ლატვია 35 ქულით უნდა დავამარცხოთ!
თუ საქართველოს მორაგბეთა 7-კაცა ნაკრებმა, პოლონეთის ქალაქ სოპოტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ფინალური ტურნირის შესარჩევი ეტაპის ჯგუფის ბოლო შეხვედრაში, ლატვიის ნაკრები 35 ქულაზე მეტი სხვაობით დაამარცხა, მაშინ, თასის ნახევარფინალში უპრობლემოდ მოხვდება და საკუთარ აქტივში, მინიმუმ, 12 ქულა ექნება.
დავაკონკრეტოთ. ყოველწლიურად, ევროპის მასშტაბით, იმართება ევროპის ჩემპიონატის ფინალური ტურნირის 7 შესარჩევი ეტაპი. თითო გუნდი, 2 შესარჩევ ეტაპს თამაშობს და დაკავებული ადგილების მიხედვით, ქულები ერიცხება, რის შედეგადაც, 12 საუკეთესო 7-კაცა, ფინალურ ეტაპზე თამაშობს. საკვალიფიკაციო ტურნირებზე კი, ქულათა დარიცხვა ასეთი სისტემით ხდება: I ადგილი – 18 ქულა, II ადგილი – 16 ქულა, III ადგილი – 14 ქულა, IV ადგილი – 12 ქულა, V ადგილი – 10 ქულა , VI ადგილი – 8 ქულა, VII ადგილი – 6 ქულა, VIII ადგილი – 4 ქულა, IX ადგილი – 2 ქულა, X ადგილი – 0 ქულა.
საგულისხმოა, რომ ევროპის ჩემპიონატის ფინალური ტურნირი, რომელიც 12-13 ივლისს, გერმანიის ქალაქ ჰანოვერში გაიმართება, 2009 წლის 7-კაცა მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპიცაა. მსოფლიოს თასზე ევროპის 5 საუკეთესო გუნდი მოხვდება. თუმცა, საქართველოს ნაკრებს, მანამდე, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ტურნირზე მოხვედრა მართებს. ამისათვის კი, ქულათა საკმარისი მარაგის შექმნაა საჭირო.
საქართველოს ნაკრებისთვის, სოპოტის ეტაპი პირველი შესარჩევი ეტაპია, მე-2 ეტაპს კი, თბილისი უმასპინძლებს7-8 ივნისს.
პოლონეთში, საქართველოს ნაკრები B პულში პოლონეთის, ნიდერლანდების, ლატვიის და ნორვეგიის ნაკრებებთან მოხვდა. ამ პულში პირველ-მეორე ადგილზე გასული გუნდები, ნახევარფინალში A პულის პირველ-მეორე ადგილოსნებს შეხვდებიან, მე-3-მე-4 ადგილოსნები მე-5-მე-8 ადგილებისთვის იბრძოლებენ, პულის ნაბოლარები კი, ერთმანეთში ბოლოსწინა ადგილს გაითამაშებენ. A პულში ირლანდიის, შვედეთის, ლიტვის, დანიის და უნგრეთის ნაკრებები არიან თავმოყრილნი.
საქართველოს ნაკრებმა, პულის სადებიუტო შეხვედრაში ნორვეგია 19:0 დაამარცხა, მაგრამ მე-2 მატჩში, მოულოდნელად, ნიდერლანდის გუნდთან 12:14 დამარცხდა და ნახევარფინალში გასვლა სათუო გაიხადა. მე-3 შეხვედრა გადამწყვეტი იყო _ ქართველთა მეტოქე მასპინძელთა გუნდი გახლდათ, მაგრამ "ბორჯღალოსნებმა" პოლონელთა 12:0 დამარცხება მოახერხეს და ბოლო მატჩის წინ, პულში მე-2 ადგილზე არიან.
თითოეულ გუნდს, მოგებაზე 3, წაგებაზე კი 1 ქულა ერიცხება. პოლონეთმა 4-ივე შეხვედრა მოილია და ჯერჯერობით, პირველ ადგილზეა, საქართველოს ნაკრებმა კი, მხოლოდ 3 თამაში ჩაატარა და მე-2 საფეხურზე იმყოფება. ბოლო დღეს, ქართველებს ლატვიელთა 35 ქულაზე მეტი სხვაობით დამარცხება მართებთ და ისინი პირველ ადგილზე გადავლენ. ვერმოგების, ან მცირე სხვაობით მოგების შემთხვევაში კი, შესაძლოა, მათ მე-3 ადგილზე მყოფმა ნიდერლანდმა გადაასწროს.
პულში პირველ ადგილს სხვა დატვირთვაც აქვს. ამ შემთხვევაში, საქართველოს ნაკრები, სავარაუდოდ, ირლანდიასთან შესაძლო თამაშს ფინალამდე აიცილებს და ნახევარფინალში შვედეთს შეხვდება. მათი დამარცხება კი, ირლანდიაზე უფრო მეტადაა შესაძლებელი.
დღევანდელი შეხვედრების დასრულების შემდეგ, "მსოფლიო სპორტი", ნაკრების მენეჯერ გიორგი ასათიანს შეეხმიანა პოლონეთში.
- როგორ შეაფასებთ პირველ სათამაშო დღეს?
- პირველ დღეს, ყველაზე რთული შეხვედრა პოლონეთის ნაკრებთან გვქონდა – მათ ჩვენს ჯგუფში ყველაზე ძლიერი გუნდი ჰყავთ. მართალია, მანამდე ნიდერლანდებთან დავმარცხდით, მაგრამ ეს, უფრო მოულოდნელობა იყო. მას შემდეგ, ბიჭები პოლონეთთან მოედანზე უფრო მობილიზებულნი გავიდნენ და გამარჯვება მოიპოვეს, ჩვენზე გამწარებულმა პოლონეთმა, ნიდერლანდი დაამარცხა და ხვალ თუ ლატვია დიდი ანგარიშით დავამარცხეთ, პულში პირველ ადგილს დავიკავებთ.
- რამ გამოიწვია ნიდერლანდებთან მარცხი?
- პოლონეთამდე, ჩვენ ჰოლანდიაში, ამსტერდამის ტურნირზე ვიყავით, სადაც 10-ეულის ერთ-ერთმა მორაგბე დავით ჩიტიძემ, ტვინის შერყევა მიიღო და გეგმები აგვერია. მართალია, სხვა მორაგბეებიც არანაკლები შემართებით იბრძვიან, მაგრამ ჩიტიძე მაღალი ბიჭია და გადაკიდებულ ბურთზე კარგად იბრძვის. ფეხის ტრავმის გამო გამოგვაკლდა ფრიდონ უდესიანი. ამ ყველაფრის გამო, შეუთამაშებლები ვიყავით, ბიჭებს მაღალ დონეზე თამაშის გამოცდილებაც აკლიათ, თამაში არ წაგვივიდა, პირველი ლელო შემთხვევით გავუშვით და ნიდერლანდთან 1 გარდასახვით დავმარცხდით.
- პოლონეთს რის ხარჯზე აჯობეთ?
- პოლონეთთან ბიჭები მოედანზე მობილიზებულნი გავიდნენ. მთავარმა მწვრთნელმა კახა ალანიამ, მათ გარკვეული სიურპრიზები მოუმზადა, აბუსერიძემ თამაში დაალაგა და შედეგმაც არ დაახანა. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ გერმანიაში თამაშის უფლება მოვიპოვოთ, პოლონეთში კი აბუსერიძის, კაჭარავას და ახვლედიანის გარდა, გამოუცდელი მორაგბეები წამოვიყვანეთ. მათ დიდი პერსპექტივა აქვთ, თუმცა ამ შეხვედრებმა უნდა დაგვანახოს, ვის ექნება გერმანიაში წასვლის შანსი. თბილისის ტურნირისთვის რამდენიმე მორაგბეს დავიმატებთ და იქ, მხოლოდ მოსაგებად ვიბრძოლებთ, თუმცა კი, ჯერ სოპოტის ეტაპზე შევეცდებით მაქსიმუმის მიღწევას.
- რამდენად დიდია იმის შანსი, რომ ლატვიას 35 ქულაზე მეტი სხვაობით დაამარცხებთ. სოპოტში ხომ ამდენი ქულის მოგროვება ვერცერთ შეხვედრაში ვერ მოახერხეთ?
- ლატვიას, ალბათ, 35 ქულაზე მეტი სხვაობითაც დავამარცხებთ. ნორვეგიასთან გამართული შეხვედრა რომ გენახათ, მიხვდებოდით, რომ უფრო მეტი სხვაობით უნდა გვემარჯვა, მაგრამ გამოუცდელობამ ამის საშუალება არ მოგვცა. წესით, უფრო დიდი სხვაობით უნდა მოგვეგო. ახლა გუნდი შეთამაშებულია და ალბათ, სასურველ ანგარიშს მივიღებთ.
- პულში პირველ ადგილზე გასვლის შემთხვევაში, ალბათ, შვედეთს შეხვდებით.
- შვედეთს დაახლოებით ჩვენი დონის გუნდი ჰყავს, მაგრამ ჩვენ უფრო მაღალი კლასის გუნდი ვართ და თუ პულში პირველ ადგილზე გავედით, წესით მათთან მოგების მეტი შანსი უნდა გვქონდეს. დაძაბული თამაში იქნება, მაგრამ, შვედეთს ჟინით მაინც უნდა ვაჯობოთ.
- და თუ მაინც ირლანდიასთან მოგვიწია თამაში?
- ირლანდია აქ მყოფ ყველა გუნდზე ერთი თავით მაღლა დგას, მაგრამ ბიჭები ამბობენ, თუ მათ შევხვდით, მხოლოდ მოსაგებად ვიბრძოლებთო. 7-კაცაში ყველაფერი ხდება, შეიძლება ირლანდიას თამაში არ წაუვიდეს, ჩვენ კი პირიქით. ნიდერლანდებთან არც ჩვენ წაგვივიდა თამაში და ხომ შეიძლება იგივე ირლანდიასაც დაემართოს?
A პული
დანია – ირლანდია 0:47
ლიტვა – შვედეთი 21:31
ირლანდია – უნგრეთი 40:0
ლიტვა – დანია 21:19
შვედეთი – უნგრეთი 28:0
ირლანდია – ლიტვა 40:0
შვედეთი – დანია 40:0
ლიტვა – უნგრეთი 33:7
1. ირლანდია 3 3 0 0 +129 9
2. შვედეთი 3 3 0 0 +78 9
3. ლიტვა 4 2 0 2 -22 8
4. დანია 3 0 0 3 -89 3
5. უნგრეთი 3 0 0 3 -94 3
25 მაისი
ირლანდია – შვედეთი
უნგრეთი – დანია
B პული
ნორვეგია – საქართველო 0:19
პოლონეთი – ლატვია 33:0
საქართველო – ნიდერლანდი 12:14
პოლონეთი – ნორვეგია 43:17
ლატვია – ნიდერლანდი 5:31
საქართველო – პოლონეთი 12:0
ლატვია – ნორვეგია 14:5
პოლონეთი – ნიდერლანდი 22:5
1. პოლონეთი 4 3 0 1 +64 10
2. საქართველო 3 2 0 1 +29 7
3. ნიდერლანდი 3 2 0 1 +11 7
4. ლატვია 3 1 0 2 -50 5
5. ნორვეგია 3 0 0 3 -54 3
25 მაისი
საქართველო – ლატვია
ნიდერლანდი - ნორვეგია
http://www.msofsport.com/detals.aspx?id=7657