ზაალის საიტიდან
http://www.geocities.com/RUGBY_KA/I7/13_Eu7-FNL.htmკავკასიურად მოიშვიდკაცეს დაგეგმილზე ბევრად უკეთ დასრულდა "ქართული შვიდკაცის" გერმანული ლაშქრობა: სახელდახელოდ შეკრებილმა გუნდმა საგაისო მსოფლიო თასის საგზური შაბათსვე დაიბევა, კვირას კი მესამე ადგილი დაიკავა და ცოტა დააკლდა, ფინალშიც იჩაუქებდა.
ჰანოვერში, ევრო-ფინალზე წასაყვანი გუნდი შვიდკაცის შეფებმა, კახა ალანიამ და გიორგი ასათიანმა მიზეზთა გამო ივლისის დამდეგსღა ჩამოქნეს და ვერც მთლად ოპტიმალურ შემადგენლობას მოუყარეს თავი, რადგან სამი, სიქა-გაწყვეტილი "ფრანგისგან" ასპარეზობაზე შინაურული უარი მიიღეს.
გუნდს დრო შესათამაშებლად ცოტა ჰქონდა, მაგრამ იმდენად გამორჩეულია ქართული სარაგბო ნიჭი და ბორჯღალით დამშვენებულ კვართსაც იმოტოლა ჯადო სდევს თან, რომ ბიჭებმა კავკასიური ჟინით პულში ზედიზედ გაასაღეს ოთხი ერთა-თასელი მეტოქე, პლეი-ოფში კი, რუმინელი რეფისგან მშრალზე მოტოვებულებმა, ირლანდია დაანგრიეს.
მსოფლიო თასი გაისად, მარტში, ჩვენსავე სასაათო სარტყელში მდებარე დუბაიშია. ტურნირის წინა ვიქენდზე საქართველო "ერთა თასზე" ესპანეთში რაგბობს, მომდევნოზე რუმინეთს იღებს, შემდეგ კი რუსეთში შეუსვენებლად გადის. აქედან გამომდინარე, თიმ ლეინის შეგირდებიდან საშვიდკაცოდ რომ არავის ეცლება, კონტინგენტის ორად გამიჯვნა დროულად უნდა მოხდეს.
ერთურთს მუსრი გაავლეს
შეჯიბრის წინა ინტერვიუებში ჩვენები შეხმატკბილებულად გაიძახოდნენ, ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ სტარტზე რუსეთთან რას ვიზამთო. და მართლაც, შვიდკაცისთვის ცოტა უჩვეულო, პინგ-პონგური თამაში კურიოზულადვე, 0:0 სრულდებოდა, ბოლო წუთზე რომ გაილაღა მეკო კვირიკაშვილმა და ისეთი ინერციაც აკრიფა, რომ ტურნირი ხუთი ლელოთი დაასრულა.
წარმატებამ ქართველებს ფრთები შეასხა და ბიჭებმაც გერმანული სიზუსტით, ტოლი შუალედებით დაგეგმილი დღე რიხინ-რიხინით გალიეს, ჩვენზე წინ განთესილმა კონკურენტებმა კი ერთურთს მუსრი გაავლეს და შემოგვეფანტნენ: რუსეთმა და რუმინეთმა ფრე გააგორეს; გერმანია ესპანეთს 17:0 უგებდა, მაგრამ წააგო; მერე მასპინძლებმა რუმინეთი ბოლო შეტევით დაალელოვეს, ფავორიტმა პორტუგალიამ კი რუსეთს გამოუყვანა წირვა.
შაბათს რომ დაღამდა და კვირა დილას ბოლო პულური რაუნდი დარჩა გასამართი, თასის ოთხივე ნახევარფინალისტი ცნობილი იყო: პორტუგალიას, უელსსა და საქართველოს ოთხ-ოთხი მოგება ეწერათ აქტივში, ირლანდიას კი თუმც უელსთან წაეგო, ორივე მდევარი (იტალია უკრაინა) უკვე ეძლია და ქულათა ტოლობისას მათ მაინც გაუსწრებდა.
კლოდი გერმანიამ გააბითურა
რაც მთავარია, დუბაიში ჰანოვერიდან ხუთი გუნდი რომ უნდა გასულიყო, თასზე მოხვედრილებს საგზური უკვე ჯიბეში ედოთ და კვირას ევროპის პირველობისთვისღა უნდა ებრძოლათ, ხავსის, ანუ სინის ჩაჭიდების შანსი კი ჩვენს ჩამორჩენილ პულელთაგან ოთხივეს რჩებოდა. ჰოდა, რომ განახლდა შეჯიბრი, ესპანეთმა დაიფრინა რუმინეთი, კლოდ სორელის მიერ გაწურთნილ რუსეთს კი გვარიანი ფორა (21:5) გაუბათილა გერმანიამ და ფიალაზე გაამწესა.
კვირას ბოლო პულური, არაფრის-მომცემი თამაში პორტუგალიასთან წავაგეთ, თასის ნახევარფინალში კი თავიდან 0:12 ჩამოვრჩით უელსს. მეორე ტაიმში კელტებს ვეძალებოდით, მაგრამ იმათ აქეთ დაგვიდეს მესამე ლელო. ჩვენებმა ბოლოსკენ ერთ ლელომდე (5 ქულა) შეამცირეს ჩამორჩენა, მაგრამ უფალი ბარგაუნაში გაგვიწყრა და ცენტრიდან აღარ გაგვაახლებინა თამაში.
ტურნირის საითის მტკიცებით, დრო კიდევ რჩებოდა, მაგრამ ორგანიზატორებს ეტყობა იმის დაშვებაც არ უნდოდათ, რომ დაგეგმილი ფინალი სათუო გახდომოდათ. ქართველებმა უელსის ჯავრი ირლანდიაზე იყარეს მესამე ადგილის მატჩში - მეტოქე ოთხჯერ ხომ დაალელოვეს და მუშტი-კრივისთვის ორმა ჩვენებურმაც მოიხილა სინბინი.
მეკო, შვიდკაცის ლიდერინახევარფინალი იმდენად ხისტი გამოვიდა, რომ ჩვენა და უელსს ოთხ-თოხი კაცი დაგვემტვრა. მანამდე, პირველ წყვილში, ორი ლელოთი დაწინაურებულ პორტუგალიას ბოლოს ორითვე უპასუხა ირლანდიამ, მაგრამ მეორე გარდასახვა გააფუჭა. ფინალში პორტუგალიამ მესამე ლელო კაცნაკლულმა მიითვალა და 26:0 დაწინაურდა, მერე კი მოეშვა და უელსმა ნულზე აღარ წააგო, ხოლო სხვაფრივ "ერთა თასმა" ორმაგი მარცხი აგემა წმიდათაწმიდა "ექვსი ერის" დედაბოძ კელტებს.
გერმანიამ ბოლო საგზური მაინც ვერ აიღო - სინის ნახევარფინალი წააგო მეტოქის შეცდომის მომლოდინე იტალიასთან. ფინალის პირველი ტაიმის შემდეგ ესპანეთი აძურს 17:0 უგებდა, მაგრამ მერე ამან ოთხჯერ დაალელოვა. შარშანდელ ჩემპიონ რუსეთს ფიალაღა ერგო, პორტუგალიას კი მეშვიდე გათამაშებაში მეექვსედაც (!) ვერ გამოუჩნდა ბადალი.
ტურნირის მოსახელე სპონსორ "პეჟოს" ფინალის გამართვა გაისადაც ჰანოვერში სურს. დახურვაზე, ადგილობრივი დროით ხუთზე, მოეწყო "ყვავილების ზეიმი". ჩვენს ბიჭებს ბარემ 40 გერმანიაში დასახლებული თანამემამულე ქომაგობდა.
მეკო მექულეებში მეორე ადგილზე გავიდა; მანვე მელელოვეებშიც მეორე პოზიცია გაიყო და ალბათ დუბაიშიც "ქართული შვიდკაცის" ლიდერი იქნება.