ზელანდიამ ავსტრალია ზედიზედ მესამედ დასცა
ახალი ზელანდიიის მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, Bledisloe Cup-ისთვის გამართულ მე-4 შეხვედრაში, ავსტრალიის ნაკრები ჰონკონგში 19:14 დაამარცხა და 2008 წლის სერიაში მეტოქეს 3:1 სძლია.
ამრიგად, "ოლ ბლექსი" თასის მფლობელი ზედიზედ მეექვსედ გახდა, 1931 წლიდან მოყოლებული კი, ზელანდიამ Bledisloe Cup-ი 37-ედ მოიპოვა, მაშინ, როდესაც ავსტრალია ამ თასს სულ რაღაც 12-ჯერ დაეუფლა.
უნდა ითქვას, რომ ზელანდიელები თასს ყველა ვარიანტში შეინარჩუნებდნენ, რადგანაც, დებულების თანახმად, თუ თასის მფლობელი გუნდი, წლის სერიას ფრედ ასრულებს, თასს ინარჩუნებს. 2008 წლის განვლილი ოთხი შეხვედრიდან, ავსტრალიამ მხოლოდ პირველში იმარჯვა, როდესაც ზელანდია სიდნეიში 34:16 დასცა, მერე კი "ოლ ბლექსმა" ჯერ ოკლენდში 39:10, მერე ბრისბენში 28:24, ბოლოს კი ჰონკონგში 19:14 იმარჯვა.
მიუხედავად მარცხისა, ავსტრალიამ მეტოქეს თავიდან მედგრად შეუტია და ერთი ხანობა 14:6 დაწინაურდა, მაგრამ ზელანდიამ სიმშვიდე შეინარჩუნა, მე-2 ტაიმში პირველზე უკეთ ითამაშა, ბურთზე სრული კონტროლი დაამყარა და გამარჯვება დამსახურებულად მოიპოვა.
მთლიანობაში, თამაში წინა შეხვედრებივით კარგი საყურებელი არ გამოდგა. ორივე გუნდი აქცენტს ფეხით თამაშზე აკეთებდა და ბურთმა უმეტესი დრო ჰაერში გაატარა, ვიდრე მორაგბეთა ხელში და მაყურებელმა ამ გუნდებისთვის დამახასიათებელი გაშლილი თამაში ვერ იხილა.
გარკვეულწილად, თამაშზე გავლენა სველმა მოედანმაც იქონია. ორივე გუნდის მორაგბეები კონტაქტს ერიდებოდნენ, ავსტრალიელები აქცენტს აჩქარებაზე აკეთებდნენ და მიუხედავად იმისა, რომ ბურთს არცთუ ისე დიდხანს აკონტროლებდნენ, პირველ ნახევარში ორი ლამაზი ლელო გაიტანეს. სამაგიეროდ, ავსტრალიელები ზელანდიელებზე ხშირად ჯარიმდებოდნენ. პირველ ნახევარში ისინი მეტოქეზე შვიდჯერ დაჯარიმდნენ, ზელანდიამ კი თამაშის წესი მხოლოდ ერთხელ დაარღვია, ისეც მეტოქის ნახევარზე. სწორედ ზელანდიელთა დაცვაში ორგანიზებულმა თამაშმა განაპირობა ის, რომ შეხვედრა მათ სასარგებლოდ დასრულდა და ახლა, "ოლ ბლექსი" მომავალ ორშაბათს გამოსაქვეყნებელ რეიტინგში, მდევარს კიდევ უფრო მეტი სარეიტინგო ქულებით დაშორდება.
მთლიანობაში, ზელანდიამ იმ ტაქტიკით ითამაშა, რომელსაც გუნდები იშვიათად იყინებენ. ისინი, განსაკუთრებით პირველ ტაიმში, კონტაქტს მაქსიმალურად ერიდებოდნენ და უმეტეს შემთხვევაში, შეტაკებამდე ბურთს ფეხით იშორებდნენ, უკანახაზელები კი მის დაუფლებას და შეტევის გაგრძელებას ცდილობდნენ, საბოლოოდ კი, ყველაფერმა ამან ავსტრალიელთა ხშირი დაჯარიმება განაპირობა.
ავსტრალიელთაგან ორივე ლელო დრიუ მიჩელმა გაიტანა. პირველ შემთხვევაში, მათ ზეწოლა მარცხენა ფლანგზე, სტეფან დონალდსა და ჰოსე გარზე განახორციელეს, 6 ფაზიანი შეტევის შემდეგ, ბურთი მეტ ჟიტომ სისწრაფეში მოიხელთა, მეტოქის დაცვის ზღუდე გაჭრა და მიჩელს ლელო გაატანინა. ამას კარტერმა ორი ჯარიმით უპასუხა და სხვაობა მინიმუმადე შეამცირა – 6:7, მაგრამ თავი ისევ მიჩელმა გამოიდო - ლუკ ბურგასმა სწრაფი გადაწყვეტილება მიიღო, რამაც სმიტს გასაქცევად საკმარისი სივრცე მისცა, ლელო კი მიჩელმა მარცხენა ფლანგზე გაიტანა, რასაც ჟიტომ ელეგანტურად გარდასახვა მიაყოლა. მალევე ავსტრალიელები რაქში დაჯარიმდნენ და კარტერმა ჯარიმით პირველი ტაიმის ანგარიში დააფიქსირა – 9:14.
მეორე ტაიმში მოედანზე სულ სხვა ზელანდია გავიდა. ისინი უკვე კონტაქტში შესვლას აღარ ერიდებოდნენ და მეტოქეს ყველა კომპონენტში ჯაბნიდნენ, ამ ყველაფერმა კი, გუნდს დივიდენდები მალევე მოუტანა. ბურთის სწრაფმა დამუშავებამ და ელვისებურმა შეტევამ, სივავატუს ლელოს გატანის შესაძლებლობა მისცა და მიუხედავად იმისა, რომ კარტეს გარდასახვა გაუფუჭდა, ანგარიში თანაბარი გახდა – 14:14. ამის შემდეგ, ზელანდია კიდევ უფრო ორგანიზებულად ათამაშდა, აჩვენა ის, რაც პირველ ტაიმში არ უჩვენებია და ცხადი გახდა, რომ ლელოს გატანა დროის საქმეღა იყო. მისი დროც დადგა, სივავატუმ პატარა საოცრება მოახდინა, ავსტრალიელთა დაცვა გაჭრა და ლელო რიჩ მაკკიუს გაატანინა.
შეხვედრის გმირად ზელანდიელი სივავატუ დაასახელეს, რომელმაც ერთი ლელო თავად გაიტანა, მეორე კი თანაგუნდელმა სწორედ მისი ლამაზი, ეფექტური გარღვევის შემდეგ გაიტანა. საკუთარი გუნდის წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა სოიალომაც.
შეხვედრის მომენტად ავსტრალიელი ჟიტოს გარბენი აღიარეს, რომელიც მიჩელის ლელოთი დასრულდა.
ზურა ქსოვრელი
http://www.msofsport.com/more.aspx?id=13949