატჩში მეტი ლელო აქვს გატანილი. თუ ეს მაჩვენებელი თანაბარია (ამ შემთხვევაში კი ანგარიშის გასათანაბრებლად “ლელოს” ლელო ჭირდებოდა და თუ ამას მოახერხებდა, ლელოებით ანგარიში 2:2 გახდებოდა), გამარჯვებულად ის გუნდი ცხადდება, რომელსაც შეხვედრაში მეტი ყვითელ-წითელი ბარათი აქვს მიღებული (იმ მომენტისათვის მხოლოდ ერთი სინბინი იყო, მსაჯმა ყვითელი ბარათი ლოკომოტიველ ზვიად მაისურაძეს უჩვენა), და თუ ეს მაჩვენებელიც თანაბარი იქნებოდა, მაშინ ფინალში რეგულარულ ჩემპიონატში პირველ ადგილზე გასული გუნდი, ანუ “ლოკომოტივი” გავიდოდა.
“ლელომ” სალელოვედ გაიწია, თოდუა ბურთიანად თავისი 22-დან დაიძრა, ფინტებით მეტოქის 22-ში შეაღწია, მაგრამ “ლოკომოტიველებმა” შებოჭეს, წამოშველებულ მორაგბეზე კი დამხვდური დაჯარიმდა. “ლელომ” ბურთის აუტში გადატანას და სალელოვე შეტევის წამოწყებას ნაღდი 3 ქულა არჩია და ჯოგლიძემ დარტყმა ზუსტად შეასრულა - 17:13. ახლა “ლელოს” ფინალში თამაშის უფლების მოსაპოვებლად გარდაუსახავი ჯარიმა სჭირდებოდა და მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე გაიბრძოლა, მაგრამ შეტევაში ორჯერ დაჯარიმდა და მცირე ფინალში ჩარჩა.
უნდა ითქვას, რომ ორივე თამაშში გულშემატკივრები საკმარისად აქტიურობდნენ, რაც შეხვედრებს დამატებით ლაზათს მატებდა. საქართველოს რაგბის კავშირის გადაწყვეტილებით, ფლეი-ოფის ორივე და მცირე ფინალის და ფინალურ შეხვედრას, ფრანგი მთავარი მსაჯი ემსახურება. აღსანიშნავია, რომ ოთხივე მატჩზე სხვადასხვა მსაჯი იქნება, ასე რომ, რომელიმე მათგანს ამა თუ იმ გუნდის მიმართ სიმპათია არ გაუჩნდება.
შეხვედრას საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ავსტრალიელი ტიმ ლეინი და მას ჩამოყოლილი ტონგოელი ფიტნეს-მწვრთნელი ჯონი ნამუ ესწრებოდნენ. ისინი საქართველოში დღეს გამთენიისას ჩემოვიდნენ, მაგრამ დრო არ დაკარგეს და ეროვნული გუნდისათვის კანდიდატების შერჩევას, აქედანვე შეუდგნენ.
ფლეი-ოფები. 30 ოქტომბერი
ყოჩები - აკადემია 46:14
ლოკომოტივი - ლელო 17:13
მცირე ფინალი. 4 ნოემბერი
ლელო – ყოჩები
ფინალი. 9 ნოემბერი
ლოკომოტივი – მცირე ფინალის გამარჯვებული
http://www.msofsport.com/more.aspx?id=13872
მიმაგრებული სურათი