ალანიამ არჩევანი გააკეთა
3/2/2009 16:40:48
საქართველოს მორაგბეთა 7-კაცა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კახა ალანიამ, დუბაიში 5-7 მარტს გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატისთვის გუნდის საბოლოო შემადგენლობა დაასახელა და შეგირდებთან ერთად, არაბეთის გაერთიანებულ საემიროებს ეწვია.
ალანიას 13 მორაგბე ჰყავდა შერჩეული და კიდევ სამი, იმ შემთხვევისთვის მოიაზრებოდა, რომ თუ ვარჯიშისას ან ეროვნულ ნაკრებში თამაშისას რომელიმე მორაგბე ტრავმას მიიღებდა, მისი შემცვლელი სათანადოდ მომზადებული ყოფილიყო. საბოლოოდ, შემცვლელთა საქმეში ჩართვა საჭირო არ გახდა, “ძირითადის” 13 კაცს კი, ერთი - ირაკლი გეგენავა გამოაკლდა და დუბაიში შემდეგი მორაგბეები იბურთავებენ:
ვიქტორ კოლელიშვილი, ლაშა ხმალაძე, ალექსანდრე თოდუა (ყველა "ლელო"), გიორგი ჩხაიძე ("მეტრო რასინგი", საფრანგეთი), ბიძინა სამხარაძე ("ფარული", რუმინეთი), მერაბ კვირიკაშვილი ("მასი", საფრანგეთი), გიორგი შკინინი ("ხულიგანა", კაპიტანი), დავით ჩიტიძე, ლექსო გუგავა (ორივე "ლოკომოტივი"), გიორგი კაჭარავა, ალექსანდრე ნიჟარაძე, ჯაბა ბრეგვაძე (ყველა "ყოჩები").
ალანიას შემადგენლობაში მხოლოდ სამი ლეგიონერი იმიტომ ჰყავს, რომ 15-კაცა ნაკრები "ერთა თასის" შეხვედრებს მართავს და ტიმ ლეინმა სხვა ლეგიონერები 7-კაცასთვის არ გაათავისუფლა. თავის მხრივ, ფრანგული კლუბებიც ვალდებულნი არ არიან, რომ ესა თუ ის მორაგბე 7-კაცა ნაკრებში გაუშვან და გარკვეული როლი ამანაც ითამაშა. მადრიდში, ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ ეროვნული გუნდში ნათამაშებ მორაგბეთაგან, დუბაიში გიორგი ჩხაიძე, ბიძინა სამხარაძე და ალექსანდრე თოდუა იასპარეზებენ. პირველი ნაკრების წევრები არიან მერაბ კვირიკაშვილი და გიორგი შკინინი. თუმცა, კვირიკაშვილი საესპანეთოდ ლეინს გამოძახებული არ ჰყავდა, შკინინი კი, მადრიდში “ბორჯღალოსანთან” განაცხადში ვერ მოხვდა.
7-კაცა რაგბის მსოფლიოს ჩემპიონატი 4 წელიწადში ერთხელ იმართება და წლეულს ტურნირი მეხუთედ ტარდება. საქართველოს ნაკრებმა მონაწილეობა წინა ორ მსოფლიოს ჩემპიონატზე მიიღო - 2001 წელს არგენტინაში მე-10 ადგილი დაიკავა, 2005 წელს ჰონგ-კონგში მე-11. 2009 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშის უფლება, ქართველებმა 2008 წლის ევროპის ჩემპიონატზე ნაჩვენები კარგი შედეგით მოიპოვეს - ჰანოვერში მათ მე-3 ადგილი დაიკავეს.
ალანია იმედოვნებს, რომ საქართველოს ნაკრები წინა მსოფლიოს ჩემპიონატებზე ნაჩვენებ შედეგზე უარესად არ გამოთა. თუმცა, ამის მიღწევა ძალიან გაჭირდება. საქართველოს ნაკრები B ჯგუფში მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ ფიჯისთან, ბოლო დროს პროგრესის გზაზე მდგარ აშშ-სა და საფრანგეთის ნაკრებებთან ითამაშებს. გასულ წელს, ალანიას შეგირდებმა ორ მსოფლიო სერიაზე მიიღეს მონაწილეობა და როგორც დუბაიში, ასევე სამხრეთ აფრიკის ქალაქ ჯორჯში, 5-5 შეხვედრა წააგეს. სხვათა შორის, საქართველოს ნაკრები ფრანგებს ორჯერ შეხვდა და მძიმე ბრძოლებში დამარცხდა, აშშ-ს ნაკრებმა კი, ჯორჯში 38:0 გაგვანადგურა.
7-კაცა რაგბის მსოფლიოს ჩემპიონატზე 6 ოთხგუნდა ჯგუფია. ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ, თასისთვის ბრძოლას ჯგუფის პირველადგილოსნები და ორი საუკეთესო მეორეადგილოსანი განაგრძობს, 4 მეორეადგილოსანი და 4 საუკეთესო მესამეადგილოსანი ტურნირზე მეცხრე-მეთექვსმეტე ადგილებისთვის ითამაშებენ, ხოლო ორი მესამეადგილოსანი და ჯგუფის ბოლოადგილოსნები, მეჩვიდმეტე-ოცდამეოთხე ადგილებს გაითამაშებენ.
ზურა ქსოვრელი
ეკა ელოშვილის ფოტო
http://www.worldsport.ge/more.aspx?id=18728
მიმაგრებული სურათი