კავშირის საითზე აიტვირთება პიდიფი ფაილად გამოსაჩენ ადგილას
ისე, დიდი არაფერია და 16 გვერდად სამარიაჟოდაა გაწელილი
ეგ ყველაფერი ოლიმპის გვერდის ორ მესამედში მეწერა 8 მაისს
$$$ 08-05 მთელ მსოფლიოში, აგვისტოდან ... მხოლოდ ცამეტი
რაგბის საერთაშორისო საბჭომ (ირბ) კომპრომისი გამონახა: სამხრეთი ნახევარსფერო რომ ემხრობოდა ზე 14-ში უკვე დანერგილ საცდელ წესებს, ხოლო ჩრდილოეთი მათი შემოღების წინააღმდეგი იყო, დუბლინის ოფისმა 1 აგვისტოდან მთელ მსოფლიოში ოდენ 12 თვით აამოქმედა 23 სიახლიდან მხოლოდ 13 და მათ საბოლოო განაჩენს 2009 წლის ნოემბრის სხდომაზე გამოუტანს.
რაგბი ზე-რთული და საოცრად მრავალ-ფეროვანი თამაში რომაა, წესები ყველა სხვა ბურთაობაზე მეტი, ძნელად დასაცავი, გასაგები და გამოსაყენებელი აქვს. ამას გრძნობს და ხედავს მთელი რაგბეთი, რომელსაც აუდიტორიის გაფართოება და სარფის მატება სასიცოცხლოდ ჭირდება, მაგრამ დღე-მუდამ იმისი ფიქრიც აქვს, რომ წესთა გამარტივებით თამაშს უნიკალური იერი არ დაეკარგოს.
კანონმდებლებიც ამიტომ ფრთხილობენ. ირბ-ს ქარტიაში უწერია, თამაში ისე უნდა განვითარდეს, რომ შენარჩუნებულ იქნას ბალანსი შეტევასა და დაცვას, ბურთის მოპოვებასა და გამოყენებას შორის, რაც იმის გარანტია იქნება, რომ რაგბს რაგინდარა აღნაგობის ხალხი მიეტანება და იმ სიხარულს ეზიარა, ამ თამაშს დასაბამიდან, დედოფალ ვიკტორიას ხანიდან თან რომ ახლავსო.
იდეებს რა გამოლევს
რაც რაგბი გლობალურ შოუდ იქცა, (ტელე) ბაზარზე სხვა სპორტებთან უწევს მეტოქეობა. სხვები წესებს რადიკალურად არ (ან ვერ) ცვლიან, რადგან განვითარების რესურსი უკვე კარგა ხანია, ამოუწურავთ, რაგბს კი ახალ იდეებს რა გამოულევს. ჰოდა, ირბ-მა მსოფლიო თასის წინა ციკლში რომ შექმნა "წესების რეფორმის ჯგუფი", მასში სულ ნარჩევ ინტელექტუალებს მოუყარა თავი და "პროდუქტის გაკეთილშობილება" დაუდგინა ამოცანად.
ცხრა კაცმა არსებულ წესებს, ქარტიით ნებადართულ ფარგალში, თამამად შეუტია. სიახლეები თავიდან კეიპტაუნის შემოგარენში, უდიდესი ტრადიციის მქონე სტელენბოსხის უნივერსიტეტის პირველობაზე ისინჯებოდა, შემდეგ კი ექსპერიმენტები სხვაგან და სხვა დონეებზეც გაგრძელდა. მათგან უფრიადესია სამხრეთი აფრიკის, ახალი ზელანდიისა და ავსტრალიის საზიარო ჩემპიონატი ზე 14, რომელიც შუა თებერვალში დაიწყო და მაისის ბოლოს დასრულდება.
ლაპასემ ვითარება შეალამაზა
სამხრეთული რაგბი ყველაფერში მოწინავე რომაა, სიახლეს მაგიტომ გაუსინჯა პირველმა გემო, თუმცკი ფრთხილად. ზე 14-ში საცდელ სიახლეთა პაკეტის მხოლოდ მესამედი (!) შემოიღეს. თავიდან დასის ერთმა, მეტადრე კი აფრიკულმა ნაწილმა ალღო ვერ აუღო ნოვაციებს; თამაშიც გაჩქარებასთან ერთად გაქაოსურდა, მაგრამ თანდათან ყველაფერი დალაგდა. ერთი კია, მაგით ტრიბუნები არ შევსებულა, რამაც სამხრეთელი მამები აიძულა, ზე რაგბის დასისა და ფორმატის განახლებაზე სერიოზულად დაეწყო მუშაობა.
მაგრამ დავუბრუნდეთ წესებს. ირბ-ის ახალმა, ფრანგმა შეფმა ბერნარ ლაპასემ გარჯა დაუფასა რეფორმის ჯგუფს და ვითარებაც ცოტათი შეალამაზა, ესაო და აღმასკომზე ახალი წესების წინააღმდეგ არავინ გამოსულაო. არადა, ცალკეულ მწურთნელებსა და მოთამაშეებზე რომ არაფერი ვთქვათ, ინგლისისა და უელსის კავშირებს სიახლეთა გაგონებაც არ სურდათ, რადგან მათი აზრით, ახალ წესთა გადამკიდე რაგბი გაერთფეროვანდება და მოყვარულ მოთამაშეებსაც მასობრივად დაკარგავს, რაღაი ესენი გაზრდილ დატვირთვას ვერ აიტანენ.
სამი სხვადასხვა რაგბი
ირბ-ის აღმასკომში ერთ-სულოვნება რომ არ იყო, მთელ მსოფლიოში გამოსაცდელად ამიტომ აირჩა მხოლოდ 13 წესი. კიდევ სამი მარტო ევროპაში, მოელიტარულო დონეზე უნდა დამუღამდეს (სავარაუდოდ, "ჰაინეკენის თასზე" უმცროს "ჩელენჯ ქაფზე"), შვიდი კი რეფორმის ჯგუფს უკან მიუბრუნეს მამებმა გადასამუშავებლად და დამატებითი ანალიზისთვის, ოღონდაც დააყოლეს, არ იფიქროთ, რომ ხელაღებით ვიწუნებთ თქვენს ნააზრევსო.
ირბ-ის გადაწყვეტილებამ სრულიად რაგბეთი ხომ ააფორიაქა და ბობოლა სამხრეთიც დილემის წინაშე დააყენა. საქმე ისაა, რომ ზე 14-ში უკვე დანერგილი ზოგი წესი მთელ მსოფლიოში გამოსაცდელ ცამეტში ვერ მოხვდა. ირბ-მა სამხრეთელებს ამის გამო ნება დართო, საცდელ 12 თვეში აქამდე შეთვისებულ სიახლეთა გამოყენებაც განაგრძონ, მედიამ კი მოსწრებულად შენიშნა, რომ 1 აგვისტოდან მსოფლიოში სამი სხვადასხვა რაგბი იარსებებს:
გაგანია "სამ ერში"?
სამხრეთული (პაკეტის მესამედს პლუს 13 სიახლე), ჩრდილოური (ცამეტს პლუს სამი სათუო) და საყოველთაო (ოდენ 13 ნოვაცია). გარდა ამისა, ჩრდილოელთა ნაწილი ზოგ შეჯიბრს ამ წესებით ითამაშებს და ზოგსაც იმით, ხოლო სხვადასხვა ნახევარსფეროელი ბობოლები ერთმანეთს ან სულაც არიფებს რომ შეხვდებიან, დამატებით სიახლეთა დავიწყება მოუწევთ.
და კიდევ, სამხრეთის სანაკრებო "სამი ერი" 5 ივლისს იწყება და 13 სექტემბერს სრულდება. ჰოდა, ეგრე გამოდის, რომ ზელანდიამ, აფრიკამ და ავსტრალიამ ირბ-ის მიერ დადგენილ ვადაზე ან ორი თვით ადრე უნდა შემოიღონ ყველა სიახლე, ან არადა შუა შეჯიბრში გადავიდნენ ახალ წესებზე.
>>> საყოველთაოდ გამოსაცდელი 13 წესი [* მოქმედებს ზე 14-ში]
1*. თანა-მსაჯი (ყოფილი "კიდის მსაჯი") რეფს ანიშნებს თამაშგარესა და სხვა დარღვევებსაც
2*. კუთხის ალმის შეხება აუტი აღარაა, მაგრამ სარის ძირში ბურთის დამიწება კი მაინც "ლელოს კიდეზე გადასვლაა"
3*. თუ ბურთს შენს 22-ში ნებისმიერი ხერხით შეიტან და აუტში პირდაპირ (მიწაზე დაუცემლად) დაარტყამ, მოედანს ვეღარ მოიგებ
4*. კიდიდან სწრაფად შემოგდებისას შეგიძლია ბურთი უკან მიაწოდო (აქამდე მართობულად უნდა შემოგეგდო)
5. დერეფანში მეტოქის მოწოდებაზე რამდენსაც გინდა, იმდენ კაცს გაამწკრივებ (მაგრამ ძველებურად მინიმუმ ორს)
6. მიმღები (9 ნომერი) დერეფნიდან ორ მეტრზე უნდა დადგეს
7. თუ ამგდების მეტოქე 5-მეტრა ზოლში დარჩა, დერეფნიდან ორ მეტრზე უნდა დადგეს
8. ნებადართულია მხტომელისთვის ახტომამდე ხელის ჩავლება (მსაჯი ამას აქამდე არც უყურებდა!)
9. ნებადართულია მხტომელის აწევა (ბოლო დროს აღარც ამას დაგიდევდნენ)
10. ნებადართულია მოლის ჩაქცევა (ბურთიანის წაქცევით) - ვაგლახ, რომ ვეღარ ვათრევთ უღონო მეტოქეს!
11. შერკინებაში, რაქსა და მოლში გაუქმდა შეზღუდვა, თავი და ბეჭები საკუთარ გავაზე დაბლა არ გქონდესო (რეფი ამაზეც თვალს ხუჭავდა)
12*. შერკინებაში ჩაუბმელთათვის (9 ნომრის გარდა) თამაშგარეს ხაზი ბოლო ფეხიდან ხუთი მეტრით უკან გადის
13. შერკინებაში 9 ნომერი თუ მწყობრს მოშორდა, ხუთ მეტრიანი თამაშგარე ეხება
>>> ჩრდილოეთში დამატებით სასინჯი სამი წესი [ის, რაც თამაშს აქაოსურებს!]
1*. თამაშგარეს, ბოჭვაზე გვერდიდან შესვლისა და ბინძურად თამაშის გარდა, ყველა სხვა დარღვევა თავისუფალით ისჯება
2*. თუ ბოჭვაზე ბურთი ჩაგეხურა, თავისუფალი მეტოქეს ერგება
3*. თუ მოლში ბურთი გაგეჭედა, მეტოქეს (შერკინების ნაცვლად) ერგება თავისუფალი
<<< >>>
მიმაგრებული სურათი